ორივე გუნდისთვის ეს ბოლო საკონტროლო-შესარჩევი შეჯიბრებაა 16-22 სექტემბერს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გასამართი მსოფლიოს პირველობის წინ.
ამიტომ ორივე მწვრთნელმა იქ უძლიერესი შემადგენლობა წაიყვანა ანუ ისინი, ვის ჭიდაობასაც ბუდაპეშტში აპირებენ.
"თავისუფალთა" ნაკრები სომხეთში ამ დილით გაემგზავრა, რევაზ მინდორაშვილმა კი გუნდში გიორგი ედიშერაშვილი (55), ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (60), ლევან ქელეხსაშვილი, კონსტანტინე ხაბალაშვილი (ორივე - 66), იაკობ მაქარაშვილი, გიორგი
ოთარ ტატიშვილის გადაწყვეტილებით, ვარშავაში ბაჩანა ფუტკარაძე (55), რევაზ ლაშხი (60), საჩინო დავითაია (66), ილია გულბათაშვილი (74), გიორგი ცირეკიძე (84), ვასილ იმერლიშვილი (96) და ლევან არაბული (120) გამოვლენ.
ტატიშვილი მთლიანად დაეყრდნო ფედერაციის ხელმძღვანელობის განკარგულებას, რომ მსოფლიოზე მხოლოდ საქართველოს თასის გამარჯვებულებმა იჭიდაონ, და პოლონეთშიც მარტო ჩემპიონები წაიყვანა, მინდორაშვილი კი გარკვეულ ექსპერიმენტებს მიმართავს.
მართალია, ისიც ამბობს, რომ პრიორიტეტი თასის გამარჯვებულებს ენიჭებათ, მაგრამ შემადგენლობის გამოცხადებას ჯერ არ ჩქარობს, სომხეთის ტურნირსაც დაველოდოთო.
აღსანიშნავია, რომ სარგსიანის მემორიალის ორგანიზატორებს კვოტა ჰქონდათ დაწესებული - წონაში მხოლოდ თითო კაცი ანუ 7-კაციანი გუნდი მიიწვიეს, მაგრამ რაკიღა სომხეთი ახლოსაა და იქ წასვლა იაფი გვიჯდება, ამიტომ ჩვენებმა ამ შანსის გამოყენება და შედარებით გაფართოებული გუნდის წაყვანა გადაწყვიტეს.
საქმეში ფედერაციის ხელმძღვანელობაც ჩაერია, ნაკრების მწვრთნელი დავით პოღოსიანიც და შეთანხმებასაც მიაღწიეს, თუმცა მინდორაშვილმა ქართული რეალობისთვის არაორდინარული ერთი ნაბიჯიც გადადგა - ახობაძე საკუთარი ხარჯით მიჰყავს.
როგორც მწვრთნელმა გვითხრა, შეკრებაზე მოეწონა ამ ახალგაზრდა ფალავანის საქმისადმი დამოკიდებულება, მისი ვარჯიშები, პროფესიონალიზმი და ამიტომ გადაწყვიტა, თავად დააფინანსოს.
სამწუხაროდ, მსგავსი საქციელი ქართველი მწვრთნელებისგან მეტად იშვიათია და ღმერთმა ქნას, მინდორაშვილის მაგალითი გადამდები აღმოჩნდეს.
დაკვირვებული თვალი "თავისუფალთა" გუნდში რამდენიმე უცნაურობას შენიშნავდა.
კერძოდ, 66 კილოგრამში ჩემპიონ ქელეხსაშვილთან ერთად საქართველოს თასის მესამე პრიზიორი ხაბალაშვილი მიდის და არა ვიცე-ჩემპიონი დავით ბერძნიშვილი. მიზეზი მისი ტრავმაა, რის გამოც თავადაც უთხოვია ამ ეტაპზე დასვენება.
მძიმე წონაში არ ჩანს იმავე შეჯიბრების კიდევ ერთი ვერცხლის მედალოსანი თორნიკე ხიდეშელი. სამაგიეროდ, ჭიდაობს მსოფლიოს პრიზიორი, ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი მოძმანაშვილი, რომელიც თასზე საკანდელიძესთან დამარცხდა და უმედლოდ დარჩა.
როგორც გავარკვიეთ, ეს მწვრთნელთა გადაწყვეტილებით მოხდა - მათ უფრო დასაყრდენად ზემოდასახელებული დუეტი მიიჩნიეს, ხიდეშელს კი სხვა ტურნირზე აჭიდავებენ. შეგახსენებთ, რომ მძიმე წონაში ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი გახდა, რომელიც მსოფლიოს პირველობაზე ახალგაზრდებშიც იჭიდავებს და უფროსებშიც - აგვისტოსა და სექტემბერში! რაც შეეხება მარსაგიშვილს, ის თასზე არ გამოსულა, მაგრამ მწვრთნელებმა მაშინ ერთადერთი შეღავათი მას მისცეს და იმთავითვე განაცხადეს, რომ მსოფლიოსთვის შანსი მიეცემოდა.
მისთვის ტურნირი ორმაგად საშურია, რადგან ტრავმის გამო იტალიაში ვერ იასპარეზა და პრაქტიკა აკლია.
ვეჭვობთ, ამ ორი შეჯიბრებიდან უფრო ძლიერი პოლონური იქნება, რასაც რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: ის, ტრადიციულად ძლიერი ტურნირია; თან პოლონეთში მალევე, 10-11 აგვისტოს, ქალაქ სპალაში "თავისუფალთა" კიდევ ერთი ტრადიციულად ძლიერი შეჯიბრება, ციოლკოვსკის მემორიალი გაიმართება.
სავარაუდოდ, წამყვანი ევროპელი ქვეყნების უმეტესობა მათთვის შედარებით შორეულ სომხეთში ჩასვლას პოლონეთში ასპარეზობას ამჯობინებს. თუმცა წინასწარი მონაცემებით, ხელწამოსაკრავი არც ვანაძორული შეჯიბრება იქნება. იქ ჩვენი ნაკრები ხომ უძლიერესი შემადგენლობით ჩადის, ამას მასპინძლებიც დაემატებიან.
შეგახსენებთ, რომ მათ ევროპის წლევანდელი გამარჯვებული დავით საფარიანი (66) ჰყავთ, 84-ში - კონტინენტის ვიცე-ჩემპიონი მუსა მურთაზალიევი. ცნობილ უცხოელთაგან იჭიდავებს ამერიკელთა ოლიმპიური ჩემპიონი ჯორდან ბაროუზი (74).
ამერიკელები ერთი კვირაა, ადლერში ემზადებიან რუსებთან ერთად და როგორც იქაურთა მწვრთნელმა მაირბეკ იუსუპოვმა განაცხადა, სტუმართა სხვა ფალავნები ვერც კი იცნო, რადგან ლიდერები ციოლკოვსკისთვის შემოინახეს, მაგრამ ბაროუზი ნამდვილად გამოვა ვანაძორში. ამათ რუსები (თავისი რეგიონებით), ირანელები, თურქები და სხვა ძლიერი გუნდებიც დაემატებიან.
წინასწარი მონაცემებით, სომხეთში 20-მდე გუნდი ჩადის, პოლონეთში - 29. ხვალ ორივე ტურნირში 55, 66, 84 და 120-ის ფალავნები იჭიდავებენ, დანარჩენები - კვირას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"