სამწუხაროა, რომ მეორე ჯგუფში გუნდის ლიდერები, ევროპის შარშანდელი ჩემპიონი და ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი რევაზ ლაშხი (60) და მსოფლიოსა და ოლიმპიური მედალოსანი მანუჩარ ცხადაია (66) მოხვდნენ.
ცხადაიამ ადრე კი დაიწყო დაკლება, მაგრამ იმხანად 80 კილოგრამს უკაკუნებდა და მაინც ბევრი დააგდო, თუმცა მის უმედლობას "ფიზიკას" ნაკლებად თუ დავაბრალებთ, უფრო საკუთარი შეცდომებით წააგო. აი, ლაშხი კი სხვა საქმეა
ალბათ, აჯობებს, მოსამზადებელ ციკლში ყველამ საკუთარ წონაში იჭიდაოს და მუდმივად აკონტროლოს წონა - ასე ორგანიზმსაც დაიცავენ ისეთი მკვეთრი რყევა-შეჯანჯღარებისგან, რაც წონის დაკლებას ახლავს ხოლმე, სხეულიც ისვენებს და არსებულ რეალობას ეჩვევა, ხოლო ფალავანი - მეტოქეებს.
თან სპორტსმენიც მუდამ მობილიზებული იქნება, ყოველთვის ფორმასა და რეჟიმში. ასევე, კარგი იქნება, მწვრთნელი თამამად ენდოს ახალგაზრდებს, განსაკუთრებით - ქრონიკულად ჩავარდნილ წონებში. თან საერთაშორისო ტურნირების შედეგს მეტი ყურადღება უნდა მიექცეს.
თუმცა ამ თემაზე საუბრისას ერთი კვიმატი საკითხიც იკვეთება - ბეგი დარჩიას უნგრული ტურნირის მიხედვით რომ დაეკომპლექტებინა გუნდი, მაშინ ევროპის მომავალი ვიცე-ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი (74) შინ უნდა დაეტოვებინა, რადგან იქ ცხადაიამ გაუსწრო.
ოღონდ აქ არის ერთი "მაგრამ" - ქომაგების და მედიისგან განსხვავებით, მწვრთნელი შეგირდებს ყოველდღიურად ხედავს შეკრებებზე და უფრო უკეთ ამჩნევს, ვინ როგორ ფორმაშია.
არადა, დათუნაშვილი ევროპაზე ისე გამოვიდა, შეუძლებელია, შეკრებაზე ცუდად წარმოეჩინა თავი.
ეტყობა, დარჩიამაც ამიტომ დააყენა გუნდში და ცხადაიასაც ამიტომ დააკლებინა. თან, აშკარაა - მან შედეგზე გააკეთა აქცენტი და უფრო გამოცდილებს ენდო.
მედალოსნები
ბეგი დარჩიას საკითხი როგორ გადაწყდება, ვერ გეტყვით, მაგრამ მან მედალოსანთა მაგალითზე კიდევ ერთხელ დაამტკიცა, კონკრეტული ტურნირისთვის ფალავანთა მომზადება რომ ხელეწიფება.
საწყენია, ეს მთელ გუნდზე თუ ვერ გავრცელდა, თორემ დათუნაშვილი და გეგეშიძე, უდავოდ, კარგ ფორმაში იყვნენ, ასევე - ფერსელიძეც, თუმცა მას გადატანილი ტრავმის კვალი მაინც ეტყობოდა...
ალბათ იკითხავთ, ფორმაში თუ იყვნენ, ჩემპიონები რატომ ვერ გახდნენო. შეიძლება ითქვას, სამივე მედალოსანი გადაულახავ ბარიერს შეასკდა.
განსაკუთრებით - დათუნაშვილი და ფერსელიძე, თორემ მათთან შედარებით გეგეშიძეს გამარჯვების ოდნავ მეტი შანსი უჩანდა რუსთა ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ ალექსეი მიშინთან.
იმედს ის გვაძლევდა, რომ ჩვენებური 33 წლის მიშინზე მთელი 7 წლით ახალგაზრდაა და თან ფიზიკურად მშვენიერ ფორმაში იყო.
შეხვედრის მიმდინარეობამ, უფრორე კი მოგებულმა მეორე პერიოდმა, ეს იმედი კიდევ უფრო განგვიმტკიცა, მაგრამ საბოლოოდ გეგეშიძე მასზე ბევრად გამოცდილსა და უკეთეს "ფიზიკოსს" შეასკდა.
ჩვენებურს ჯერ კიდევ აკლია გამოცდილება, რითაც აჯობა მიშინმა. თან რუსი ფიზიკურადაც უკეთეს ფორმაში იყო.
საკმარისია აღინიშნოს, რომ მან ფინალამდეც სამჯერ დაიცვა თავი ჩოქბჯენში. გეგეშიძემ ოლიმპიადის შემდეგ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი ფალავანია. საამისოდ კი მას სწორედ მიშინისნაირ წნეხში ხშირ-ხშირი ჩაგდება აკლია, თორემ მასზე დაბალი დონის მეტოქეები აქეთ-იქითაც აფრიალა და კიდეც "დატუშა".
დათუნაშვილი ჯერ კიდევ ოლიმპიადის წინა პერიოდიდან იქცა ამ ნაკრების იმედად და ახლაც გაგიხარდებოდათ, ისე საამურად იჭიდავა.
მას ვერაფრით დავძრახავთ ყველაფრის მომგებ რომან ვლასოვთან წაგების გამო, ვინაიდან ბევრი კარგი თვისება გამოავლინა.
23 წლის რუსი ნამდვილი ტალანტია. ამ ასაკში თვით მიშინიც არ ყოფილა ამ დონის ვარსკვლავი.
ვლასოვის ნახევარფინალური შეხვედრისას ტრიბუნაზე სახელოვანი ვალერი რიაზანცევის გვერდით აღმოვჩნდი, რომელმაც თავისი ფალავანი ასე დაახასიათა - ის თავით მუშაობს, ხელები მხოლოდ ეხმარებაო.
ვლასოვი მართლაც უჭკვიანესი მოჭიდავეა, ილეთის საოცარი ალღოთი და დიდი შრომისმოყვარეობით. თან, გავითვალისწინოთ, რომ ახლა სამხედრო სამსახურშია - "სპეცნაზში", იქ კი რა დონის ფიზმომზადებას გაივლის, იოლად წარმოიდგენთ.
ვიმედოვნებთ, ზაზა ჯიბლაძის და ვაჟა კრავეიშვილის დაფრთიანებულმა ფერსელიძემ საბოლოოდ ირწმუნა საკუთარი შესაძლებლობები, რადგან ოლიმპიური ბრინჯაოს შემდეგ ევროპული ბრინჯაოსთვის იჭიდავა, ამჯერად - წარმატებითაც.
დათუნაშვილის არ იყოს, ისიც დაუძლეველ ბარიერს შეასკდა - თურქ რიზა კაიაალპს მხოლოდ კუბელი ოლიმპიური და მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი მიჯაინ ლოპესი ამარცხებს.
აღსანიშნავია, რომ ჩვენებურმა ლონდონშიც მასთან წააგო ბრინჯაოსთვის შეხვედრა. კაიაალპს სტამბულიდან 40-კაციანი სანათესაო ჩამოჰყვა საქომაგოდ, რომლებსაც აქ მცხოვრები თურქებიც შეუერთდნენ და დარბაზში ფოტოიანი უზარმაზარი პლაკატიც გამოუფინეს...
რიზა თავს ლამის შინ გრძნობდა. მით უფრო, როგორც მის ქომაგთაგან ერთმა, იქაურმა ქართველმა გვითხრა, დედა ნახევრად ქართველი ჰყოლია. ის პირველად რამდენიმე წლის წინ ყოფილა საქართველოში ჭაბუკთა ტურნირზე და მაშინ დედის ფაქტორის გამო საყველპურო ქართულიც დაუსწავლია.
მედალოსანთა ქართული ტრიოს სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ასეთ ძლიერ მეტოქეებთან ბოლომდე, ჟინით იბრძოლეს და ფარ-ხმალი არ დაუყრიათ.
მაგალითად, დათუნაშვილი მთელი შეხვედრა ავიწროებდა ვლასოვს, გეგეშიძემ ერთი პერიოდი მოუგო მიშინს, ფერსელიძემ კი თავისი კოზირი - ჯვარიდან ზურგს უკან გადაგდება მთელ ტურნირზე მხოლოდ თურქთან გააკეთა. ვინ იცის, ცოტა იღბალიც რომ წაშველებოდათ, რომელიმეს მოეგო კიდეც.
საერთოდ, ჩემპიონატის ბოლო დღეს - 24 მარტს დათუნაშვილსა და გეგეშიძეს რომ ვუყურებდი, მსიამოვნებდა, რომ ჭიდაობის ამ უღიმღამო სახეობაში ჩვენები ჯიკაობა-ძიძგილაობით კი არ იგებდნენ, არამედ - ნაღდი, ლაღი, შემტევი, სანახაობრივ-ტექნიკური და დამაჯერებელი ჭიდაობით.
ქართველთა აქილევსის ქუსლი
ამ წერილში რამდენჯერმე ვახსენეთ ჩვენებურთა კარგი ფიზიკური მომზადება, თუმცა როგორც ტურნირის მიმდინარეობამ გვაჩვენა, ეს მათთვის იყო გაუმჯობესებული დონე, თორემ თურქებთან, აზერბაიჯანელებთან, ბულგარელებთან და კიდევ ზოგიერთთან ამ მხრივ ფრიად გაგვიჭირდა, რუსებმა კი სულ მთლად სარკეში ჩაგვახედეს.
მაგალითად, მეორე პერიოდში იმავე ურიშევმა, ლეიბზე თავით დარჭობილმა და ორივე ფეხით ჰაერში აყვანილმა მოახერხა და მარსაგიშვილს შეტევა ჯერ შეუყოვნა, მერე კი სულაც მიმართულება შეაცვლევინა, რითაც კინაღამ უწია მიზანს.
ჩვენებური სათანადო ფიზიკურ კონდიციაში რომ იყოს, აქამდე არ მიიყვანდა საქმეს, თუმცა იმ კომპონენტში ყაბარდოელი ტაქტიკურადაც სამაგალითოდ ჭიდაობს - ხელით წარმატებით უბლოკავს ფეხს.
როგორც კი მიხვდა, რომ ფეხს ვერ გამოუძვრენდა, მეტოქე მყისვე გადავიდა ხელებით მუშაობაზე - ესეც ილეთის გრძნობა! ეს მართლაც სამაგალითო ეპიზოდი ხშირად უნდა აყურებინო ჩვენს ფალავნებს - უფროსებსაც და უმცროსებსაც.
მარსაგიშვილის გარდა, ფიზიკურად ცოტა ვლადიმერ ხინჩეგაშვილიც დაიჩაგრა ტუვინ ოპან სატთან. გეგეშიძე-მიშინზე, დათუნაშვილ-ვლასოვზე უკვე ვთქვით და, სამწუხაროდ, სხვა მაგალითების ჩამოთვლაც შეიძლება.
ამჯერად სუნთქვა-გამძლეობა გამოსწორებული იყო (განსაკუთრებით - თავისუფლებში), მაგრამ ტაქტიკაზე ბევრია სამუშაო.
იმავე რუსებს, ჩრდილოკავკასიელებს ავტომატიზმამდე აქვთ დამუშავებული, როდის რა გააკეთონ. თითქოს მეშვიდე გრძნობით ხვდებიან ამას.
თუმცა საკითხავია, სად, ვინ უნდა მოამზადოს იმავე "ფიზიკაში"? ფიზმომზადების მაღალკვალიფიციური სპეციალისტების კატასტროფული დეფიციტი მაშინ გვქონდა, როცა სპორტის აკადემია არსებობდა, ხოლო მისი გაუქმების შემდეგ ჰაერში აღმოვჩნდით გამოკიდებულნი.
გადავხედოთ და დავთვალოთ, ამ დარგის რამდენი სპეციალისტი გვყავს საქართველოში? ბოლო წლებში კიდევ მომრავლდნენ გუნდური სახეობების ხარჯზე, თუმცა იქაც ძირითადად უცხოელები ჭარბობენ.
ამ დღეებში კრასნოიარსკში მცხოვრები ვლადიმერ მოდოსიანის ინტერვიუს შემოგთავაზებთ, სადაც საჭიდაო აკადემიაში მუშაობს მწვრთნელად და წაიკითხავთ, რამდენად დიდ ყურადღებას აქცევენ იქ ამგვარ დეტალებს.
ამასთან, აუცილებელია, თვით ფედერაციამ, მწვრთნელებმა აწარმოონ სტატისტიკა, საით მიდის ჭიდაობა, რა მიმართულებით ვითარდება, რა ტენდენციები იკვეთება.
მაგალითად, უმეტესად რა სახის ილეთები კეთდება, დროის რომელ მონაკვეთში და ასე შემდეგ. თავის დროზე იმავე აკადემიაში ცალკეულ კათედრებზე მსგავსი სტატისტიკა არსებობდა, მაგრამ აკადემიის გაუქმებისას ამ არქივზე ისევ იმ ენთუზიასტების გარდა, არავის უზრუნია.
მისი ნაწილი ისევ იმ მწვრთნელების ხელში იქნება შემორჩენილი და ის მაინც მოვაგროვოთ, ნუღარ დავკარგავთ იმის მიუხედავად, რომ დღევანდელი ჭიდაობა მნიშვნელოვნად განსხვავდება ადრინდელისგან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"