სტუმართა გადახალისებული გუნდები - გოგი კოღუაშვილის სიურპრიზები

AutoSharing Option
თბილისში ევროპის ჩემპიონატზე წამოსაყვანი შემადგენლობა დაასახელა რუსეთის ბერძენ-რომაელთა ნაკრების ქართველმა თავკაცმა გოგი კოღუაშვილმა, რომელმაც გარკვეული ექსპერიმენტებიც შემოგვთავაზა.

ამის მიუხედავად, მას სამშობლოში იქაურ "თავისუფლებზე" ბევრად ძლიერი გუნდი ჩამოჰყავს, რადგან შემადგენლობაში ორი ოლიმპიური ჩემპიონი შეიყვანა - ლონდონში გამარჯვებული რომან ვლასოვი (74) და ათენის თამაშების მომგები ალექსეი მიშინი (84).

სხვა წონებში ბეკხან მანკიევი (55), ივან კუილაკოვი (60), ადამ კურაკი (66), ნიკიტა მელნიკოვი (96) და ალიხან აიუბოვი (120) იჭიდავებენ.

მოულოდნელობებიც ამ დანარჩენებშია - კოღუაშვილმა 55-60 კილოგრამებში იქაურთათვის საევროპოდ შესარჩევ ივან პოდუბნის მემორიალის ჩემპიონებს ვერცხლისმედალოსნები
ამჯობინა, მძიმე წონაში კი სულაც მესამე პრიზიორი დააყენა.

ამ ცვლილებების მიზეზზე ვერაფერს გეტყვით, რადგან რუსული ოფიციალური თუ არაოფიციალური წყაროები ამაზე არაფერს წერენ.

თუმცა ლიდერები ამ გუნდსაც აკლია - ლონდონის ოლიმპიადის ჩემპიონ ალან ხუგაევს (84), ვიცე-ჩემპიონ რუსტამ ტოტროვს (96) და მესამე პრიზიორებს - მინგიან სემენოვსა (55) და ზაურ კურამაგომედოვს (60) არც პოდუბნიზე უჭიდავიათ.

ზოგმა ეს ტრავმის გამო ვერ მოახერხა (ხუგაევი, ტოტროვი), ზოგი კი ისვენებდა, რაც ჩვენი ფალავნებისთვის კარგიცაა.

მაგალითად, რევაზ ლაშხმა (60) ლონდონის ოლიმპიადაზე ზაურ კურამაგომედოვს საკმაოდ იოლად მოუგო, კუილაკოვი კი იმაზე კიდევ უფრო სუსტი გვგონია.

ასევე ვფიქრობთ, რომ ვერც კურაკი შეედრება სიძლიერით მსოფლიოს ჩემპიონ ამბაკო ვაჩაძეს (ამბობენ, რომ ამან სულაც თავი დაანება ჭიდაობას) და მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიურ ჩემპიონ ისლამ-ბეკ ალბიევს, იმის მიუხედავად, რომ პოდუბნის ფინალში კურაკმა სწორედ მას სძლია.

* * *

გადახალისებული გუნდით ჩამოდის ბულგარეთის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიც, რომელსაც არ ეყოლება ბოლო წლების უცვლელი ლიდერები - მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი რადოსლავ მარინოვ ველიკოვი (55), ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს არაერთგზის მედალოსანი ანატოლი გუიდეა (60) და მსოფლიოს ჩემპიონი მიხაელ განევი (84). ამჯერად იქაურთა ღირსებას გეორგი ვანგელოვი (55), ვლადიმირ დუბოვი (60), ნიკოლაი კურცევი (66), ლეონიდ ბაზანი (74), ივან დელივერსკი (84), ლიუბენ ილიევი (96) და დიმიტარ კუმჩევი (120) დაიცავენ.

კიდევ უფრო მეტადაა გადახალისებული თურქ "თავისუფალთა" გუნდი: სეზერ აკგუელი (55), რეჯებ აკტაში (60), იაკუბ გიორი (66), სონერ დემირტასი (74), ხაკი ჯეილანი (84), მიურენ მუთლუ (96) და ტაჰა აკგუელი (120).

ამ ექსპერიმენტულ-ახალგაზრდულ გუნდში ტიტულოვანი მხოლოდ აკგუელები არიან - სეზერი მსოფლიოს 2009 წლის ვიცე-ჩემპიონია, ტაჰა კი ევროპის მოქმედი ჩემპიონია. ბედის ირონიით, მძიმეწონოსანი ზუსტად ჩვენთვის მნიშვნელოვან წონას "ურტყამს" - იაშარ დოგუს მემორიალზე გენო პეტრიაშვილი მასთან დამარცხდა, აი, თურქთა მეორე ლიდერ ფატიჰ ჩაკიროღლუს კი მოუგო.

თურქთაგან ჯეილანი წლეულს დავით მარსაგიშვილმა პატარა ბავშვივით აბურთავა დოგუს მემორიალის ფინალში, დემირტასი კი დავით ხუციშვილის "სავარჯიშო ტომარაა" ჯერ კიდევ ახალგაზრდული ნაკრებიდან მოყოლებული.

* * *

ლიდერები არც ბელორუს "თავისუფლებს" ეყოლებათ, სადაც თაობათა ცვლაც წავიდა - ოლიმპიადის შემდეგ ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორი რუსლან შეიხოვი (96) სპორტიდან წავიდა და ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე გადაინაცვლა, მსოფლიოს ჩემპიონი ალექსეი შემაროვი (120) და მსოფლიოსა და ევროპის მედალოსანი რივზან გაჯიევი (55) კი ისვენებენ.

თუმცა შეიხოვს ტიტულოვანი ფალავნები მაინც ბლომად ჰყავს: ევროპის ორგზის პრიზიორი ვლადისლავ ანდრეევი (55), ანდრეი კომარი (60), ალექსანდრ კონტოევი (66), ალი შაბანოვი (74), ევროპისა და ოლიმპიადის პრიზიორი მურად გაიდაროვი (84), ივან იანკოვსკი (96) და ვადიმ შვედოვი (120).

აქ ცოტა უცნაურია, რომ მძიმე წონაში შვედოვი დააყენეს და არა ევროპის პრიზიორი იგორ ძიაჩკო. ამ გუნდში ომარი, შაბანოვი და გაიდაროვი ზედა წონებში ჭიდაობენ.

* * *

უკრაინიდან გვეწვევა თანამემამულე გია ჩიხლაძე (74), ჯამბულ ცოტაძე (84) კი ამჯერად შემადგენლობაში ვერ მოხვდა. რამდენიმე ლიდერი უკრაინელ "თავისუფლებსაც" აკლიათ, ამჯერად კი იური ლედენევი (55), ნიკოლა აივაზიანი (60), ანდრეი კვიატკოვსკი (66), იბრაგიმ ალდატოვი (84), პაველ ოლეინიკი (96) და ალენ ზასეევი (120) გვეწვევიან.

ამათგან ვლადიმერ ხინჩეგაშვილსაც (60) ძნელი მეტოქეობა ელოდება აივაზიანთან და მარსაგიშვილსაც - ალდატოვთან, თუმცა ჩვენებურს მსოფლიოს ჩემპიონი დამარცხებულიც ჰყავს. არც ზასეევია საჩუქარი პეტრიაშვილისთვის - თებერვალში მასთან კიევის ტურნირზე, მართალია, ბურთულებით, მაგრამ მაინც დამარცხდა დავით მოძმანაშვილი.

* * *

ავსტრიელებს წინასწარ შემადგენლობაში დასახელებული ჰყავდათ ვინმე ლაშა ლეკიშვილი, თუმცა საბოლოოდ გუნდში მაინც არ შეიყვანეს. ალბათ, ბელორუსიდანაც გვესტუმრება ბერძენ-რომაელი ბესიკ ჩუგოშვილი (120).

დასასრულს, შევნიშნავთ, რომ რუსულ საიტებზე ჩვენგან ყველაზე მეტად ხინჩეგაშვილსა და მარსაგიშვილს უფრთხიან.

თვით ტურნირი 19 მარტს, 13 საათზე დაიწყება, ბილეთი კი ქვედა იარუსზე 3, ხოლო ზედაზე 1 ლარი ეღირება და ის მთელი დღის განმავლობაში იმოქმედებს. პირველ დღეს ვაჟთაგან 66 და 96-ის, ქალთაგან კი 48-ის წარმომადგენლები იასპარეზებენ.

გუნდების უმეტესობა უკვე ჩამოსულია თბილისში, დანარჩენები კი დღეს 18 მარტს გვესტუმრებიან. დღესვე სასტუმრო "რედისონში" ჭიდაობის ევროპული ფედერაციის (CELA) კონგრესი გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული