თქვენს ყურადღებასაც მასზე შევაჩერებთ, რადგან იქ ქართველებიც გამოვიდნენ და მედალოსნებიც გახდნენ - მათე სოფაძე (84) და შალვა გადაბაძე (96) მეორეზე გავიდნენ, გოგა დავითაძემ კი მძიმე წონაში ბრინჯაო მოიპოვა.
ამათგან ევროპის სამგზის ბრინჯაოსმედალოსანი გადაბაძე დიდი ხანია, აზერბაიჯანის ღირსებას იცავს, დანარჩენები კი საქართველოს სახელით გამოვიდნენ.
აქვე გეტყვით, რომ ესაა ღია პირველობა და მასში მონაწილეობა აზერბაიჯანულ კლუბებში მოჭიდავე უცხოელებსაც შეუძლიათ.
ჩვენებმაც ამ წესით ისარგებლეს - ორივე "ატასპორტის" ღირსებას იცავს,
ქართველების გარდა, იქაურ პირველობაში რუსები და ირანელებიც გამოდიოდნენ. პრიზიორთა შორის ირანელები ვერ მოხვდნენ, რუსთაგან კი მძიმე წონაში ჩვენებურთა თანაგუნდელმა მაქსიმ პროხოროვმა გაიმარჯვა.
სოფაძე ფინალში რაფიკ ჰუსეინოვთან დამარცხდა, რომელიც ევროპის ჩემპიონია, ოღონდ აქამდე 74-ში ჭიდაობდა, ახლა კი ზევით აუნაცვლებია.
აზერბაიჯანელებს დღემდე 84-ში ირანიდან გადმობირებული ქურთი მსოფლიოს პრიზიორი ჰასან სამან ტახმასიბი ჰყავდათ ლიდერად. ახლა კი ისიც 96-ში გადასულა, სადაც ფინალში გადაბაძეს მოუგო.
ქურთმა ჩვენებურს თავის დროზე 84-შიც წაართვა ადგილი, როცა ირანიდან ბაქოში გადაბარგდა. ახლა კი ისე ეტყობა, 96-შიც დაათმობინებს პოზიციებს.
შესაძლოა, ამით გადაბაძის აზერბაიჯანულ ეპოპეასაც დაუსვას წერტილი - ბოლო წლებში იქაურები მისით ისეც არ იყვნენ კმაყოფილები, რადგან შედეგს ვერ აჩვენებდა და ერთი პერიოდი ხელფასიც მოუხსნეს.
აზერბაიჯანში 2007 წლიდან წასულ გადაბაძეს ადაპტაცია გაუგრძელდა და პირველი ევროპული ბრინჯაო 2009 წელს მოიპოვა. ამას ისევ წარუმატებლობები მოჰყვა, მაგრამ 2011-12 წლებში კონტინენტის პირველობებზე კვლავ მესამეზე გავიდა, თუმცა ტახმასიბის აჩრდილი თან სდევს.
სამწუხაროდ, ტურნირების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციების წერა ჩვევად არც აზერბაიჯანულ საიტებს აქვთ და ვერ გეტყვით, ვისთან დამარცხდა დავითაძე, თუმცა ის შარშანაც გამოდიოდა იქ და მაშინაც მესამეზე გავიდა, ოღონდ - 96-ში.
სოფაძე და დავითაძე შაბათ-კვირას ამ ტურნირის გამო ვერ გამოვიდნენ საქართველოს ჩემპიონატში.
"სერხედჯშივე" გაიმართა "თავისუფალთა" პირველობაც, თუმცა იქ ჩვენები არ გამოსულან.
დაბოლოს, ერთი ინფორმაციაც იქაურთა შესახებ - ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანი და მსოფლიოს პრიზიორი ვიტალი რაჰიმოვი (66) კარიერას ასრულებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"