ჯოკერი, სახელად იაკობი: არ მგონია, მეტოქეები ჩემზე კარგს ამბობდნენ

AutoSharing Option
დოსიე
იაკობ ქაჯაია
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
დაიბადა: 1993 წლის 28 სექტემბერს წყალტუბოში
საქართველოს ორგზის ჩემპიონი ახალგაზრდებსა (2012; 2013) და ჭაბუკებში (2010); ჭაბუკებში ევროპის ვიცე-ჩემპიონი (2010); ახალგაზრდებში ევროპისა და მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი (2012), ევროპის ჩემპიონი (2013); კარტოზია-ბალავაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირის მესამე პრიზიორი (2011), ფრეიდენფელდსის ტურნირის ჩემპიონი (2013).
მეტოქეთა შემმუსვრელი ფალავანი.

საბედნიეროდ, ქართველებს ნიჭიერი ფალავნები არასოდეს გვაკლდა და ახლაც განსაკუთრებულ ფუფუნებაში ვართ - ორივე სტილის ახალგაზრდულ ნაკრებში მძიმე წონაში ისეთი ბიჭები გვყავს, წინ ვერავინ დაუდგებათ.

"თავისუფალში" გორელი გენო პეტრიაშვილი, ბერძნულ-რომაულში კი იაკობ ქაჯაია რამდენიმე
თავით მაღლა დგანან მეტოქეებზე.

მათ ეს არაერთხელ დაამტკიცეს საერთაშორისო ტურნირებზე, სულ ახლახან კი მაკედონიის მთავარ ქალაქ სკოპიეში ტრიუმფით მოიგეს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი.

მაკედონიაში ორივე უმოწყალოდ გაუსწორდა მეტოქეებს და ტანკივით გადაურბინა მათ. აბა, სხვა რა შეიძლება უწოდო ისეთ მოგებას, როცა ყველა შეხვედრას 7:0-ით ან 8:0-ით მოიგებ, თანაც - თითოეულ მათგანს ერთ წუთსაც არ მოანდომებ და ასე გააბითურებ მოწინააღმდეგეებს? შეიძლება ითქვას, ორივე ნაკრებში თითო ჯოკერი გვყავს. ბედნიერი დამთხვევაა, რომ ორივე ერთ წონაში, თანაც - ყველაზე პრესტიჟულში გამოდის.

ამჯერად იაკობ ქაჯაიას წარმოგიდგენთ, რომელიც საჭიდაო სამყაროში ოჯახური დინასტიით, ბიძაშვილებთან - ირაკლისა და მიხეილთან ერთად შემოვიდა.

სამივე ერთ წონაში - 96-ში გამოდიოდა. იაკობმა იქაც გვარიან წარმატებებს მიაღწია, თუმცა წლეულს წონა შეიცვალა და ისე "იფეთქა", ვერ აკავებენ.

ახალგაზრდული ნაკრების თავკაცმა ზაზა სილაგაძემ ევროპის პირველობის მერე გვითხრა, მეტოქეებს ეშინოდათ მასთან საჭიდაოდ გასვლაო.

წყალტუბოელი ფალავანი მართლაც მყისვე იქცა წონის უპირობო ლიდერად და ეჭვიც არაა, მას წინ კიდევ არაერთი წარმატება ელოდება.

მან თანატოლთა ევროპის ჩემპიონატიც ძალიან იოლად მოიგო - ქულებით სუფთად თუ ბეჭებზე დაწვენით, მაყურებელი კი მშვენიერი ეპიზოდებით, დგომსა თუ ჩოქბჯენში გაკეთებული ულამაზესი გდებებით ახალისა.

საინტერესოა, რომ ფინალამდე სამი შეხვედრის მოგებას 3 წუთიც არ მოანდომა, ანუ მხოლოდ პირველი პერიოდისთვის განკუთვნილი დრო ეყო, მთლიანად ტურნირს კი ერთი შეხვედრისთვის საჭირო დროც არ მოანდომა.

- ჭიდაობა როდის დაიწყეთ და ვისთან?
- ჭიდაობა თავიდან ჩემმა ბიძაშვილებმა დაიწყეს - ირაკლიმ და მიხეილმა. ჩვენ თითქმის თანატოლები ვართ, თუმცა ისინი რამდენიმე თვით ადრე მივიდნენ ჭიდაობაზე. მაშინ რუსეთში ვცხოვრობდი, ოღონდ იქ არ ვვარჯიშობდი, მხოლოდ ვსწავლობდი, მაგრამ როცა საქართველოში დავბრუნდი, მეც დავიწყე ჭიდაობაში ვარჯიში დემურ კირტავასთან, წყალტუბოში, რადგან მომწონდა სპორტის ეს სახეობა.

მაშინ პატარა ვიყავი, დაახლოებით 2 წელიწადი უფრო გართობად განვიხილავდი ამას - ხშირად ვიგებდი ტურნირებს, ხშირადაც ვაგებდი. 14 წლიდან კი სერიოზულად მივუდექი საქმეს - ჭაბუკებში საქართველოს ჩემპიონი გავხდი, მერე ევროპის პირველობაზე წამიყვანეს და მეორეზე გავედი.

ამის შემდეგ თბილისში გადმოვედი სავარჯიშოდ ზაზა სილაგაძესთან, თუმცა კირტავაც დღემდე რჩება ჩემს მწვრთნელად. მაშინ 96 კილოგრამში გამოვდიოდი და ბევრს ვიკლებდი წონას. ამიტომ მწვრთნელებმა მძიმეში გადასვლა მირჩიეს, რაც გავაკეთე კიდეც და სულ სხვა მოჭიდავე გავხდი.

ახლა წონას არც ვიკლებ, მაგრამ არც ძალიან გამირბის - მაქსიმუმ, 117 კილოგრამზე ავიდე.

- შეიძლება ითქვას, მოერგეთ ამ წონას...
- მძიმე წონაში სულ სხვა მზადებაა, მწვრთნელები ფიზიკურად უფრო მტვირთავენ და სხვანაირად მავარჯიშებენ. საქართველოს ჩემპიონატის შემდეგ ყველა ტურნირი მოვიგე და დავამტკიცე, რომ ევროპის პირველობაზე წასვლაც მეკუთვნოდა და სხვა შეჯიბრებებზეც, საკამათო არაფერი ყოფილა...

- ადრე ბიძაშვილები ერთ წონაში ჭიდაობდით. ძნელი არ იყო ნათესავებთან კონკურენცია?
- ცხადია, იოლიც არ იყო, მაგრამ ერთმანეთსაც ვეხმარებოდით, ვზრდიდით, როგორც მოჭიდავეს. თუმცა ლეიბზე რომ შევდიოდით, ჩვეულებრივად ვიბრძოდით, ლეიბის გარეთ კი ყველა მეგობრები ვართ.

- შედეგები 96 კილოგრამშიც გქონდათ - ახალგაზრდებში ევროპისა და მსოფლიოს ბრინჯაოსპრიზიორი იყავით, თუმცა ახალ წონაში ასეთ მყისიერ პროგრესს, ასეთ აღმასვლას ელოდით?
- 96-ში შედეგები კი მქონდა, მაგრამ ბევრს ვიკლებდი - დაახლოებით 10 კილოგრამს. სანამ აქამდე მივიდოდა საქმე და ამდენი კლება დამჭირდებოდა, მანამ 96-შიც მაგარი ვიყავი.

ახალ წონაში გადასვლას ყველა მირჩევდა, იქ სულ სხვანაირად იჭიდავებო და მოლოდინიც გამართლდა. ფიზიკურად ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, თუმცა მეტი ვარჯიშია საჭირო. ეს მუდმივი პროცესია, რომელიც არ უნდა გააჩერო.

- რაც თქვენი ნაჭიდავები ტურნირები ვნახე, მართლაც ჩინებულ ფორმაში ხართ. თუმცა ხომ არ არის მაინც რამე პრობლემა თქვენს მომზადებაში, თუ ხედავთ ამგვარს?
- ბუნებრივია, მომზადებაში რაღაც შესწორებები მუდმივადაა აუცილებელი - არ არსებობს სპორტსმენი, რომელსაც ეს არ სჭირდება, მაგრამ ხელის შემშლელი და სერიოზული პრობლემა, რამაც შეიძლება, კარიერაში შემაფერხოს, სადღეისოდ არაფერია. ახალ წონას მორგებული ვარ და იმედია, გავაგრძელებ ლიდერობას. ჯერჯერობით ტურნირი არ წამიგია და ვნახოთ...

- ასე იოლად მოგებულ ევროპის ჩემპიონატზე რას იტყვით?
- ამ ტურნირისთვის მწვრთნელები მთელი მონდომებით მამზადებდნენ. ყველა ბოლომდე იყო ჩართული ამაში - სილაგაძეც, კირტავაც, ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ ადეიშვილიც, მუხრან მაჭუტაძე და სხვები...

ყველა მამხნევებდა, ჩემპიონი უნდა გახდეო. სკოპიეში ძლიერი მეტოქეები კი იყვნენ, მაგრამ თითქმის ყველასთვის მოგებული მქონდა და არც გამჭირვებია გამარჯვება.

- შედარებით თითქოს ბელორუსის სახელით მოჭიდავე გიორგი ჩუგოშვილთან გაგიჭირდათ - წუთ-ნახევარი დაგჭირდათ მოსაგებად. ქართველობის გამო დაინდეთ თუ სხვა მიზეზი იყო?
- მან იცოდა ჩემი სტილი - წლეულს რიგაში მოვუგე უფრო ხანმოკლე დროში, ერთ წუთში სუფთად დავამარცხე, ბეჭებზე დავდე.

ამიტომ ახლა ჩაკეტილ სტილში მეჭიდავებოდა, მაგრამ მაინც ვერ გამიწია ვერანაირი წინააღმდეგობა.

სამართლიანად გავაფრთხილებინე. თან, ახალი წესებიც საჩემოა, რადგან ვცდილობ, დიდხანს ვიჭიდაო დგომში, რაშიც ეს ახალი ცვლილებები კიდევ უფრო მეხმარება. ევროპაზეც დიდხანს არავისთან მიჭიდავია, ყველას მალევე ვუგებდი...

- ჩუგოშვილთან ჭიდაობა ჩოქბჯენიდან ზედიზედ გაკეთებული ხუთი დატრიალებითაც იყო გამორჩეული, ლამის მთელი ლეიბი რომ შემოატარეთ...
- კი, მართლაც ხუთჯერ დავატრიალე. კიდევ გავიმეორებ, რომ არ გამჭირვებია მოგება.

- უცხოელი სპეციალისტები ან მეტოქეები თუ გაგესაუბრნენ ტურნირის შემდეგ? საინტერესოა, რას ამბობდნენ?
- ბევრი მწვრთნელი მოვიდა, მომილოცა, გამესაუბრა და შემაქო. აი, მეტოქეები კი, არა მგონია, კარგს ამბობდნენ ჩემზე (იცინის). მათ ახლა არ მოულოცავთ, მაგრამ ისე ხდება ხოლმე, როცა შენს მიერ დამარცხებულიც მოვა და გილოცავს.

მაგალითად, თურქეთის ტურნირში ადგილობრივს მოვუგე, რომელიც მერე მოვიდა და მითხრა, კი მომიგე, მაგრამ ვაჟკაცურად იბრძოლე და გილოცავო.

- მსოფლიოს პირველობისთვის ვინ გეგულებათ უხერხულ მეტოქედ?
- ჯერჯერობით რასაც ვუყურებ, ასეთი არავინ მეგულება, თუმცა ვნახოთ, ირანელები ვის გამოიყვანენ. წაუგებელი ფალავანი არ არსებობს, მაგრამ ვინც იბრძოლებს, მოიგებს კიდეც. უამისოდ წარმატება არ მოვა.

- დგომიდან თავისუფლად აკეთებთ ილეთებს, ფიზიკურად ძლიერი ხართ, ჩოქბჯენიდანაც უპრობლემოდ ატრიალებთ ორივე მხარეს... რას მიიჩნევთ თქვენს ძლიერ და სუსტ მხარეებად?
- მეტი ილეთებია საჭირო, არსენალი უნდა გავამრავალფეროვნო. დგომიდან გდებების გაკეთება ბავშვობიდანვე მეხერხებოდა, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად, ვარჯიშებიც იზრდებოდა და ცოტა ელასტიურობა დამიქვეითდა. ახლა ამასაც აღვიდგენ. ამ წონაში ყოველმხრივ შესანიშნავად ვგრძნობ თავს.

- მსოფლიოს პირველობაზე გამოსვლა სად გირჩევნიათ - ახალგაზრდებში თუ უფროსებში, რადგან ორივეს თავისი პლუს-მინუსები აქვს?
- ღმერთის წყალობით, ახალგაზრდებს მივხედავ, დანარჩენს კი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გადაწყვეტს. მე ჩემსას გავაკეთებ, მაგრამ გადაწყვეტილებას ის იღებს, ეს არაა ჩემი გადასაწყვეტი.

მე ბოლომდე და სრულად დავიხარჯები ყველგან, სადაც დამაყენებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ზაზა სილაგაძე: იაკობ ქაჯაიასთან საჭიდაოდ გასვლა ყველას ეშინოდა
იაკობ ქაჯაია ახალგაზრდა ბერძენ-რომაელთა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული