23 მარტს ოთხი ქართველი "ბერძენ-რომაელი" იჭიდავებს

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატში უკვე ბერძენ-რომაელები ჩაებმებიან - 23 მარტს 55, 60, 96 და 120 კილოგრამის ფალავნები იჭიდავებენ, დანარჩენები - 24 მარტს და ამით პირველობაც დასრულდება.

ლაშა გოგიტაძე (55) სტარტზევე მოხვდა ძლიერებში - პირველ შეხვედრას თურქთა ევროპის შარშანდელ მესამეზე პრიზიორ ფატიჰ უცუნცუსთან გამართავს, ამათში მოგებულს კი მეორე პაექრობაში შესაძლო მეტოქედ აზერბაიჯანელი ევროპის ორგზის და თანაც მოქმედი ჩემპიონი ელჩინ ალიევი ელის.

ამ კვარტეტში უძლიერესი ნახევარფინალში გადის, სადაც ბევრად სუსტს დაუპირისპირდება, რადგან იქ ტიტულოვანი არავინაა.

ჩვენი ლიდერი რევაზ ლაშხი (60) თავიდან სერბთა დებიუტანტ კრისტიან
ფრისს ხვდება. დიდად ძლიერი არც მეორე წრეში ელოდება, სადაც ყველაზე რეალური სავარაუდო კონკურენტი ნორვეგიელი ევროპის მედალოსანი, 30 წლის სტივ ანდრე ბერგია.

აი, მეოთხედფინალში კი, შესაძლოა, რუსი დებიუტანტი ივან კუილაკოვი შეხვდეს. მის მხარეს განსაკუთრებით ძლიერები არ არიან და არც რუსის ძლევა უნდა გაუჭირდეს.

სოსო ჯაბიძე (96) ჯერ უკრაინელ ვოლოდიმირ ვასილიევს დაუპირისპირდება, მეორე პაექრობა კი, შესაძლოა, სომეხთა ევროპის ჩემპიონსა და ოლიმპიურ პრიზიორ არტურ ალექსანიანთან გამართოს.

ჩვენებური უძნელეს ბადეშია - რუსი ნიკიტა მელნიკოვი, უნგრელი ბალასც კისი, აზერბაიჯანელთა შალვა გადაბაძე, თურქი ილდემ ცენკი... სიის გაგრძელება კიდევ შეიძლება, მაგრამ ესეც საკმარისია.

თუმცა ჯაბიძის უიღბლობა რა მოსატანია გურამ ფერსელიძესთან (120) შედარებით - პირველ წრეში ჭიდაობამ წონაში მხოლოდ მას მოუწია და იქაც წილისყრამ ესტონელი მსოფლიოს ჩემპიონი, ლონდონის ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი ჰეიკი ნაბი არგუნა.

თურქი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი რიზა კაიაალპიც მის მხარესაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული