ქართველ "ბერძენ-რომაელთა" უნგრული წარმატება - "დიდმა პრიზმა" კარტები აგვირია

AutoSharing Option
საქართველოს ბერძნულ-რომაულად მოჭიდავეთა ნაკრებმა 8 მედალი მოიპოვა უნგრულ სომბათჰეიში ჩატარებულ "ოქროს დიდ პრიზზე" - 1 ოქრო, 3 - ვერცხლი, 4 - ბრინჯაო და გუნდური პირველობა.

ჩემპიონი მამუკა ქაჯაია (96) გახდა, ვერცხლის მედლებს რევაზ ლაშხი (66), რევაზ ნადარეიშვილი (84) და გურამ ფერსელიძე (120) დაეუფლნენ, ბრინჯაოსას - საჩინო დავითაია (66), მანუჩარ ცხადაია (74), ვლადიმერ გეგეშიძე (84) და სოსო ჯაბიძე (96).

ეს ტურნირი 19-24 მარტს თბილისში გასამართი ევროპის პირველობისთვის მოსამზადებელი უმნიშვნელოვანესი ეტაპია. სამწუხაროდ, ის მთლად უძლიერესი არ გამოდგა, რადგან რუსეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ბულგარეთი,
ბელორუსი და კიდევ რამდენიმე წამყვანი ნაკრები არ მონაწილეობდა.

ევროპირველობის სამზადისში გართულ გუნდებს ლიდერებიც აკლდნენ, თუმცა ძალების მოსასინჯად ნამდვილად ღირდა. მით უფრო, ჩვენთვის რამდენიმე ძალზე საინტერესო ფაქტიც მოხდა, რამაც შეიძლება, ევროპირველობაზე გასაყვანი გუნდის დაკომპლექტებაში მნიშვნელოვანი როლიც ითამაშოს.

მაგალითად, 96-ში ქაჯაიამ საქართველოს ჩემპიონი და წონის ლიდერი ჯაბიძე დაამარცხა, 84-ში კი ნადარეიშვილმა წონის შარშანდელ ლიდერსა და ლონდონის ოლიმპიადის მეხუთეადგილოსან გეგეშიძეს აჯობა.

შეგახსენებთ, რომ თვის დასაწყისში თურქეთში, ვები ემრეს პრესტიჟულ ტურნირში ნადარეიშვილი მეორეზე გავიდა, ქაჯაია - მესამეზე, ანუ მათ ამჯერად უშუალო კონკურენტებს ხომ მოუგეს, ფრიად სტაბილურადაც გამოდიან.

თან, საქართველოს პირველობაზეც მოიპოვეს ბრინჯაოს მედლები. მინსკში, ერთობლივ ვარჯიშებზე მათი წასვლა (რაც სპონსორთა დამსახურებაა), ხოლო მერე იქიდან უნგრეთში საჭიდაოდ გადასვლა თურქული წარმატების შემდეგ გადაწყდა.

* * *
სხვა წონებიდან ასევე აღსანიშნავია 74-ში განვითარებული მოვლენები - ქვეყნის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი ადრევე გავარდა, ამ წონაში ამონაცვლებულმა ოლიმპიურმა პრიზიორმა ცხადაიამ კი ფავორიტის სტატუსი იგდო ხელთ.

ამჯერად ზედა წონაში იასპარეზა ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონმა ლაშხმაც და არცთუ ურიგოდ, თუმცა ის ევროპის ჩემპიონატზე 60-ში გამოვა - ამ ეტაპზე მწვრთნელები ზედმეტად არ ტვირთავენ წონის დაკლებით.

აღსანიშნავია საჩინო დავითაიას წარმატებაც - მას საშეჯიბრო პრაქტიკა აკლდა და ამიტომ აჭიდავეს ახლა...

მისასალმებელია ფერსელიძის ფინალში გასვლაც, რომელსაც ტრავმების გამო საკმაოდ ბევრი გაუცდა...

ქაჯაიამ სომბათჰეიში 4 ბრძოლა ძირითად დროში მოიგო და მხოლოდ ჯაბიძესთან დასჭირდა დამატებითი. თავიდან ეგვიპტელი მოჰამედ ახმედი და უნგრელი ადამ ვარგა ერთნაირი ანგარიშით - 2:0; 1:0 დაამარცხა, თავისი ძმის - ირაკლი ქაჯაიას მომგებ მეორე მასპინძელს, გრიგორი რიზმაიერს კი 1:0; 3:0 აჯობა.

აი, სწორედ მესამე წრეში, ანუ ნახევარფინალში გადაიკვეთა მისი და ჯაბიძის გზები, რომელმაც მანამდე უკრაინელებს - ვოლოდიმირ ვასილიევსა და სერგეი იეროშკინს მოუგო.

ქართველთა პაექრობის პირველ პერიოდში უფრო მობილიზებული ქაჯაია აღმოჩნდა, რომელმაც ორი ქულა მოიპოვა და ანგარიში ბოლომდე შეინარჩუნა. სამაგიეროდ, ჯაბიძემ მოიგო მეორე პერიოდი და შეხვედრაც დამატებითში გაგრძელდა, სადაც ქაჯაიას აშკარა უპირატესობა გამოიკვეთა - 6:0, ანუ ქულებით სუფთა მოგება!

ფინალში ქაჯაიამ კიდევ ერთი ხმაურიანი გამარჯვება მიითვალა - მასპინძელთა მსოფლიოს ჩემპიონი ბალასც კისი ისევ ორ პერიოდში დაჯაბნა.

ჯაბიძემ ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ზემოხსენებულ ვარგას მოუგო ასევე ძირითად დროში.

* * *
ფინალამდე მძიმე გზა გაიარა ნადარეიშვილმა, რომელსაც თავშივე შეხვდა სერიოზული მეტოქე - ხორვატი მსოფლიოს პრიზიორი ნენად ზუგაი.

ბრძოლა მართლაც დაძაბული გამოდგა და დამატებითში გაგრძელდა. ჩვენებურმა მეორე პერიოდი დათმო მინიმალური ანგარიშით - 0:1. სამაგიეროდ, იმ ორში დიდი და თანაც ერთნაირი სხვაობით - 3:0 იმარჯვა.

აი, ამის შემდეგ დაეჭიდა გეგეშიძეს, რომელმაც მანამდე იაპონელი ტაიჩი ოკა დაამარცხა. ქართული ორთაბრძოლაც დამატებით დროში გაგრძელდა, პირველი პერიოდი კი გეგეშიძემ მოიგო - 1:0. კრიტიკულ ვითარებაში ჩავარდნილმა ნადარეიშვილმა შეძლო მობილიზება და მომდევნოებში 1:0; 2:0 გაიმარჯვა. ყურადღება მიაქციეთ - მან დამატებითში ქულა გააკეთა, ანუ ბრძოლით მოიგო და არა ბურთულით.

ნადარეიშვილმა მხოლოდ ყირგიზ იანარბეკ კუნეევს სძლია ძირითად დროში, შვედ ჯიმ პეტერსონთან კი, რომელმაც მანამდე უკრაინის სახელით მოასპარეზე ბექა ყარყარაშვილს აჯობა, კვლავ დამატებითამდე გაეჭიმა პაექრობა. საბედნიეროდ, გამარჯვება ისევ მას დარჩა (2:2; 0:3; 2:0) და თან ბოლო პერიოდში კვლავ ძლიერი ჭიდაობით.

ფინალში ჩვენებური უნგრელ ევროპის ჩემპიონ პეტერ ბასცისთან 0:2; 0:4 დამარცხდა. ამავე წონაში საქართველოს წლევანდელი ჩემპიონი რობერტ ქობლიაშვილიც ჭიდაობდა, რომელმაც ერთი შეხვედრა მოიგო და მერე წააგო, თუმცა ის ჯერ მაინც ახალგაზრდული ნაკრების წევრია და იმ გუნდში უწევს გამოსვლა.

* * *
ჩანს, ცხადაიას ჯერ კიდევ უჭირს ახალ წონასთან ადაპტაცია, რადგან უნგრეთში საკმაოდ გაუჭირდა - თავიდან შედარებით სუსტებთან, უკრაინელ მიკოლა სავჩენკოსა და მასპინძელ ბალინტ კოპრასისთან მოსაგებად მესამე პერიოდი დასჭირდა, ხოლო როგორც კი ძლიერს შეხვდა - ხორვატ მსოფლიოს პრიზიორ ნევენ ზუგაის, იქვე წააგო (0:3; 0:1).

ხორვატმა მანამდე შმაგი გულიაშვილიც დაგვიმარცხა, რომელსაც ცხადაიამ სანუგეშოს პირველ წრეში აჯობა, ბრინჯაოსთვის შეხვედრა კი ყირგიზ რუსლან ცილევს მოუგო.

ცხადაიას აქტივში ისიც ჩაეთვლება, რომ დათუნაშვილის (ის პირველივე წრიდან გამოვარდა) მომგებ კოპრასის სძლია.

* * *
შეიძლება ითქვას, ჩვენებმა დამაჯერებლად იასპარეზეს 66-ში, სადაც საევროპო კანდიდატი, ვფიქრობთ, გაირკვა - როგორც გითხარით, ლაშხი 60-ში დაიწევს, რაც დავითაიას 66-ში კონკურენტს მოაკლებს. ამიტომ კიდევ უფრო სასიხარულოა ამ ახალგაზრდა ფალავნის კარგი ასპარეზობა.

უნგრეთში ჩვენები მეორე წრეში შეხვდნენ ერთმანეთს, როცა წარმატებით გადალახეს პირველი ბარიერი. ორ პერიოდში ლაშხმა 1:0; 2:0 იმარჯვა. მერე მან სერბი მატე ნემესიც დაჯაბნა, ფინალში კი ლონდონის ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანსა და ევროპის ჩემპიონ უნგრელ ტამაშ ლორინცთან 0:1; 0:1 წააგო.

ეს ტურნირი დავითაიასაც რომ ეთვლება აქტივში, ამას სანუგეშოში მისი გამოსვლაც ადასტურებს - უკრაინელ ლენურ ტემიროვს 6:0; 3:0 მოუგო, ზემოხსენებულ სერბ ნემესს კი - 4:0; 7:0!

მძიმე წონაში ნაკრების თავკაცი ბეგი დარჩია ფერსელიძესთან ერთად სერგო გოგისვანიძესაც სცდიდა. ახალგაზრდა ათლეტი ჯერჯერობით ვერ ამართლებს იმედებს, თუმცა უნგრეთში წილისყრამაც გაწირა - პირველივე წრეში უკრაინელთა მომავალ ჩემპიონ ევგენი ორლოვს გადაეყარა, რომელსაც ფინალში ვერც ფერსელიძემ გაუწია წინააღმდეგობა; სანუგეშოში კი ძალიან ძლიერი უნგრელი, მსოფლიოსა და ევროპის არაერთგზის მედალოსანი მიშალ დეაკ-ბარდოსი შეხვდა.

ფერსელიძემ ფინალამდე სამი შეხვედრა მოიგო ძირითად დროში და მეტ-ნაკლებად დამაიმედებელი სურათი გვიჩვენა.

* * *
უნგრეთში უმედლოდ მხოლოდ ორ წონაში დავრჩით - ახალგაზრდული ნაკრების წევრი ედნარ შავაძეც (55) და ლაშა გოგიტაძეც (60) მეორე შეხვედრაში დამარცხდნენ. შავაძე სანუგეშოშიც გადაერთო და ფინალამდეც მივიდა, მაგრამ ბრინჯაოსთვის ბრძოლაც წააგო.

ჩვენი ნაკრები უნგრეთიდან სამშობლოში უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ ისევ მინსკში, "სტაიკების" ოლიმპიურ ბაზაზე დაბრუნდება, სადაც ამ შეჯიბრების წინ ერთობლივ შეკრებას გადიოდა.

ისინი იქ 10-დღიან შეკრებას გაივლიან, რომელიც ადგილობრივმა ქართველმა ბიზნესმენმა დააფინანსა, მერე კი სამშობლოში დაბრუნდებიან და საევროპო მზადების დასკვნით ეტაპს ბორჯომში გაივლიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ქართველ "ბერძენ-რომაელთა" წარმატება უნგრეთში
მკითხველის კომენტარები / 6 /
96 კილოგრამის ლიდერი ჯაბიძეა და კარგახანს დარჩება
mastera
00:59 03-03-2013
0
96 კილოგრამის ლიდერი ჯაბიძეა და მუდამ იქნება
mochidave
01:11 03-03-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული