ახალგაზრდა ქართველმა "ბერძენ-რომაელებმა" ევროპის პირველობაზე 3 მედალი მოიპოვეს

AutoSharing Option
მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში 2 ივლისს დაწყებულ ახალგაზრდა ბერძენ-რომაელთა ევროპის პირველობაში წარმატებით ჩაება ქართული კვარტეტი - ოთხივე მათგანი ნახევარფინალში გავიდა, თუმცა იქ სამი დამარცხდა.

საბოლოოდ ჩვენმა გუნდმა 3 მედალი მოინადავლა - 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. კონტინენტის ვიცე-ჩემპიონი ირაკლი შავაძე (50) გახდა, ლაშა გობაძე (74) და კუკური კირცხალია (96) კი მესამეზე გავიდნენ. უმედლოდ მხოლოდ ხვიჩა ჭითავა (60) დარჩა - V ადგილი.

ირაკლი შავაძე ევროპის შარშანდელი ჩემპიონია ჭაბუკთა შორის და იმავე წარმატების მოსაპოვებლად სკოპიეში ერთი ნაბიჯის გადადგმა დააკლდა.

ფინალში გასასვლელად მას ორი
გამარჯვება ეყო, რადგან პირველ წრეში ისვენებდა, თავისთვის პირველ ორთაბრძოლაში კი იოლად დაჯაბნა აზერბაიჯანელი რამიზ მამადოვი - პირველივე ნახევარში 6 ქულა აართვა, ხოლო თვითონ არაფერი დაუთმო და ეს უპირატესობა მეორე ნახევარშიც შეინარჩუნა.

მან ორთაბრძოლა თურქ იასინ კარადასლისთანაც იმავე სცენარით დაიწყო - შესვენებამდე კვლავაც 6:0 იმარჯვა, მაგრამ ამჯერად მეორე ნახევარიც არანაკლებ დაძაბული გამოდგა.

საბედნიეროდ, ისიც ჩვენებურის გამარჯვებით დასრულდა - 6:4 და შავაძემ ჯამში 12:4 მოიგო. სამწუხაროდ, ფინალში ყველა კოზირი მისი მეტოქის, უკრაინელი ევგენი უდინსკის ხელში აღმოჩნდა - ჩვენებური წმინდად დამარცხდა და ზედიზედ მეორე ტრიუმფამდე ერთი ხელის გაწვდენა დააკლდა.

პირველ წრეში ჭითავაც ისვენებდა, რომელიც მეტად რთულ ბადეში მოხვდა - მეოთხედფინალში ერთ-ერთ სავარაუდო მეტოქედ თურქთა შარშანდელი მსოფლიოს პრიზიორი ბასარ ენესიც ელოდა, თუმცა ის ტურნირს მოუმზადებელი შეხვდა და პირველივე წრეში დამარცხდა.

ჭითავამ ეს შანსი შეირგო, ოღონდ ვერა - ბოლომდე. ჩვენებურმა პირველ ბრძოლაში სერბ ტამაშ ნაგის მალევე მოუთავა ხელი - პირველივე პერიოდში ანგარიში 7:0 გახადა და შეხვედრაც შეწყდა მისი ნაადრევი გამარჯვების გამო.

ჭითავამ მეორე პაექრობაში ენესის მომგები რუმინელი მიჰაი რადუ მინუტიც იოლად დაჯაბნა - 7:3; 3:0, თუმცა აზერბაიჯანელ ელმან მუხტაროვთან ვერაფერს გახდა.

მეტოქემ 2:0; 2:1 იმარჯვა და ფინალში გავიდა, ჩვენებური კი სანუგეშოს ფინალში გადავიდა, სადაც მოულოდნელად გერმანელ დენიზ მენეკსესთან 0:2; 0:1 წააგო... აქ რუსმა მარატ სულეიმანოვმა გაიმარჯვა, რომელმაც მუსა ევლოევის (96) მსგავსად, შეინარჩუნა შარშან მოპოვებული ევროპის ჩემპიონობა.

გუშინდელი ქართული ოთხეულიდან ყველაზე გამოცდილი და ტიტულოვანი გობაძე იყო - ჭაბუკებში მსოფლიოს მესამე პრიზიორი და ევროპული ვერცხლ-ბრინჯაოს მფლობელი, რომელიც მეორე სეზონს ატარებს ახალგაზრდულ ნაკრებში.

შარშანდელისგან განსხვავებით, ამჯერად მედალი კი მოიპოვა, მაგრამ მიგვაჩნია, რომ მეტიც შეუძლია... ის ნახევარფინალში ქულებით წმინდად დამარცხდა რუსთა მომავალ ჩემპიონ ადლან აკიევთან - 0:7, მანამდე კი სლოვაკ კრისტიან სიმონს კიდევ უფრო სოლიდური უპირატესობით - 10:0 სძლია, ბელორუს ალიაქსანდრ ჰენუვეინას 3:1 აჯობა.

ბრინჯაოს მედლისთვის პაექრობაში ხულოელმა ფალავანმა ყოველმხრივ დაჩაგრა აზერბაიჯანელი ჰაჯიმურად ბაგმანოვი და წმინდად მოუგო. ამ წონაში სომეხმა კარაპეტ ჩალიანმა იმარჯვა, რომელიც ახალგაზრდებში მსოფლიოს შარშანდელი მესამე პრიზიორია.

კირცხალია ჭაბუკებში ევროპის შარშანდელი ფინალისტია და ამ შედეგს ახლაც, მინიმუმ, გაიმეორებდა, ნახევარფინალში უნგრელ ზლოტ ტოროკთან ცოტა მეტი ფხა რომ გამოევლინა. სამწუხაროდ, მადიარმა პირველ ნახევარში დაჩაგრა ჩვენებური - 8:4 აჯობა.

მეორეში შედარებით თანაბარი ბრძოლა კი გაიმართა, მაგრამ ეს მეტოქეს სავსებით აძლევდა ხელს, კირცხალიამ კი გადამწყვეტი უპირატესობა ვერ მოიპოვა.

3:3 ამ პერიოდში და ფინალში უნგრელი გავიდა. ეს მით უფრო დასანანია, რომ ჩვენებურმა მანამდე ძლიერად იჭიდავა - თავდაპირველად რუმინელი კონსტანტინ ჰუტულეა წმინდად დაამარცხა - 7:0 და ასეთივე ანგარიშით დაჯაბნა ბერძენი დიმიტრიოს ცეკერიდისიც, ოღონდ ეს - ორ პერიოდში.

დამამშვიდებლის ფინალში ქართველი ავსტრიელ დანიელ გასტლს დაეჭიდა და შედეგიანადაც - საწყის წუთებშივე 5-ქულიანი გდებით სუფთა მოგება მიითვალა. შავაძის დარად, ეს მისთვისაც ევროასპარეზზე ზედიზედ მოპოვებული მეორე მედალია, რაც ამ ბიჭების სტაბილურობაზე მიუთითებს. არადა, ორივე პირველ სეზონს ატარებს ახალგაზრდულში.

ბერძენ-რომაელები 3 ივლისს დაამთავრებენ ევროპის ჩემპიონატს და საქმეში მორიგი ქართული ოთხეული ჩაებმება, რომელთაგანაც ლამის ყველა ტურნირის ფავორიტია.

საქართველოს წლევანდელი ჩემპიონი უფროსებში ედნარ შავაძე (55) პირველ წრეში დაისვენებს, მერე კი ბელორუს იაჰორ ბელიაკს შეხვდება.

თავიდან ჭაბუკებში ევროპის ორგზის პრიზიორი ფირუზ წულუკიძეც ისვენებს, 66 კილოგრამში, მერე კი ავსტრიელ შტეფან შტაიგლის დაეჭიდება. ის ძლიერ ქვეჯგუფში მოხვდა, რადგან მის მხარეს არიან აზერბაიჯანელი რუჰინ მიხაილოვი, ბულგარელი როსიან ოგნიანოვ დერმანსკი და რუსი არტემ სურკოვი. ამათგან რუსი ნახევარფინალამდე ვერ შეხვდება, იმათ კი მეოთხედფინალში გადაეყრება, ოღონდ მანამ ისინი ერთმანეთში იჭიდავებენ.

პირველ წრეში თავისუფალია ევროპის შარშანდელი მესამე პრიზიორი ახალგაზრდებში რობერტ ქობლიაშვილიც (84). არადა, მას დასვენება და ძალების მოკრება მართლაც სჭირდება, რადგან პირველ შეხვედრას თურქ გიოქტას დოგანთან ჩაატარებს.

ტურნირში მეორე წრიდან ჩაებმება გუნდის გამოკვეთილი ლიდერი, ახალგაზრდებში მსოფლიოსა და ევროპის შარშანდელი მედალოსანი იაკობ ქაჯაიაც (120) - მას მეტოქედ სლოვაკი დავიდ ცეჩი ერგო.

ჩვენებურს წილისყრაშიც შედარებით გაუმართლა, რადგან რუსი და აზერბაიჯანელი ფალავნები, აგრეთვე, გერმანელი ევროპის მოქმედი ჩემპიონი კრისტიან ჯონი (შარშანდელ ფინალში მან ლევან არაბული დაგვიმარცხა) ბადის მეორე მხარეს მოხვდნენ და ფინალამდე არ მოუწევს მათთან პაექრობა. სამაგიეროდ, ნახევარფინალში, შესაძლოა, ბელორუსის სახელით მოჭიდავე გიორგი ჩუგოშვილს, იოსებ ჩუგოშვილის უმცროს ძმას შეხვდეს.

კვარცხლბეკი

50 კგ. 1. ევგენი უდინსკი (უკრაინა); 2. ირაკლი შავაძე (საქართველო); 3. რამიზ მამადოვი (აზერბაიჯანი), ტონი ბრალა (ხორვატია).
60 კგ. 1. არტურ სულეიმანოვი (რუსეთი); 2. ელმან მუხტაროვი (აზერბაიჯანი); 3. დანიელ ცატარაგა (მოლდოვა), დენიზ მენეკსე (გერმანია); 5. ხვიჩა ჭითავა (საქართველო).
74 კგ. 1. კარაპეტ ჩალიანი (სომხეთი); 2. ადლან აკიევი (რუსეთი); 3. ლაშა გობაძე (საქართველო), პეტრუ სევციუცი (მოლდოვა).
96 კგ. 1. მუსა ევლოევი (რუსეთი); 2. ზლოტ ტოროკი (უნგრეთი); 3. კუკური კირცხალია (საქართველო), რომან ფრიდრიკასი (ლატვია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული