ბეგი დარჩია ძალებს ანაწილებს

AutoSharing Option
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები უკვე სტამბოლშია, სადაც ამ უქმეებზე ვები ემრეს სახელობის "ოქროს დიდი პრიზის" პირველი შეჯიბრება იმართება ჭიდაობის ამ სტილის მიმდევართათვის.

ნაკრების მთავარ მწვრთნელ ბეგი დარჩიას გადაწყვეტილებით, თურქეთში ნაკრების სათადარიგო შემადგენლობა გაემგზავრა, რადგან ლიდერებს ანუ საქართველოს ჩემპიონებს მწვრთნელი 23-24 თებერვალს უნგრულ სომბათჰეიში გასამართი ამავე რანგის მეორე ტურნირისთვის ინახავს, რომელიც ჩვენი ნაკრებისთვის ევროპის პირველობისთვის მზადების გზაზე სასტარტო იქნება.

ზურაბ კეკელიძე (55), ირაკლი ჭოჭუა, ქემალ ხარაბაძე (ორივე - 60), საჩინო დავითაია, მარადი აბულაძე, ანტონ მამაგეიშვილი, გოგიტა გოგიბერაშვილი (ოთხივე - 66),
გენადი გოგიშვილი, უშანგი ჩიტიაშვილი (ორივე - 74). ვალერი მურვანიძე, გიორგი ცირეკიძე, რევაზ ნადარეიშვილი (სამივე - 84), მიხეილ ქაჯაია, ჯონი მინაძე (ორივე - 96), შოთა გოგისვანიძე, ლევან არაბული (120) - ამჯერად სტამბოლში ესენი იასპარეზებენ.

როგორც ვხედავთ, დარჩიამ გუნდს თურქეთში საჩინო დავითაიაც გააყოლა - საქართველოს წლევანდელ ჩემპიონთაგან ერთადერთი.

ამის მიზეზი სატურნირო პრაქტიკის დეფიციტია - შარშან, როცა ახალგაზრდებში ევროპის ვიცე-ჩემპიონი ასაკობრივი ნაკრებიდან ეროვნულში გადმოვიდა, პრაქტიკულად, არსად უჭიდავია, ახლა კი, ინტენსიური სეზონის წინ, ეს ნაკლი როგორმე უნდა გამოსწორდეს.

დავითაია საუნგრეთო შემადგენლობაშიც მოიაზრება, ოღონდ იქ მისი ჭიდაობა დამოკიდებული იქნება ზედ უნგრული შეჯიბრების წინ მინსკში გასამართ მეორე შეკრებაზე - როგორ გაივლის მას.

დარჩიას სტამბოლში საქართველოს ჩემპიონთაგან კიდევ ერთი ახალგაზრდის - რობერტ ქობლიაშვილის (84) გაგზავნაც სურდა, თუმცა ამჯერად თავი შეიკავა. ქობლიაშვილი და საქართველოს ჩემპიონი ედნარ შავაძე (55) კვლავაც 20-წლამდელთა ნაკრების წევრები არიან და იმ გუნდთან ერთად გადიან შეკრებას. ჯერ არაა გადაწყვეტილი, რომელ ნაკრებში დარჩებიან ისინი.

სხვათა შორის, უფროსთა შემდეგ მათ ახალგაზრდებშიც მოიგეს საქართველოს პირველობა.
რაც შეეხება უნგრეთის ტურნირს, იქ ლაშა გოგიტაძე, რევაზ ლაშხი (ორივე - 60), საჩინო დავითაია (66), ზურაბ დათუნაშვილი, მანუჩარ ცხადაია (ორივე -74), რობერტ ქობლიაშვილი, ვლადიმერ გეგეშიძე (84), სოსო ჯაბიძე, ირაკლი ქაჯაია (96), სერგო გოგისვანიძე და გურამ ფერსელიძე (120) გამოვლენ. თუმცა კიდევ ერთხელ შევნიშნავთ, რომ იქ დავითაიას და ქობლიაშვილის ჭიდაობა ჯერ კიდევ არაა გადაწყვეტილი.

თურქეთშივე, ოღონდ ცოტა მოგვიანებით და სხვა ქალაქში - 9-10 თებერვალს ანკარაში იაშარ დოგუს სახელობის დიდ საერთაშორისო ტურნირში იასპარეზებენ ჩვენი თავისუფალი სტილით მოჭიდავეები.

ნაკრების მთავარ მწვრთნელ რევაზ მინდორაშვილის გადაწყვეტილებით, იქ გიორგი ედიშერაშვილი (55), ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (60), კონსტანტინე ხაბალაშვილი (66), დავით ხუციშვილი (74), დავით მარსაგიშვილი (84), ელიზბარ ოდიკაძე (96) და გენო პეტრიაშვილი (120) გამოვლენ.

დარჩიასი არ იყოს, 19-24 მარტს თბილისში გასამართავ ევროპის პირველობამდე დარჩენილი დროის სიმცირის გამო ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ტურნირში გამოცდას ვერც მინდორაშვილი ასწრებს. ამიტომ გუნდი მანაც ორად გაყო - ლიდერები ანკარაში იჭიდავებენ, სათადარიგოები კი 16-17 თებერვალს კიევში საერთაშორისო ტურნირში მოსინჯავენ ძალებს. თუმცა სათადარიგოებსაც გააჩნია.

მაგალითად, მძიმე წონაში ლონდონის ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი დავით მოძმანაშვილი და ახალგაზრდებში მსოფლიოს ვიცე და ევროპის ჩემპიონი გიორგი საკანდელიძე იჭიდავებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული