საქართველოს პირველობა ჭაბუკებში: ნაკრებთა ბირთვი ცნობილია

AutoSharing Option
ამ უქმეებზე სპორტკომპლექს "არენაში" ახალგაზრდა ბერძენ-რომაელთა საქართველოს პირველობა გაიმართა, რომელმაც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე წამსვლელ ნაკრებთა ბირთვი გამოავლინა.

გამომდინარე იქიდან, რომ სეზონის დასაწყისია, ამ შეჯიბრებისგან მაღალ დონეს არ მოველოდით, თუმცა სპორტსმენებმა სასიამოვნოდ გაგვაოცეს და საკმაოდ კარგი ტურნირი შემოგვთავაზეს.

ამ ნაკრებს თაობათა ცვლის პიკი წინა ორ სეზონში ჰქონდა, წლეულს კი შედარებით სტაბილური შემადგენლობა შემორჩა.

ვფიქრობთ, დიდწილად ამის გამოა, რომ ამჯერად არ გვინახავს ახალი კადრების ისეთი ზეობა, შედეგებში ისეთი განსხვავება ახლებსა და ძველებს შორის, რაც ამავე საჭიდაო სახეობებში ან ძიუდოში ვიხილეთ (უფროსების
ჩათვლით) - ძველებმა ფავორიტის სტატუსი ბოლომდე გაამართლეს და უმრავლეს წონებში მათ გაიმარჯვეს.

თუმცა გამონაკლისებიც იყო, როცა ჭაბუკთა ნაკრებიდან გადმოსულებმა ღირსეულად იბრძოლეს "მზის ქვეშ ადგილის" მოსაპოვებლად. ასე მოხდა, მაგალითად, 50-ში, 60-ში, 96-ში.

ახალი კადრია მძიმე წონაშიც - იაკობ ქაჯაია, ოღონდ ის სიახლე ამ წონაშია და არა ახალგაზრდულ ნაკრებში - შარშან იქ 96 კილოგრამში ევროპისა და მსოფლიოს ბრინჯაოსპრიზიორი გახდა.

ჩემპიონატმა დაადასტურა, რომ ამ გუნდს საკმაოდ კარგი ცვლა მოსდის ჭაბუკებიდან - ამ ასაკში ევროპის შარშანდელი გამარჯვებული ირაკლი შავაძე (50), ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი რამაზ ზოიძე (55), ევროპის ვიცე-ჩემპიონი კუკური კირცხალია (96), ხვიჩა ჭითავა (60) - მათი ნაწილი ჯერ ისევ ჭაბუკებში გამოდის, ნაწილმა კი შარშან დაასრულა იქ გამოსვლა.

ამ კვარტეტიდან ჭაბუკთა ნაკრებში გამოსვლას კვლავაც აგრძელებენ შავაძე და ზოიძე. ახლანდელი წარმატებით მათ ახალგაზრდებში გამოსვლის შანსიც მიეცათ, თუმცა პრობლემა ასაკია - ორივე 1996 წელსაა დაბადებული და საკითხავია, მისცემენ თუ არა 20-წლამდელებში გამოსვლის ნებას.

ეს პრობლემა უფრო აქტიურად შავაძის შემთხვევაში დგას, რადგან ის პირველ ნომრად იქცა, ზოიძემ კი ფინალი დათმო და აქ პირველი ნომერი ჩემპიონი ედნარ შავაძეა (55).

ირაკლი შავაძემ ლიდერობა ქუთაისელ დავით სანიკიანს ჩამოართვა, რომელთანაც ფინალში პირველი პერიოდი 0:1 დათმო, მაგრამ მომდევნოებში შთამბეჭდავად იასპარეზა - 4:1; 8:1 მოუგო!

ნაკრებს ამ წონაში წინა წლებში საკადრო პრობლემები ჰქონდა და თუ ჩემპიონს ახალგაზრდების ევროპა-მსოფლიოზე დაუშვებენ, ვინძლო, ეს კრიზისიც დასრულდეს; თუ არადა, ისევ სანიკიანმა უნდა გვიხსნას. მით უფრო, ამ წონაში ბრინჯაოსმედალოსნებიც 1996 წელს არიან დაბადებულნი.

ფრიად პერსპექტიული რამაზ ზოიძე, შედეგების გარდა, გამორჩეული იმითაცაა, რომ საშინაო ასპარეზზე ორივე სტილში ჭიდაობს და ქვეყნის პირველობაზე ჭაბუკებში "თავისუფლებშიც" იმარჯვა და - ბერძენ-რომაელებშიც.

ზემოხსენებული მსოფლიოსა და ევროპის ოქროების გარდა, მის ყულაბაში ევროპული ბრინჯაო და მსოფლიოს ვერცხლიცაა.

საინტერესოა, რომ ბოლო ორ წელიწადში ის ორჯერ გავიდა მსოფლიოს ფინალში და შარშან ბაქოში მსაჯებზე მასპინძელთა გავლენა რომ არა, ზედიზედ მეორედაც გახდებოდა მსოფლიოს ჩემპიონი!

ურიგოდ მას არც "არენაში" უჭიდავია, თუმცა ფინალში აშკარად გამოჩნდა, რომ ჯერ ასაკით უფროსებთან საჭიდაოდ მზად არაა - იქნებ ტექნიკა არ დაეწუნება, მაგრამ უფროსებთან საჯაჯგუროდ ფიზიკური მასა არ ჰყოფნის.

შავაძესთან მედგრად კი იბრძოლა და მხოლოდ ჩოქბჯენში დაუთმო ქულები, მაგრამ მეტოქის გამოცდილება მაინც აშკარად იგრძნობოდა.

ედნარ შავაძეც, ფირუზ წულუკიძეც (66), ახალგაზრდებში ევროპის შარშანდელი მესამეპრიზიორი რობერტ ქობლიაშვილიც (84), ქაჯაიაც და უკვე ლაშა გობაძეც (74) იმათ შორის არიან, რომელთაგანაც ქომაგი თუ სპეციალისტი ჩემპიონობას მოელოდა.

ამათგან შავაძე და ქობლიაშვილი დეკემბერში უფროსთა შორისაც გახდნენ საქართველოს ჩემპიონები და არაა გამორიცხული, წლეულს ეროვნულ ნაკრებშიც იჭიდაონ თბილისში გასამართ ევროპის პირველობაზე.

შავაძემ ახალგაზრდებშიც ისევე დამაჯერებლად და იოლად გაიმარჯვა, როგორც - უფროსებში. დიდი ჯაფა არც ქობლიაშვილს დასდგომია თანაქალაქელ ლევან ყუფარაშვილთან პაექრობაში - ორ პერიოდში მოუგო და ორივეში ჩოქბჯენში ივარგა.

ეტყობა, ეს კომპონენტი მისი კოზირია - პირველად მეტოქე ჩადგა დაბლა და ქობლიაშვილმა არათუ უპრობლემოდ აქაჩა ლეიბიდან, კომბინაციაში მიჰყვა და მანამ ატრიალა, ვიდრე ანგარიში 6:0 არ გახადა.

მეორე პერიოდში უკვე თვითონ ჩადგა ჩოქბჯენში, მაგრამ მსწრაფლ დაუსხლტა მეტოქეს და იქით გადაიყვანა ქულაზე... ვერ გეტყვით, ქობლიაშვილი ამ ილეთს რამდენად წარმატებით გამოიყენებს უცხოეთში, მაგრამ ამ მოძრაობაზე ბევრი რომ უმუშავია, ეტყობოდა მის გამოსვლას.

ჭაბუკებში ევროპის ორგზის ჩემპიონ წულუკიძეს დამატებითი დრო დასჭირდა ამავე ასაკში ევროპული ვერცხლ-ბრინჯაოს მფლობელ თანაქალაქელ შმაგი ბოლქვაძესთან.

არადა, საქმეს აქამდე არ მიიყვანდა, მეორე პერიოდში ჩოქბჯენში შემტევის უპირატესობა რომ შეენარჩუნებინა და ქულა მეტოქისთვის არ დაეთმო.

კიდევ კარგი, დამატებითში კვლავაც ძლიერად იჭიდავა და, პრაქტიკულად, უპრობლემოდ იმარჯვა, თუმცა ვისურვებდით, 2-3 წლის წინანდელი ფორმა დაიბრუნოს, როცა ოქროს უფროსებშიც შეეთამაშა - მას ბევრად მეტი შეუძლია.

საინტერესო გამოდგა მძიმე წონის ფინალიც, იმის მიუხედავად, რომ ქაჯაიას აშკარა უპირატესობით ჩაიარა. მსოფლიოს ჩემპიონ გურამ გედეხაურის შვილს, ჭაბუკებში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ზურაბ გედეხაურს ორჯერ ცხვირიდან სისხლი კი წასკდა და ექიმის დახმარებაც დასჭირდა, მაგრამ მის ჭიდაობას მთლად ტრავმას ვერ დავაბრალებთ.

მისგან განსხვავებით, ქაჯაიას ყველაფერი გამოსდიოდა და ფიზიკურადაც უკეთ ჩანდა მომზადებული.

აქაც ყველაფერი ჩოქბჯენის წესმა გადაწყვიტა - პირველი პერიოდის ბოლოს ქაჯაიამ კარგად დაიცვა თავი და ქულა არ დაუთმო, მეორეში კი იმავე პოზიციაში მშვენივრად გამოიყენა თავისი შანსი და პირველივე მისვლაზე რომ ასწია ლეიბიდან, მანამდე ატრიალა, სანამ ქობლიაშვილის დარად, ანგარიში 6:0 არ გახადა...

ჩემპიონატთან დაკავშირებით, სიამოვნებით უნდა შევნიშნოთ ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობის მონდომება, რომელმაც ტურნირის ორგანიზებულად ჩასატარებლად საგანგებოდ იზრუნა და გახსნის ცერემონიალიც შემოგვთავაზა თავისი ჰიმნითა და დროშის აწევით, რაც საშინაო პირველობებში ხშირად არ გვხვდება (არა მხოლოდ ჭიდაობებში).

თვით ჩემპიონატს და მის გეოგრაფიას რაც შეეხება, გამოვარჩევთ გარდაბნისა და სენაკის გუნდების წინსვლას, აჭარა კი კვლავაც ლიდერად რჩება.

დასასრულ, შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდებში ევროპის პირველობას წლეულს, 2-7 ივლისს, მაკედონიური სკოპიე უმასპინძლებს. სამწუხაროდ, მსოფლიოს პირველობაც მალევე იმართება - 13-18 აგვისტოს სოფიაში. ასეთი შემჭიდროებული კალენდარი კი მწვრთნელებს ორ-ორი შემადგენლობის ძიებას აიძულებს.

კვარცხლბეკი. ბიჭები
50 კგ. 1. ირაკლი შავაძე (აჭარა); 2. დავით სანიკიანი (ქუთაისი); 3. დავით ჩხარტიშვილი (ოზურგეთი), კახა ირემაძე (აჭარა).
55 კგ. 1. ედნარ შავაძე; 2. რამაზ ზოიძე (ორივე - აჭარა); 3. ბექა ბალანჩივაძე (წყალტუბო), ირაკლი ქადაგიშვილი (თბილისი).
60 კგ. 1. ხვიჩა ჭითავა (სენაკი); 2. რამაზ სურმანიძე; 3. მურად მიქელაძე (ორივე - აჭარა), ლაშა მარიამიძე (თბილისი).
66 კგ. 1. ფირუზ წულუკიძე; 2. შმაგი ბოლქვაძე; 3. ამირან შავაძე (სამივე - აჭარა), ლაშა ებილაშვილი (გარდაბანი).
74 კგ. 1. ლაშა გობაძე; 2. ტარიელ კეკელაშვილი (ორივე - აჭარა); 3. ზეზვა აბრამაშვილი (გარდაბანი), დავით კუჭაშვილი (ოზურგეთი).
84 კგ. 1. რობერტ ქობლიაშვილი; 2. ლევან ყუფარაშვილი (ორივე - გარდაბანი); 3. აკაკი კანდელაკი (თბილისი), ირაკლი კოვზირიძე (წყალტუბო).
96 კგ. 1. კუკური კირცხალია (სენაკი); 2. ბექა კანდელაკი; 3. ლაშა შალიკაშვილი (ორივე - თბილისი), ნუკრი ფერსელიძე (აჭარა).
120 კგ. 1. იაკობ ქაჯაია (წყალტუბო); 2. ზურაბ გედეხაური (გარდაბანი); 3. ზურაბ პატარიძე, გიორგი გულბიანი (ორივე - ქუთაისი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული