ორი ჯოკერი ნაკრებში - პეტრიაშვილი და ქაჯაია, შეუჩერებელი ტალანტები

AutoSharing Option
ანკარაში დასრულებულ ახალგაზრდა მოჭიდავეთა საერთაშორისო ტურნირ "ჩემპიონებში" ჩვენი გუნდების მონაგარი 4 მედალია: 2-2 ოქრო-ბრინჯაო.

შეჯიბრების პირველ დღეს ბერძენ-რომაელი ფირუზ წულუკიძის (66) მიერ მოპოვებულ ბრინჯაოზე უკვე გაცნობეთ, 1 ივნისს კი ამ მონაგარს ორივე სტილის მძიმეწონოსნებმა - "თავისუფლებში" გენო პეტრიაშვილმა, ხოლო ბერძენ-რომაელებში - იაკობ ქაჯაიამ ოქროები დაუმატეს.

2 ივნისს ბრინჯაოსპრიზიორი ედნარ შავაძე გახდა, რომელმაც ამჯერად ერთი წონით ზევით - 60-ში იასპარეზა.

ამის მიუხედავად, ჩვენებურთა გამოსვლას მთლად წარმატებულს ვერ დავარქმევთ, რადგან ახალგაზრდებისგან ბევრად მეტს ვართ მიჩვეულები, თუნდაც - მხოლოდ ამ სეზონში.

განსაკუთრებით მოულოდნელი
"თავისუფლების" ერთი მედალია. მართალია, ის ოქროა და თან - შთამბეჭდავი ასპარეზობით მოპოვებული, მაგრამ ეს არაა საკმარისი.

ბერძენ-რომაელთა ლიდერებს ამ ტურნირზე არ უპირებდნენ გაგზავნას, მაგრამ ახალ წესებთან შესაგუებლად შეცვალეს გეგმები (თუმცა შეჯიბრება მაინც ძველი წესებით გაიმართა). გუნდურ ჩათვლაში ბერძენ-რომაელები მესამეზე გავიდნენ.

გენო პეტრიაშვილი ერთხელაც უნდა შევაქოთ და დავახასიათოთ, როგორც ახლო მომავლის დიდი ვარსკვლავი.

ადრინდელ ნათქვამს გავიმეორებთ: ამ ბიჭს თავის ასაკში ტოლ-სწორი არ ჰყავს და მისი შემჩერებელი უახლოეს სეზონშიც არავინ ჩანს.

ახლაც ლამის ცალი ხელით მოიგო ეს საკმაოდ ძლიერი შეჯიბრება. რუსი ლისენკო იყო, თურქი ბანდირმი თუ სხვა მეტოქე, ოდნავი წინააღმდეგობაც ვერავინ გაუწია.

გავიდოდა, წაივარჯიშებდა, კონკურენტებს ჭიდაობის გაკვეთილს ჩაუტარებდა, უზადო ტექნიკას წარმოადგენდა და პერიოდებს უმეტესად დიდი ანგარიშით - 4:0; 5:0 იგებდა.

უფროსებისგან განსხვავებით, მას თანატოლებში ძალაც საკმარისი აქვს, პირიქით - უფრო ძლიერიცაა სხვებზე.

თავისი სიმაღლის და წონის კვალობაზე, მოქნილია და სწრაფი, რაც საშუალებას აძლევს, შორი დისტანციიდანაც კი, როცა მეტოქე თითქოს საფრთხეს არ ელის, გრძელი ნახტომით შევიდეს ფეხში. იქ კი ღონიერს მათი დატრიალება ოდნავადაც არ უჭირს.

უკლებლივ ყველა შეხვედრაში ახერხებს ფეხში შესვლებს და თუმცა ეს ყველამ იცის, ვერავინ ვერაფერს უპირისპირებს. ახლოს მიუშვებენ და იქ უკვე ფიზიკური ძალით გადათელავს ნებისმიერს.

მაგალითად, ლისენკო მეორე პერიოდში დიდხანს იცავდა თავს, როცა გენომ ჯვარედინ მოვლებაზე დაიჭირა, მაგრამ საბოლოოდ ჩვენებურმა მაინც უპრობლემოდ დაატრიალა.

ფინალში ისევ რუს ედუარდ კოდალაევს უკვე მეხუთე წამზე შეუვარდა ფეხში და ორქულიანზე გადააგდო.

ცოტა ხანში ფეხიდან დაითრია, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, და დაბლა ჩააგდო, თან დაატრიალა - 5:0 და პერიოდიც ასე მოიგო.

მეორეში ასევე ფეხში შეხტომით სამჯერ ჩაიყვანა ჩოქბჯენში, მაგრამ ეტყობა, ძალა აღარ დახარჯა და არ დაატრიალა, მხოლოდ დრო გაჰყავდა.

"ულაპარაკოდ მოიგო პეტრიაშვილმა, შანსიც არ მისცა კოდალაევს" - წერდნენ რუსულ საჭიდაო ფორუმზე.

"რა უნდოდა მას ამ შეჯიბრებაზე? მისთვის უკეთესი ალიევის ტურნირზე გამოსვლა იქნებოდა, ეს კი უკან გადადგმული ნაბიჯია", - კითხულობდა იქვე სხვა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქაჯაიაც ასეთივე კოზირია თავის ნაკრებში - ვერც მას გაუწია სათანადო წინააღმდეგობა ვინმემ.

ფიზიკურად ის კიდევ უფრო ძლიერია და ტაქტიკურადაც სწორად ჭიდაობს. განსხვავება ისაა, რომ პეტრიაშვილი საერთოდ არ კარგავს ქულებს, ქაჯაია კი აქა-იქ დათმობს ხოლმე, მაგრამ მერე მწარედ აზღვევინებს ამისთვის. ის ძალიან ეკვრება ჯვარზე, მერე კი თავის სტიქიაშია.

პირველივე შეხვედრაში აზერბაიჯანელ აბდულაევთან იყო ეპიზოდი, როცა ასეთ შეკვრაზე მეტოქემ უკან დაუპირა გადაგდება, მაგრამ ესეც მშვენიერი კონტრილეთით დაუხვდა და იქით აართვა ერთი ქულა. მალევე ისევ შეეკრა, ოღონდ უკვე თავად დაასრულა გდება ბოლომდე, მერე წრიდანაც გაიყვანა და პერიოდი 3:0 მოიგო.

აი, მეორე წააგო, რაშიც დიდი როლი მსაჯებმაც ითამაშეს - ფსიქოლოგიურად ამოვარდა კალაპოტიდან, მაგრამ მესამეში დაწყნარდა, შეკვრაზე დიდხანს ამზადა გდება და ისეთ უზადო სამქულიანზე გადააგდო, წუნს ვერ დაუდებდა კაცი.

არ ვიცი, ეს წყალტუბოელი ბიჭი ბავშვობაში ჭიდაობდა თუ არა ქართულს, მაგრამ ამ მომენტშიც და ფინალშიც თურქ კირცან მუმინთან მშვენივრად გამოიყენა ბრუნი - მუმინი, ფიზიკური ძალის დამსახურებით, იოლად აქაჩა ლეიბიდან და დატრიალებულმა პირდაპირ დააბერტყა ლეიბზე. მსაჯმა ულაპარაკოდ მისცა ხუთქულიანი, ეს ეპიზოდი კი მართლაც ლამაზი ფინალი გამოდგა.

ერთი სიტყვით, ორივე ნაკრებში მძიმე წონაში ჯოკერი გვიჭირავს ხელში.

ედნარ შავაძე ზედა წონაში გამოვიდა და ურიგოდ არ უასპარეზია. მაგალითად, პირველივე წრეში თურქ გოკს ორჯერ შეეკრა ჯვარზე და დაბლა ჩაყვანის გარდა, კარგადაც დაატრიალა - 7:1-ზე შეწყდა პერიოდი.

სამაგიეროდ, მომავალ ჩემპიონთან, ისევ თურქ ენეს ბასართან წუთნახევრის შემდეგ, როცა ეს ჩადგა ჩოქბჯენში, იმან ულაპარაკოდ დაატრიალა, მეორე პერიოდში კი იმავე სიტუაციაში, უკვე ზევიდან მყოფმა ვერაფრით გადააგდო ილეთზე. არადა, სამჯერ აქაჩა ლეიბიდან.

სხვა ჩვენებურებიდან ცალკეულ შეხვედრებში კარგად იჭიდავეს ირაკლი შავაძემ (55), ლაშა გობაძემ (84), შოთა ფარტენაძემ (60) და სხვებმა, მაგრამ მაინც უმედლოდ დარჩნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული