საინტერესოა, რომ ეს მედალი შმაგი ბოლქვაძის (66) დამსახურებაა, რომელიც ფირუზ წულუკიძის ნაცვლად ჩართეს ნაკრებში, ვისაც ზემდგომებმა ქვეყნის დატოვების ნება არ დართეს.
უფრო სწორად, ბოლქვაძე გზაში დააწიეს გუნდს, რადგან ჩანაცვლების ამბავი გვიან გაირკვა, ნაკრების გაფრენის შემდეგ.
ამ ექსტრემალურ სიტუაციაში, ბილეთისა თუ სხვა საჭირო საბუთების მოსაგვარებლად ბევრი ირბინა მისმა პირადმა მწვრთნელმა
თურმე, როცა ეს გადარბენები უკან დარჩა, ბილეთიც აიღო და რეგისტრაციაც გაიარა, კიბეზე ამავალი სპორტსმენი მწვრთნელს შეჰპირებია - ამაგს მედლით გადაგიხდიო...
ბოლქვაძემ სიტყვა კი შეასრულა, მაგრამ საკითხავია, რა გახდა მთლიანად გუნდის ასეთი სუსტი გამოსვლის მიზეზი.
გასაგებია, რომ მსოფლიოს პირველობა ევროპისაზე ბევრად ძლიერი ტურნირია, თუმცა კონტინენტის ჩემპიონატში ზაზა სილაგაძის ნაკრები დამაჯერებლად გამოვიდა - თითო ოქრო-ვერცხლი და 3 ბრინჯაო მოიპოვა, მეექვსე წევრმა კი მესამე ადგილისთვის პაექრობა დათმო.
ისიც გასაგებია, რომ გუნდს აკლდა გამოკვეთილი ლიდერი, ევროპის პირველობის ტრიუმფატორი იაკობ ქაჯაია (120), ვისაც წინ ვერ უდგება ვერავინ და ვერაფერი, მაგრამ ნაევროპალი გუნდისგან ასეთი შედეგი არ იყო მოსალოდნელი.
უმედლობა ერთია და უფრო დასანანი ისაა, რომ უმეტესობა სანუგეშო წრეშიც ვერ გადავიდა, ასეთთა შორის კი ტიტულოვანი ფალავნებიც ბლომად იყვნენ.
მართალია, 14 აგვისტოს ბრინჯაოსთვის ჩვენმა კიდევ ერთმა ფალავანმა, ნიკა ცეცხლაძემაც (55) იჭიდავა, მაგრამ წააგო, ისტორიას კი მედალოსნები წერენ, ანუ მეხუთე ადგილი ხვალ აღარავის გაახსენდება...
საერთოდ, ევროპის პირველობაზე ნაჭიდავებთაგან უმეტესობამ ეს ტურნირი ჩააგდო, რაც მრავლის მთქმელი ფაქტია. თუმცა ევროპის პირველობიდან მსოფლიომდე ადრინდელზე ბევრად მეტი დრო ჰქონდათ.
შმაგი ბოლქვაძე ჭაბუკებში ევროპის ვიცე-ჩემპიონი და ბრინჯაოსმედალოსანია, ახლა კი თამასა ბევრად მაღლა ასწია - ერთი საფეხურით უფროს ასაკში მსოფლიოს ვერცხლისმედალოსანი გახდა.
საამისოდ მას ოთხი მოგება ეყო, მეხუთე, ფინალური შეხვედრა კი დათმო რუს აბუაზიდ მანციგოვთან.
ჩვენებურს პირველივე წრეში საკმაოდ მძიმე ბრძოლა გადახდა პოლონელ მიშალ კოსლასთან - პირველი პერიოდი 3:3 დასრულდა და ბოლქვაძემ მხოლოდ მეორეში იმარჯვა მინიმალური ანგარიშით, 1:0.
პირველი პერიოდი ამერიკელ საჰიდ კარგბოსთანაც ფრედ დაასრულა - 2:2 და მისი წინააღმდეგობაც მეორეში გატეხა - 4:1 მოუგო.
სომეხ ტიგრან აბრაჰამიანთან შეხვედრა არანაკლებ დაძაბული და სულაც სისხლიანი გამოდგა - მეტოქე 4:0-ს იგებდა, თუმცა ბოლქვაძეს წარბი მაინც გაუხეთქა, ოღონდ საბოლოოდ წმინდად დამარცხდა.
ბოლქვაძე ნახევარფინალშიც შეუვალი იყო ირანელ რამინ ტაჰერისარტანგთან - 5:4, რომელიც ამ ასაკში მსოფლიოს შარშანდელი ვიცე-ჩემპიონია, ოღონდ - 60 კილოგრამში.
სამაგიეროდ, ჩვენებური ფინალში ვერაფერს გახდა მანციგოვთან და წმინდად წააგო - 0:7.
ამის მიუხედავად, ბოლქვაძემ ახალგაზრდულ ნაკრებში მაინც წარმატებული დებიუტი მოიწყო.
ცეცხლაძე 20-წლამდელებში ევროპის ვიცე-ჩემპიონია, ახლა კი მორიგ მედლამდე ერთი მოგება დააკლდა.
მან პირველი ორი შეხვედრა დამაჯერებლად, სუფთად მოიგო - ყირგიზ ოსკონბაი აბდუპატაევს 6:0 სძლია, ხოლო გერმანელ პეტერ ჰაასს - 7:0. ამერიკელ ლუის ისაია ვარონასაც იმავე ანგარიშით მოუგო, ოღონდ საამისოდ ორი პერიოდი დასჭირდა.
სამწუხაროდ, ეს ცეცხლაძის ბოლო წარმატება აღმოჩნდა ამ ჩემპიონატში - ჯერ ნახევარფინალი დათმო რუსეთის წარმომადგენელ რუბენ მინასიანთან (ზედიზედ მეორედ გახდა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი) - 2:6; 2:3, მერე კი ბრინჯაოსთვის პაექრობაშიც დამარცხდა ყაზახ აკან ბაიმაგანბეტოვთან, თუმცა მინიმალური სხვაობით - 1:1; 0:1.
დასანანია რობერტ კობლიაშვილის (84) უმედლოდ დარჩენა, როგორც ძლიერი მოჭიდავისა - ის უფროსებშიც და ახალგაზრდებშიც საქართველოს მოქმედი ჩემპიონია, ახალგაზრდებში კი ევროპის წლევანდელ პირველობაზე, პრაქტიკულად, ცალფეხამ ბრინჯაო მოიპოვა.
კობლიაშვილმა შვედ კარლ იონას პლატოს იოლად მოუთავა ხელი - 6:3 საერთო ანგარიშით, კორეელ იუნ-ჰიეონ ჩოსთანაც ყოჩაღად დაიწყო - პირველი პერიოდი 2:0 მოუგო, მაგრამ მეორე 2:6 დათმო. სამწუხაროდ, კორეელიც მალევე დამარცხდა და ჩვენებური სანუგეშოში ვერ გადავიდა.
იქამდე მისვლა არც ზურაბ გედეხაურს (120) დასცალდა - გერმანელ ევროპის ჩემპიონ კრისტიან ჯონს წმინდად კი მოუგო, მაგრამ მოულოდნელად დამარცხდა ლიტველ მანტას კნისტაუტასთან - 1:2. არადა, თავიდან მასთანაც დაწინაურდა - 1:0.
* * *
15 აგვისტოს მსოფლიოს ჩემპიონატში გოგონები ჩაებმებიან, რომლებიც 16 აგვისტოს დაასრულებენ ასპარეზობას, 17 აგვისტოდან კი "არმიელთა არენა" თავისუფალი სტილით მოჭიდავე ბიჭებს დაეთმობათ.
ჩვენი ნაკრები ამ დილით გაფრინდა ბულგარეთში. გიორგი გოგშელიძემ ევროპის პირველობაზე ნაჭიდავებ გუნდში ერთადერთი ცვლილება შეიტანა - როლანდ ანდრიაძის ნაცვლად გიორგი კაკაურიძე წაიყვანა.
ევროპირველობის მსგავსად, სხვა წონებში ამჯერადაც ნიკა ტატუაშვილი (50), ბექა ბუჯიაშვილი (55), შოთა ფარტენაძე (60), დავით ბუზიაშვილი (66), ლაშა გიგაშვილი (74), ლევან გოგრიჭიანი (84) და გენო პეტრიაშვილი (120) იჭიდავებენ. ამათგან, პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა, გიგაშვილი და ბუზიაშვილი კი მესამეზე გავიდნენ.
კვარცხლბეკი
55 კგ. 1. კილიც სერიფი (თურქეთი); 2. რუბენ მინასიანი (რუსეთი); 3. ანდრეი სტარიუკი (ისრაელი), აკან ბაიმაგანბეტოვი (ყაზახეთი); 5. ნიკა ცეცხლაძე (საქართველო).
66 კგ. 1. აბუაზიდ მანციგოვი (რუსეთი); 2. შმაგი ბოლქვაძე (საქართველო); 3. რამინ ტაჰერისარტანგი (ირანი), შოჰეი იაბიკუ (იაპონია).
84 კგ. 1. სოსრუკო კოძოკოვი (რუსეთი); 2. აჰმად იოუსეფ გადერიანი (ირანი); 3. შიბლ ტარეკ მოჰამედ აბდ ელსალამი (ეგვიპტე), ორხან ნურიევი (აზერბაიჯანი).
120 კგ. 1. სერგეი სემენოვი (რუსეთი); 2. აბას აბდულაევი (აზერბაიჯანი); 3. პოლ სამუელ სტოლი (აშშ), მინ-სეოკ კიმი (სამხრეთ კორეა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"