ზაზა სილაგაძე: იაკობ ქაჯაიასთან საჭიდაოდ გასვლა ყველას ეშინოდა

AutoSharing Option
ევროპის თანატოლთა ჩემპიონატში ახალგაზრდა მოჭიდავეების წარმატებულ გამოსვლაზე მკითხველი ინფორმირებულია, თუმცა კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა 4 მედალი მოიპოვეს - 1 ოქრო და 3 ბრინჯაო, ბერძენ-რომაელებმა კი ერთით მეტი ჯილდო დაისაკუთრეს: თითო ოქრო-ვერცხლი და 3 ბრინჯაო.

ბერძენ-რომაელთაგან ჩემპიონობა იაკობ ქაჯაიამ (96) მოიპოვა, რომელმაც ყველას უმოწყალოდ გადაუარა და ისიც ასევე მხოლოდ წმინდა მოგებებით, ქულის დაუკარგავად ავიდა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე.

სიურპრიზი შემოგვთავაზა დებიუტანტმა ირაკლი შავაძემ (50), რომელიც მხოლოდ ფინალში დამარცხდა, ლაშა გობაძე (74), რობერტ კობლიაშვილი (84) და კუკური კირცხალია (96) კი
მესამეზე დარჩნენ.

ამ წარმატების შესახებ გუნდების მთავარ მწვრთნელებს გავესაუბრეთ, რომლებიც პირველხარისხოვან ტურნირზე პირველად წარდგნენ ახალ ამპლუაში. ვფიქრობთ, საინტერესოა, როგორ შეაფასა ევროპამ ჩვენებურთა გამოსვლა, უფრო ზუსტად კი - მძიმეწონოსნები, რომლებიც შიშის ზარს სცემენ მეტოქეებს.

ასევე, აღსანიშნავია კობლიაშვილის უტეხი სული, რომელმაც მედალი ნატკენი ფეხით მოიპოვა. ტრავმა იმდენად სერიოზულია, რომ პრესკონფერენციაზე, ანუ ტურნირიდან ერთი კვირის თავზე, ხელჯოხით მოვიდა და ახლაც ძლიერ კოჭლობს. თუმცა წარმატება ხომ ძლიერთა ხვედრია, ჩვენ კი მწვრთნელთა კომენტარები მოვისმინოთ, რომლებიც ნაწილობრივ მსოფლიოს მოახლოებულ პირველობასაც ეხებიან.

ზაზა სილაგაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა):
"გუნდის გამოსვლით კმაყოფილი ვარ. 8 კაციდან ექვსმა მედლისთვის იჭიდავა, რაც კარგი შედეგია.

60 კილოგრამში ხვიჩა ჭითავას ნახევარფინალში მსაჯებმა წააგებინეს აზერბაიჯანელ ელმან მუხტაროვთან, რისთვისაც მერე ბოდიშიც მოიხადეს, მაგრამ ეს უკვე არაფერს ცვლიდა. მათი შეცდომა რომ არა, ჭითავა ფინალში გავიდოდა და მეექვსე მედალიც გვექნებოდა.

გამოვარჩევ რობერტ კობლიაშვილსაც 84-ში, რომელმაც პირველ შეხვედრაში ძლიერი თურქი გიოკტას დოგანი აშკარა უპირატესობით დაამარცხა, მაგრამ ფეხიც იტკინა. ტრავმა იმდენად ძლიერი იყო, ვერ აბიჯებდა და არც ასპარეზობის გაგრძელებას აპირებდა, მაგრამ გამაყუჩებლებით მაინც იჭიდავა.

მეორე წრეში გერმანელთა მომავალ ჩემპიონ დენის მაქსიმილიან კუდლასთან წააგო. ტრავმის მიუხედავად, დამამშვიდებელში ნემსებით გამოვიდა, ორი შეხვედრაც მოიგო და ბრინჯაოს მედალსაც დაეუფლა.

ასევე გამოვყოფ შავაძეს, რომელიც წლეულს გადმოვიდა ჭაბუკთა ნაკრებიდან, გამოუცდელიცაა და ასაკითაც შედარებით პატარა. ამის მიუხედავად, ურთულესი ბადე გაიარა - მოუგო აზერბაიჯანელ და თურქ ფალავნებს, რითაც ფინალში გავიდა, იქ კი გამოუცდელობით წააგო უკრაინელ ევგენი უდინსკისთან.

ჭაბუკებიდან წლეულს გადმოვიდა კუკური კირცხალიაც, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია კარგად ჭიდაობაში და მედალი მოიპოვა.

ცხადია, განსაკუთრებით აღსანიშნავია იაკობ ქაჯაიას გამოსვლა, რომელმაც ყველა შეხვედრა 7:0 და 8:0 მოიგო, ქულათა ნაკლები მარაგი არავისთან დაუგროვებია, ხოლო სამი მეტოქე ბეჭებზე დადო.

მოწინააღმდეგეებს ეშინოდათ მასთან საჭიდაოდ გასვლა. ყველამ აღნიშნა, მთელმა ევროპამ - მწვრთნელებმაც და მსაჯებმაც ამ ბიჭის ძლიერი მხარეები, რომელიც ჩოქბჯენშიც აკეთებდა ილეთებს და დგომშიც, რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია მძიმე წონაში.

მასთან მცირე შანსიც კი არავის ჰქონდა, წინააღმდეგობა ვერავინ გაუწია და არც არანაირი პრობლემა არ ჰქონია.

უმედლოდ დარჩენილთაგან ედნარ შავაძეს შევეხები, რომელსაც ნორმალური ბადე ერგო, მაგრამ წონის პრობლემა აწუხებს. ალბათ, ახალგაზრდულ ნაკრებში 55 კილოგრამში ის მეტად აღარ გამოვა.

რაც შეეხება მსოფლიოს ჩემპიონატს, სერიოზული საკადრო ცვლილება არ იგეგმება. წინასწარ ვიტყვი, რომ მედალოსნები იჭიდავებენ, დანარჩენებზე კი მწვრთნელთა საბჭო ვიმსჯელებთ".


გიორგი გოგშელიძე: გენო პეტრიაშვილი ღმერთის საჩუქარია მთელი საქართველოსთვის

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
იაკობ ქაჯაია ახალგაზრდა ბერძენ-რომაელთა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული