2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო - ასეთია ჩვენებურთა ევროპული მონაგარი. კონტინენტის ვიცე-ჩემპიონები ზურაბ დათუნაშვილი (74) და ვლადიმერ გეგეშიძე (96) გახდნენ, გურამ ფერსელიძემ (120) კი ბრინჯაო მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ სამივემ პირველად დაიმსახურა მედალი ეროვნულ ნაკრებში.
გეგეშიძეც და დათუნაშვილიც მაღალ დონეზე მომზადებულნი შეხვდნენ ჩემპიონატს - ფიზიკურადაც, ტექნიკურადაც, არც გამძლეობა და სუნთქვა დაეწუნებოდათ და გრიალ
მაყურებელი თუ ვინმემ ასიამოვნა, უპირველესად - მათ, თუმცა ნურც ფერსელიძეს დავუკარგავთ კარგ გამოსვლას.
ფიზიკურ მომზადებაზე საუბრისას ისიც უნდა ვთქვათ, რომ ეს მათთვის იყო კარგი დონე, თორემ ფინალში ძირითადად ამ კომპონენტში დაიჩაგრნენ რუსებთან.
საშინაო ჩემპიონატში ოქროს გარეშე დარჩენა ორმაგად საწყენია და თავს იმით თუ დავიმშვიდებთ, რომ სამივე მედალოსანი სადღეისოდ ბეჭდაუდებელ ფალავანთან დამარცხდა და არა შემთხვევითთან. ანუ მოსაგები მოიგეს და ჩავარდნა არ ჰქონიათ.
რაოდენ საწყენიც უნდა იყოს, ორივე ფინალი რუსებმა, უნდა ვაღიაროთ, დამსახურებულად მოიგეს.
დათუნაშვილის პირველი მედალი
დათუნაშვილს თავისი აკრობატული, ზურგსუკან ხტომები ამჯერად არ გამოუყენებია, მაგრამ ჩვეულ შემტევ, სანახაობრივ სტილში კი იჭიდავა.
უკლებლივ ყველა შეხვედრაში შესაშურად აქტიური იყო - მუდმივად უტევდა, არ ჩერდებოდა და მეტოქის შეცდომაზე ჩასაფრებული არ ყოფილა, თავად ქმნიდა მომენტებს.
ის დგომშიც ასრულებდა გდებებს და ჩოქბჯენშიც. თან ამ კომპონენტში თავსაც კარგად იცავდა და ლამის ყველა შეხვედრაში ქულაზე ამოუძვრა მეტოქეს.
თამამად შეიძლება ითქვას, ფინალამდე ის საწვრთნელ ვარჯიშზე მისულ ათლეტს ჰგავდა, იმდენად იოლად მოუგო ყველას. ამის საილუსტრაციოდ ისიც გამოდგება, რომ დამატებითი დრო ტურნირზე არც კი დასჭირვებია.
ჩვენებურს წილისყრამაც გაუმართლა - პირველ წრეში ისვენებდა და ნახევარფინალამდე ისეთი არავინ ერგო, ვისიც შეიძლებოდა, შეგვშინებოდა.
ტურნირის მიმდინარეობამ კიდევ უფრო გაუმართლა - ნახევარფინალში სავარაუდო მეტოქეთაგან ყველაზე საშიში, აზერბაიჯანელი ევროპის ჩემპიონი რაფიკ ჰუსეინოვი ადრევე გავარდა და იმ ეტაპზე სწორედ ჰუსეინოვის მომგები გერმანელი პასკალ აისელე ერგო.
თუმცა მანამდე იყო ორი დამაჯერებელი მოგება უნგრელ ბალინტ კორპასისთან და ხორვატ ბოზო სტარკევიჩთან.
ხორვატთან პირველი პერიოდი იმით მოიგო, რომ სავალდებულო წუთნახევრის შემდეგ ჩოქბჯენიდან თავი არ დაატრიალებინა, ისე ამოუძვრა და დროის გასვლას კი არ დაელოდა, იქით გადაიყვანა ქულაზე.
მეორე პერიოდში ჯერ წრიდან გაიყვანა, მერე კი მეორედ არ დაანება ჩოქბჯენიდან დატრიალება და შეტევის დახურვით მეორე ქულა დაიმსახურა.
ხორვატსაც თავიდანვე შეუტია და დასაწყისშივე ორჯერ სცადა წრიდან გაყვანა, მაგრამ მხოლოდ მეორედ შეძლო - 1:0.
ამას მალე დაბლა ჩაყვანით კიდევ ერთი ქულა მიაყოლა. მომდევნო პერიოდში ქულა პასიური მეტოქის გაფრთხილებით მოიპოვა და ნახევარფინალში გავიდა.
გერმანელსაც არანაკლები დღე აყარა - ჯერ ისე ჩააყენეს სავალდებულო ჩოქბჯენში და ქართველმა უპრობლემოდ დაატრიალა - 2:0, მეორე პერიოდში კი კარგად შეუვარდა წელში და წრის გარეთ კვლავაც ორქულიანზე გაისროლა.
თუმცა დაცვაზე და ანგარიშის შენარჩუნებაზე არც უფიქრია, პირიქით - შეტევა ძველი ჟინით გააგრძელა და მალე კვლავ ჩაიყვანა დაბლა, თუმცა მაინც არ მოეშვა და დაატრიალა - 5:0.
* * *
22 წლის დათუნაშვილს ფინალში მეტოქედ ტურნირის ერთ-ერთი უმთავრესი ვარსკვლავი, თავისზე ერთი წლით უფროსი რუსი რომან ვლასოვი ერგო.
ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, რუსმა უკვე მოასწრო ყველაფრის მოგება - ევროპირველობა მეორედ იზეიმა, არის მსოფლიოსა და ლონდონის ოლიმპიადის ჩემპიონი.
ერთი სიტყვით, სახელოვანი ალექსანდრ კარელინის აღმზრდელმა ვიქტორ კუზნეცოვმა ხეზე ასვლა კარელინივით ამასაც ბოლომდე ასწავლა. დათუნაშვილის სასარგებლოდ კი უნდა ითქვას, რომ ტიტულებს არ შეუშინდა, ფარ-ხმალი არ დაუყრია და ფინალშიც ჩვეულებისამებრ იომა.
პირველ პერიოდში ერთხელ კისრულიც დაუპირისპირა, ერთხელ წრიდან გაყვანაც მოუნდომა, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ სადღეისოდ რუსი უძლიერესია და უახლოეს წლებშიც ასე დარჩება.
სხვა საკითხია, რომ ჩვენებური ჯანითაც ჩამორჩა და ძირითადად ამის შედეგია, როცა ჩოქბჯენში მომხდარი ჯერ ამან ვერ ასწია, მერე კი იმან დაატრიალა.
გეგეშიძის დაკარგული ჩემპიონობა
გეგეშიძე ფიზიკურად კიდევ უფრო უკეთ იყო მომზადებული და ჩოქბჯენიდან ისე თავისუფლად ატრიალებდა ხალხს, თითქოს პატარა კენჭებს ისროდა.
თან ძალიან კარგად ეკვროდა ჯვარზე, მერე კი გდება დროის საქმე იყო. მაგალითად, მოლდოველ ადრიან მოკანუს მინიმალური ანგარიშით მოგებული პირველი პერიოდის შემდეგ ასე შეკრა და ლეიბზე ჩაიყვანა, მერე კი მისდგა და მანამ ატრიალა აქეთ-იქით, ვიდრე სუფთა მოგებას არ მიაღწია.
ჩვენებურმა ჯერ კიდევ ოლიმპიადაზე აჩვენა მაღალი დონის ჭიდაობა, ხოლო მოლდოველთან ასე ძლევამოსილი მოგებით კიდევ უფრო განგვიმტკიცა რწმენა, რომ მეორე პაექრობაში ბულგარელ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ ჰრისტო მარინოვსაც დაამარცხებდა.
არც გაგვაწბილა - ჯერ კარგად დაიცვა თავი და ჩოქბჯენიდან არ ააქაჩინა, მერე კი იმის წელში შესვლის მცდელობას გაექცა და თვითონ გადავიდა ქულაზე ძალზე ჭკვიანურად.
ამას იქვე კიდევ ერთი ტრიალიც მიაყოლა, მაგრამ დრო ამოიწურა და მსაჯებმა ეს ქულები არ მისცეს.
ნახევარფინალში სომეხი ევროპის პრიზიორი არტურ შაჰინიანი დაუპირისპირდა. გეგეშიძეს აქამდეც ჰქონდა მასთან მონაგები - სწორედ მას წაგლიჯა ოლიმპიადის ლიცენზია, როცა ბოლო საკვალიფიკაციო ტურნირზე თავიდან აგებდა, მაგრამ დამთავრებამდე 3 წამით ადრე 3-ქულიანზე გაისროლა.
თუმცა სომეხისთვის ის წაგება არაფერია ახლანდელთან შედარებით - გეგეშიძემ ჩოქბჯენიდან დატრიალებული მეტოქე ბეჭებით გააკრა ხალიჩას და წმინდა მოგება მიითვალა.
* * *
ფინალში გეგეშიძესაც ძლიერი მეტოქე ერგო - ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი, 33 წლის რუსი ალექსეი მიშინი, რომელიც მეხუთედ გახდა ევროპის ჩემპიონი.
ლადოსაც უთუოდ აქტივში უნდა ჩავუთვალოთ, რომ ბოლომდე იბრძოლა და მცირე შეცდომა რომ არა, იქნებ ჩემპიონობაც ეზეიმა.
პირველ პერიოდში დაბლიდან თვითონ ვერ დაატრიალა, სამაგიეროდ, მეორეში კარგად დაიცვა თავი, ამოუძვრა კიდეც და შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანა.
იქაც ჩოქბჯენში ერთხანს კარგად იცავდა თავს, მაგრამ როცა ისევ მოუნდომა დახურვა, რუსმა ადრინდელი შეცდომა აღარ დაუშვა და ქულა მიითვალა.
გურამი და რიზა
23 მარტს მოჭიდავე ქართული კვარტეტის ერთადერთი ნათელი წერტილი ფერსელიძე იყო, თუმცა ოლიმპიადის თავდატეხილი პრობლემები მასაც ეტყობოდა - ტრავმებისა და გაცდენილი პერიოდის შემდეგ ვერ იყო სათანადო ფიზიკურ ფორმაში.
ამიტომ ჯვარიდან თავისი განთქმული უკუგდება მხოლოდ ერთხელ გამოიყენა, მაგრამ ისიც ვისთან - თვით თურქ რიზასთან!
მართალია, ისევ და ისევ არასაკმარისი ფიზიკური კონდიციების გამო ამჯერად მთლად ისე დახვეწილად ვერ გადააგდო, როგორც პოსტოლიმპიურ პერიოდში დაგვამახსოვრა თავი, მაგრამ 1 ქულა მაინც მიითვალა.
თურქი რიზა კაიაალპი ევროპის ორგზის და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ლონდონის ოლიმპიადის პრიზიორია.
ნახევარფინალში მასთან წაგებისთვის ვერც ფერსელიძეს დავძრახავთ - თურქმა 5:1-ზე ბეჭებზე დადო, როცა კონტრილეთზე დაიჭირა.
ფერსელიძემ პირველივე წრეში სერიოზული სენსაცია შემოგვთავაზა, როცა ესტონელი მსოფლიოს ჩემპიონი და ლონდონის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი ჰეიკი ნაბი დაამარცხა - 1:0; 1:0.
ხორვატ მარკო კოსევიჩსაც ორ პერიოდში აჯობა, ოღონდ უფრო დიდი უპირატესობით - 3:0; 5:1. სლოვაკ დავიდ ლენგელს 1:0; 3:0 მოუგო, ნახევარფინალი კი კაიაალპთან დათმო.
ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში მისი მეტოქე ბელორუსთა ქართველი ევროპის პრიზიორი იოსებ ჩუგოშვილი იყო.
ამ შეხვედრის ანგარიში - 1:0; 2:1 სრულად ვერ ასახავს ფერსელიძის უპირატესობას, რომელიც ყოველმხრივ დომინირებდა ლეიბზე და გამარჯვება ძალთა ზედმეტი ხარჯის გარეშე მოიპოვა.
წაგებულები
მანუჩარ ცხადაიას (66) ისევ დარია ხელი თავისმა სისუსტემ - სიჩქარემ და ძირითადად ამით წააგო რუსთა მომავალ ფინალისტ ადამ კურაკთან.
მასთანაც და სხვებთანაც რამდენჯერმე ისე წავიდა ილეთზე, გდება კარგად არ ჰქონდა მომზადებული.
კიდევ ერთი სენი, რომელიც კვლავ გამოავლინა, ზურგსუკან გდებებია - ამით ადრეც ბევრჯერ წაუგია და ახლაც ბლომად მოჰყვა იმავეზე, მათ შორის, კურაკთან და ბრინჯაოსთვის შეხვედრაში აზერბაიჯანელ ჰასან ალიევთან საბედისწერო აღმოჩნდა.
ქართველმა კურაკს პირველი პერიოდი 6:3 მოუგო, ალიევსაც უგებდა თავიდან, მაგრამ ანგარიში ვერ შეინარჩუნა.
თავიდან პოლონელ ტომაშ სვირკსა და ხორვატ დომინიკ ეტლინგერს უფრო თავისუფლად მოუგო, განსაკუთრებით - ხორვატს (9:1 მოუგო), სანუგეშოში მოლდოველ იონ ლუჩიტასთან კი უფრო გაუჭირდა.
ტურნირისთვის მანაც ბლომად დაიკლო - მოგეხსენებათ, წლეულს ის 74-ში ჭიდაობდა, თუმცა ეს მეთოდურად გააკეთა და წონის კლება იმდენად არ ეტყობოდა. რომ არა საკუთარი შეცდომები, მედალს ნამდვილად მოიპოვებდა.
ჩვენი გუნდის ლიდერმა, ევროპის შარშანდელმა ჩემპიონმა და ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანმა რევაზ ლაშხმა (60) ამ ტურნირისთვის დაახლოებით 7 კილოგრამი დაიკლო, რაც მის ჭიდაობაზეც თვალნათლივ აისახა - ფიზიკურად ძალზე სუსტად იყო.
მართალია, ნაკრების მწვრთნელმა ეს მარცხი ახალ წესებს დააბრალა, მაგრამ ლაშხი რეალურად დაიღალა.
ლაშა გოგიტაძემ (55) პირველივე შეხვედრა დათმო თურქთა მომავალ ბრინჯაოსმედალოსან ფატიჰ უცუნცუსთან და გავარდა, სტუმარი კი მეორედ დაეუფლა ევროპულ ბრინჯაოს.
სოსო ჯაბიძე (96) უკრაინელ ვოლოდიმირ ვასილიევთან მოგების შემდეგ სომეხთა მომავალ გამარჯვებულ არტურ ალექსანიანთან დამარცხდა.
სტუმარი ახალი გადმოსულია ახალგაზრდებიდან, თუმცა შარშან ჯერ ევროპის ჩემპიონი გახდა, მერე კი ლონდონის ოლიმპიადაზე მესამეზე გავიდა.
რიზა კაიაალპთან და ვლასოვთან ერთად ის ამ ტურნირის უპირველესი ვარსკვლავი იყო. ჯაბიძეს აქტივში ის თუ ჩაეთვლება, რომ 1:1-ით მეორე პერიოდი მოუგო სტუმარს, რითაც შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანა, თორემ ალექსანიანმა ესეც და დანარჩენი პაექრობებიც დამაჯერებლად, დიდი უპირატესობით მოიგო და დამსახურებულად გახდა ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ.
მწვრთნელის კომენტარი
ბეგი დარჩია: "შედეგით ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ, რადგან მეტიც შეგვეძლო, მაგრამ წესების ცვლამ იქონია გავლენა. წესები, პრაქტიკულად, რამდენიმე საათით ადრე შეცვალეს, რაც არ მიმაჩნია გამართლებულად.
ამან პირდაპირ იმოქმედა იმავე ლაშხის გამოსვლაზე, თორემ უმედლოდ არ დარჩებოდა.
მედალოსანთა გამოსვლას დადებითად ვაფასებ, რადგან პირველად მოიპოვეს მედლები, თუმცა გეგეშიძეს ოქროც შეეძლო".
ზურაბ დათუნაშვილი: "ჩემთვის მეორე ადგილიც წარმატებაა, თუმცა არც ჩემპიონობა იყო შორს. სამწუხაროდ, რაღაც მომენტში არ გამიმართლა და მეტოქემ მაჯობა. ძირითადად კლასის, გამოცდილებისა და უკეთესი ფიზიკური მომზადების ხარჯზე".
