ფინანსური პრობლემების გამო დავით ჩაკვეტაძე რუსეთის ნაკრებში აპირებს გადასვლას

AutoSharing Option
ბერძენ-რომაელთა საქართველოს ჩემპიონატში ქუთაისელი დავით ჩაკვეტაძე (84) რომ არ გამოსულა, ოპერატიულად ვწერდით. მაშინ დაგპირდით, რომ ამ ფაქტს ისევ მივუბრუნდებოდით და დღეს თემის გაგრძელებას გთავაზობთ.

დავით ჩაკვეტაძე ბოლო წლებში 84 კილოგრამში ძლიერ კონკურენციას ქმნიდა - უფროსებსა თუ ახალგაზრდებში უმედლოდ არასოდეს რჩებოდა. შარშან ახალგაზრდებში ქვეყნის ჩემპიონი გახდა, უფროსებში კი მესამეზე გავიდა.

ამიტომ წლეულს მის გამოსვლას ერთგვარი ინტერესითაც ველოდით, თუმცა დედაქალაქში არ გამოჩენილა.

როგორც ქუთაისელმა მწვრთნელებმა გვითხრეს, ის თურმე რუსეთის ნაკრებში აპირებს გადასვლას და წინასაახალწლოდ ანუ ჩვენი ქვეყნის პირველობის პარალელურად მოსკოვში ყოფილა წასული.

ქუთაისელი მწვრთნელების თქმით, მისი წასვლის ძირითადი მიზეზი ფინანსური პრობლემებია - ვერ იღებდა სათანადო ანაზღაურებას, იქ კი გაცილებით მეტს შეჰპირებიან.

პირობებზე გარიგება არ გაუჭირდებოდათ - ჩაკვეტაძეს ხომ მოსკოვში თანაქალაქელები, რუსეთის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გოგი კოღუაშვილის და იმავე ნაკრების წევრი, ევროპის ორგზის და მსოფლიოს ჩემპიონი ამბაკო ვაჩაძე დახვდებოდნენ.

იმედია, საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია სასწრაფო რეაგირებას მოახდენს თავისი სპორტსმენის დასაბრუნებლად, რადგან ჩაკვეტაძე სჭირდება საქართველოს ნაკრებს.

ნუ დავიწყებთ იმის დათვლას, რამდენად ჰქონდა მას ეროვნულ გუნდში ლიდერობის შანსი, ვინ სჯობდა ან პირიქით, ვის უგებდა ახალგაზრდულ ნაკრებში - ამ ბიჭმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ სავსებით სამართლიანად აცხადებდა პრეტენზიას, კონკურენცია კი ჰაერივით სჭირდება ნებისმიერ წონას, ნებისმიერ ფალავანს.

სკეპტიკოსებს შევახსენებ, რომ თავის დროზე მანუჩარ კვირკველია საერთოდ ვერ ხვდებოდა ახალგაზრდულ ნაკრებში, ხოლო რამაზ ნოზაძეს ბოლო შანსი მისცეს, საბოლოოდ კი რა მწვერვალები დაიპყრეს ერთმაც და მეორემაც, კარგად მოგეხსენებათ.

ჩაკვეტაძის შემთხვევაში გორელი "თავისუფალი" ცოტნე ბარამიძეც გვახსენდება, რომელიც ჯერ ყაზახეთში წავიდა, მაგრამ იქაურ ნაკრებში დამკვიდრება ვერ შეძლო, ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის წესებით კი, რომელიც მოქალაქეობის შეცვლის უფლებას მხოლოდ ერთხელ იძლევა, ვერც საქართველოს ნაკრებში დაბრუნდა, ვერც სხვაგან გადავიდა და მისი ნიჭი შედარებით დაბალხარისხოვან შეჯიბრებებში იფლანგება.

ნამდვილად არ გვინდა, ჩაკვეტაძეს იგივე ბედი ეწიოს.

უფულო სათადარიგოები
სამწუხაროდ და სავალალოდ, ფინანსური პრობლემა, კონკრეტულად კი სათადარიგო ათლეტთა სოციალური დაცვა, მთელი სიმწვავით დგას ქართული სპორტის წინაშე.

იყო დრო, როცა ჩვენში ყველას ერთნაირად უჭირდა - ლიდერსაც და მის კონკურენტსაც, მოგვიანებით პრობლემა კი გამოსწორდა, მაგრამ რაღაც მახინჯი ფორმით - დაფინანსების მთელი სიმძიმე პირველ ნომერზე გადავიდა, დანარჩენებისა კი ოდნავ თუ გამოსწორდა.

ცხადია, სპორტის ყველა აქამდელი მმართველი მოგვედავება და გვეტყვის, რომ ისინი ყველაფერს აკეთებდნენ სათადარიგოთა სოციალური დაცვისთვის, მაგრამ ფაქტია - ქართული სპორტი თავკომბალას ჰგავს, სადაც ლიდერის ანაზღაურება აიწონის ყველა დანარჩენისას.

გვესმის, რომ ხელფას-პრემიები წარმატებების ანალოგიური უნდა იყოს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ კარგი კვება იმ სარეზერვოსაც სჭირდება, რათა მან ღირსეული სპარინგ-პარტნიორობა

გაუწიოს ლიდერს; რათა შეძლოს და მაღალი მიზნებისთვის საბრძოლველად მოამზადოს პირველი ნომერი. შედეგების კლების ერთ-ერთ მიზეზად ხეირიანი სპარინგების ნაკლებობაც მიგვაჩნია.

ვიდრე ახალგაზრდები არიან ან ძალიან მაღალ შედეგებზე არ გასულან, ანაზღაურებაში დიფერენცირება იმდენად არ ჩანს ხოლმე, რადგან ლიდერთა შედარებით დაბალი მოთხოვნებისთვის მომზადებას სარეზერვოები ამ პირობებშიც ახერხებენ - მათაც შედარებით ცოტა სჭირდებათ, მაგრამ, როცა ლაპარაკი ევროპისა და მით უფრო - მსოფლიოს ან ოლიმპიურ ჩემპიონობაზეა, აი, მაშინ იჩენს თავს ფინანასური განსხვავება.

ახალს არაფერს ვიტყვით, რომ მაღალ შედეგს მაღალ დონეზე კვება, სათანადო ვარჯიშები, სპეციალური მომზადება სჭირდება, მშიერი სათადარიგო კი ლიდერს ამ დონის სპარინგს ვერ გაუწევს. ამიტომაა აუცილებელი, რომ ხელფასით ორივე უზრუნველვყოთ.

მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში ახლაც ასეა და ვისაც ყოფილი საბჭოთა კავშირი ახსოვს, იქ ნაკრებში ყოველ წონაში 5-6 კაცი შედიოდა, რომლებიც ჩვეულებრივ ხელფასს იღებდნენ. ბუნებრივია, განსხვავება იქაც იყო, მაგრამ არა ასეთი.

ახლანდელი რეალობისგან განსხვავებით, ეს ლიდერთა მთელ სარეზერვო გუნდს მოგვცემს, რომელიც ლიდერის ტრავმის შემთხვევაში მუდამ სათანადო დონეზე იქნება მზად ნებისმიერ ტურნირში საჭიდაოდ.

ახლანდელი რეალობით პირველი ნომერი რომ დაშავდეს, მის შემცვლელს მოვალეობის მოსახდელად თუ წავიყვანთ, იმხელა სხვაობაა ლიდერსა და დანარჩენებს შორის. ცხადია, ახლებური მიდგომა კონკურენციასაც გააჩენს, რაც მყისვე დადებითად აისახება შედეგზე.

თან ფსიქოლოგიური მომენტიცაა - როცა სათადარიგო მოჭიდავე აქ იღებს 300-400 ლარს (ბევრ სახეობაში ესეც სანატრელია), ხოლო უცხოეთში 3-4-ჯერ მეტის შანსი აქვს, ყოველთვის ეცდება წასვლას.

უცხოეთში ამ პრობლემას დიდწილად საკლუბო ან მუნიციპალური დაფინანსება აგვარებს, ამგვარი რამ კი, სამწუხაროდ, ქართული მენტალიტეტისთვის დღემდე მიუღებელია.

შიდა მიგრაცია
ჩაკვეტაძეზე საუბრისას ქუთაისელებმა ერთი საგულისხმო ფაქტიც მითხრეს - ჩვენი უმცროსი ასაკის მოჭიდავეთა ნაწილი ბათუმში აპირებს სავარჯიშოდ გადასვლას, სადაც ხელფასებთან ერთად პრემიებსაც შეპირდნენო...

მათი თქმით, ქუთაისი ხელფასს კი უხდის ამ ბავშვებს, მაგრამ წარმატების მიღწევის შემთხვევაში პრემიებს ვერ აძლევს, რისთვისაც ბათუმი მზადაა. ბათუმელთა ნიადაგზე ერთგვარი შიდა მიგრაცია აქამდეც შეინიშნებოდა, თუმცა ჯერ მხოლოდ ოზურგეთელთა ხარჯზე, ახლა კი ამას, შეიძლება, ქუთაისიც დაემატოს...

ბუნებრივია, ბათუმელთა საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს - ისინი თავიანთ საქმეს აკეთებენ და საკმაოდ მაღალ დონეზეც.

მათ სასახელოდ ისიც მეტყველებს, რომ შექმნეს ისეთი სისტემა, რაც სხვებისთვისაც მიმზიდველია და საკუთრივ მათთვის შედეგიც მოაქვს.

ამისთვის მათ მიმართ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, მაგრამ გაგვკვირვებია სხვა ქალაქების თუ რაიონებისა, სადაც საკუთარ სპორტსმენებს ასე არ აფასებენ და იოლად ელევიან...

ვფიქრობ, ოზურგეთს არ უნდა გაუჭირდეს თავისი წარმატებული სპორტსმენების ადგილზე დამაგრება და იმ სკოლის სახელის ეჭვქვეშ დაყენება, რომელმაც მხოლოდ ბოლო წლებში იგივე კვირკველია, რევაზ ჭელიძე, ლაშა ლომაძე და კიდევ არაერთი წარმატებული სპორტსმენი გამოზარდა.

ძალიან ბევრი იქაური დღესაც აჭარის სახელით გამოდის, რაც საერთო საქმისთვის ცუდი არაა, მაგრამ ოზურგეთისთვის არა გვგონია, საამაყო იყოს. ძალიან ცუდი, თუ ამ სიტყვების გამეორება ქუთაისის მისამართითაც მოგვიწევს.

ვერ დავიჯერებთ, რომ წარმატების შემთხვევაში რომელიმე ქალაქს ერთი პრემიის გაცემის საშუალება არ ჰქონდეს. სამწუხაროდ, ჩვენთან სპორტი ჯერ კიდევ არ განიხილება პრესტიჟულ სოციალურ სფეროდ.

მაგალითად, იგივე რაიონები ბევრად უფრო მეტი ხალისით დააფინანსებენ სასწავლო ოლიმპიადებზე წამსვლელ იმავე ასაკის მოსწავლეთა გუნდებს, ვიდრე - სპორტულებს.

ვერ დავიჯერებთ, რომ თავის დროზე დმანისის გამგეობამ სახსრები ვერ გამოძებნა, რომ ახალგაზრდა სამბისტთა მსოფლიოს პირველობაზე გამარჯვებისათვის სლავა რეზესიძის წარმატება როგორმე აღენიშნათ - როგორც სამბოს ფედერაციისგან ვიცი, მსგავსი არაფერი მომხდარა.

ან რატომ არ უნდა აფინანსებდეს ასპინძა მშვილდოსან სანდრო აზნაურიძეს? თუმცა რამდენადაც ვიცი, ასპინძა კი ეხმარება მას და იქნებ ეს საყვედური არ ეკუთვნის, უბრალოდ, ზოგადად ვამბობ, რომ ამ რანგის სპორტსმენის დახმარება ნებისმიერი რაიონის ხელმძღვანელობის პრეროგატივა უნდა იყოს.

ალალად ვთქვათ - განა რომელიმე რაიონს და ბევრ სხვასაც რა შანსი აქვს, ცენტრალური პრესის ფურცლებზე მოხვდეს? მაქსიმუმ - კრიმინალურ ქრონიკაში მოხვდნენ, რაც არა მგონია, მათთვის საამაყო იყოს, აი, სპორტი კი სულ სხვაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
ანუ ვერ გავიგე ფულზე გაიყიდა თუ ადგილი ვერ აიღო ქართულ გუნდში?
მარა
27 ოქტომბერი 2016 01:25
0
ჩაკვეტაძის....
ნოე
16 აგვისტო 2016 12:49
0
ჩაკვეტაძე რუსეთში არ გადასულა ფინანსური პრობლემების გამო არც საქართველო გაუყიდავს,მოსკოვში ყავს ოჯახი ამ ბიჭს,დედმამა და დედმამიშვილი,მისი სურვილით წავიდა 9 კლასის მერე ქუთაისში ბებიასთან,იშრომა და ასახელა საქართველო,,ეს არ არის სამშობლოს გაყიდვა,პირიქით ,,ეხლაც ქართველია და არასოდეს არ უღალატნია მისი ქვეყნისთვის,მოქალაქეობა მიიღო რუსეთის სრულწლოვანი რომ გახდა,ეს არაა ღალატი ,იშრომეთ სადაც იქნებით და საქართველოს სახელი იქნება ყველა თქვენი წარმატება,,ბოღმით და კრიტიკით ნუ განსჯით ყველას!!!!
Katerina
22 აპრილი 2015 08:45
0
ჩაკვეტაძე ფინანსური პრობლემების გამო არ გადასულა მოსკოვში,,რუსეთის მოქალაქე გახდა,ვინაიდან მოსკოვში ცხოვრობს და მოსკოვში დაამთავრა სკოლა,მშობლები ყავს იქ და საკუთარი და,,
საქართელო
22 აპრილი 2015 08:31
0
ku2 დამრიგებლური ტონით ნუ მელაპარაკები. ნუ გგონია, რომ ჩემზე მეტი გესმის ამ ცხოვრების. მე არ მაქ ამბიცია, რომ სხვაზე მეტი ვიცი. თქვენ ნამდვილად გაქვთ.
ჩემი მტერია ის სახელმწიფო ვინც ტერიტორიები წამართვა. მოკლა უამრავი ჩემი თანამემამულე. ოკუპირებული აქვს ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი. და კიდევ დავამატებ ერთს, არ იყო მიშა, მეთვრამეტე, მეცხრამეტე საუკუნეში მაგრამ რასაც გვიკეთებდნენ მემგონი უნდა იცოდე. თუ არ იცი დაგეხმარები და გირჩევ როგორ მიიღო ინფორმაცია. როცა გაიგებ რა დანაშაული აქვს რუსეთს საქართველოს წინაშე ამ საუკუნეების განმავლობაში. მემგონი ცხადი გახდება რატომაა რუსეთი ჩევენი მტერი და მისი სახელით ვინც გამოვა მოღალატე. მე ვიმედოვნებ, რომ მიხვდები.
giorgi
13 იანვარი 2013 22:09
0
წავა აბა რას იზამს. შემდეგ შეიძლება საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობასაც მოკრას ხელი
baraqa
13 იანვარი 2013 20:51
0
გიორგი, იცი შვილო ვინაა შენი მტერი? და იცი რა არის თავისუფლება???
-- ჩვენი ახალგაზრდები მიშაია ბლეყეს ნათქვამს იმეორებდეთ და მასსავით აზროვნებდეთ, არაა ეს თავისუფლება!
ku2
13 იანვარი 2013 17:57
0
ჩვენ ქვეყანაში მართვის ზედა ეშელონებში ყოველთვის ნაძირალები იყვნენ და არიან შეყრილი.
--გამწარდნენ ბიჭები, ჩაკვეტაძე ისე წავიდა ფული ვერ გააკეთეს! ახლა კი იბოღმებიან, ვითომდა ქართულ სპორტზე შესტკივატ გული, შხამს ანთხევენ!
-- კაცს რომ უჭიდრა და პრობლემები ჰქონდა, მაშინ სად იყავით?
-- მაშინ არ გეცალათ, საკუთარი მუცლის გამოქონვისათვის ზრუნავდით, ხომ!!!
Shoda
13 იანვარი 2013 17:53
0
არ ჩანს ქუთაისზე ვინ წერს არასწორ და ვიტყოდი დემაგოგიურ ინფორმაციას, ქუთაისმა და მისმა თვითმმართველობამ რაც კი მთელს დასავლეთ საქათველოში თვითმმართველობებია ერთად აღებული იმდენი პრემია და ჯილდო გასცა და თუ ვინმეს არ ერგო ესე იგი შედეგი არ ქონდა და ვერ მიაღწია პრემიის მისაღებად საჭირო პირობებს. თუ გაინტერესებთ ნახეთ გაზეთი ლელო სადაც ქუთაისმა წლის საუკეტესო სპორტსმენები როგორ დააჯილდოვა და ტუ ვინმეს გული წყდება შედეგის მირწვით გააკრიტიკოს ქუთაისის და მისი სპორტის მესვეურები.
თენგო მახათაძე
13 იანვარი 2013 16:24
0
პირი ყველას აქვს და შესაბამისად ჭამაც ყველას უნდა. რათქმაუნდა ისეთი ხელფასი არ უნდა ქონდეს როგორის პირველ ნომერს, მაგრამ თავი რომ ირჩინოს ომდენი კი უნდა ქონდეს. ამ მთავრობის სირცხვილი იქნება თუ წავა. თუმცა არანაკლებ თავად უნდა იყოს დარცხვენილი, შენი მტრის დროშას რომ მოიხურავ და მერე ააფრიალებ. უბრალოდ ამ ადამიანმა არ იცის რაა არის პატრიოტიზმი, რაღა რუსეთს ეტაკა სხვა ქვეყანა ვერ ნახა? სირცხვილია რომ ქართულ გვარს ატარებს. ჯობია გვარი ჩაკვეტოვად გადაიკეთოს :D
giorgi
13 იანვარი 2013 15:58
0

სიახლეები პოპულარული