ვლადიმერ გეგეშიძე: "საწყენია, რომ გამარჯვების ასეთი შანსი გავუშვი ხელიდან, თუმცა ჩემთვის უფროსებში მოპოვებული პირველი მედალია.
დიდი მადლობა ქომაგს, მთელ საქართველოს და განსაკუთრებით - ჯარისკაცებს, რომლებიც ავღანეთში მიდიან. მშვიდობით დაბრუნებას ვუსურვებ მათ".
გურამ ფერსელიძე: "ჩემთვის პირველი მედალია და კმაყოფილი ვარ. ოლიმპიადაზეც დაგპირდით ჯილდოს, მაგრამ მაშინ ცოტა დამაკლდა - სპორტში იღბალიც საჭიროა.
მოსამზადებელ პერიოდში ტრავმა მქონდა და სათანადოდ ვერ მოვემზადე, ცოტა ფიზიკური მომზადება მაკლდა, მაგრამ ღმერთის წყალობით, უმედლოდ არ დავრჩი. დიდი მადლობა ყველა იმ ქომაგს, ვინც გვერდით მედგა - 90% მათი დამსახურებაცაა".
* * *
ტურნირის დასასრულს ევროპული ფედერაციის პრეზიდენტმა ცენო ცენოვმა და მისმა ქართველმა კოლეგა ლუკა კურტანიძემ ჩემპიონატის მაღალორგანიზებულად ჩატარებისთვის საჩემპიონო ქამრით დააჯილდოვეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი.
ცენოვისგან ანალოგიური ჯილდო კურტანიძემაც მიიღო, მედალოსნებმა და მწვრთნელ-მსაჯებმა კი საგანგებო ბანერზე ხელმოწერით პროტესტი გამოუცხადეს სოკ-ს ჭიდაობის ოლიმპიადის პროგრამიდან შესაძლო ამოღების შესახებ.
ანალოგიური თხოვნით სოკ-ს საპროტესტო წერილი ცნობილმა ქართველმა სპორტსმენებმა და კულტურის მოღვაწეებმაც გაუგზავნეს.
კვარცხლბეკი
55 კგ. 1. ელბერტ ტოჟიევი (ბელორუსი); 2. ელჩინ ალიევი (აზერბაიჯანი); 3. ბეკხან მანკიევი (რუსეთი), ფატიჰ უცუნცუ (თურქეთი); 10. ლაშა გოგიტაძე (საქართველო).
60 კგ. 1. ივო ანგელოვი (ბულგარეთი); 2. ივან კუილაკოვი (რუსეთი); 3. კამრან მამადოვი (აზერბაიჯანი), იშტვან ლევაი (სლოვაკეთი); 8. რევაზ ლაშხი (საქართველო).
66 კგ. 1. ტომაშ ლორინცი (უნგრეთი); 2. ადამ კურაკი (რუსეთი); 3. ჰასან ალიევი (აზერბაიჯანი), არტაკ მარგარიანი (საფრანგეთი). 5. მანუჩარ ცხადაია (საქართველო).
74 კგ. 1. რომან ვლასოვი (რუსეთი); 2. ზურაბ დათუნაშვილი (საქართველო); 3. ბოზო სტარკევიჩი (ხორვატია), იავორ იანაკიევი (ბულგარეთი).
84 კგ. 1. ალექსეი მიშინი (რუსეთი); 2. ვლადიმერ გეგეშიძე (საქართველო); 3. არტურ შაჰინიანი (სომხეთი), ნენად ზუგაი (ხორვატია).
96 კგ. 1. არტურ ალექსანიანი (სომხეთი); 2. ვლადისლავ მეთოდიევი (ბულგარეთი); 3. მელონინ ნოუმონვი (საფრანგეთი), ცენკ ილდემი (თურქეთი); 7 სოსო ჯაბიძე (საქართველო).
120 კგ. 1. რიზა კაიაალპი (თურქეთი); 2. ევგენი ორლოვი (უკრაინა); 3. გურამ ფერსელიძე (საქართველო), ვაჩიკ იეგიაზარიანი (სომხეთი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"