ქართველი "ბერძენ-რომაელები" ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დღეს ვერ ივარგეს

AutoSharing Option
რამდენადაც წარმატებული აღმოჩნდა ჭაბუკ "ბერძენ-რომაელთა" მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი დღე ქართველი მოჭიდავეებისთვის, იმდენად წარუმატებელი გამოდგა მეორე დღე - საჭიდაოდ გასული 5 ქართველიდან არათუ მედალი ვერც ერთმა ვერ მოიპოვა, სანუგეშო წრეშიც მხოლოდ ორი მათგანი გადავიდა, დანარჩენები კი ადრევე გავარდნენ.

ამდენად, დავით ბედინაძის კრებული სტარტზე მოპოვებული შედეგით ბრუნდება სერბული სრენჯანინიდან - თითო ოქრო-ბრინჯაო.

მსოფლიოს ჩემპიონი მძიმეწონოსანი ზვიად პატარიძე გახდა, მესამე ადგილზე კი ლევან ქავჟარაძე (58) გავიდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ: ოქროს მედალი და ისიც მძიმე წონაში მოპოვებული - ნამდვილად ყურადსაღები შედეგია, თუმცა ასეთი რანგის
ტურნირში ორი ჯილდო თვით ნაკრების მწვრთნელებსაც არ დააკმაყოფილებთ.

გუშინ ჩვენებიდან ყველაზე უკეთ ირაკლი ჩხარტიშვილი (76) გამოვიდა, რომელმაც მეხუთე ადგილი დაიკავა. მას პირველივე წრეში სოლიდური მეტოქე ერგო - უნგრელი ევროპის წლევანდელი მესამე პრიზიორი ედუარდ რაკოლტა, თუმცა ჩხარტიშვილმა იოლად გაიმარჯვა - 3:0; 1:0.

დიდი პრობლემები არც მომდევნო ორ შეხვედრაში შეჰქმნია - ებრაელ ბარ-ელ ზიმკინდს ორი პერიოდის ჯამში 3:1 მოუგო, ინდოელ მანჯეეტ დალალს კი ასევე ორ სეტში 5:2 სძლია.

ამით ჩვენებური ნახევარფინალშიც გავიდა, თუმცა, სამწუხაროდ, მეტის გაკეთება ვერ შეძლო - ჯერ მომავალ ჩემპიონთან, იაპონელ ასენ სასაკისთან დამარცხდა 1:3, მერე კი ბრინჯაოს მედლისთვის პაექრობაც დათმო ყაზახ ტამერლან შადუკაევთან - 0:6.

სანუგეშო წრეს გიგა ქოქოლაძემაც (85) უწია, რადგან პირველივე წრეში ამ ტურნირის მომავალ თურქ ფინალისტთან, ევროპის წლევანდელი პირველობის ბრინჯაოს მედალოსან მუჰამედ ცანბიცაკთან 0:3; 0:2 დამარცხდა.

ქოქოლაძემ დამამშვიდებელშიც პირველივე წრეში წააგო - გერმანელ ჯულიან ნოიმაიერთან 1:5. ამ წონაში ქართველი მაინც ავიდა კვარცხლბეკზე, მაგრამ რუსეთის სახელით - ვლადიმერ შავლოხაშვილი მესამე ადგილზე გავიდა.

ნაადრევად წააგო ნუგზარ წურწუმიამ (42) - რუს ვლადისლავ გუდოზნიკოვს 4:1 კი აჯობა, მაგრამ აზიის ყაზახ ვიცე-ჩემპიონ ზელიმხან უსმანოვთან დამარცხდა და გავარდა.

მართალია, ევროპის წლევანდელმა ბრინჯაოს მედალოსანმა თემურ შავაძემ (46) ამერიკელ ტანერ კოქსს აჯობა, თუმცა უზბეკ ჯავოხირ მირახმედოვთან წააგო. მისი მოგვარე ნუკრი შავაძე (76) პირველივე წრიდან გავარდა მექსიკელ ხორხე ალონსო ხიმენეს სუნიგასთან მარცხით.

კვარცხლბეკი
42 კგ. 1. ემინ საფერშაევი (უკრაინა); 2. ნურბეკ მაკსატბეკოვი (ყირგიზეთი); 3. სლავიკ გალსტიანი (სომხეთი), ცადე ოლივასი (აშშ); 10. ნუგზარ წურწუმია (საქართველო).
46 კგ. 1. მოჰამად მონფარედ სოლთანი (ირანი); 2. ვლადისლავ მელნიკოვი (რუსეთი); 3. იავოხირ მირახომედოვი (უზბეკეთი), კანან საფაროვი (აზერბაიჯანი); 8. თემურ შავაძე (საქართველო).
69 კგ. 1. ასენ სასაკი (იაპონია); 2. სერხან აკოიუნი (თურქეთი); 3. ჯონ ჯაი ჩავესი (აშშ), ტამერლან შადუკაევი (ყაზახეთი); 5. ირაკლი ჩხარტიშვილი (საქართველო).
76 კგ. 1. ისლამ აბასოვი (აზერბაიჯანი); 2. ბერტალან პაპი (უნგრეთი); 3. ალი ცენგიზი (თურქეთი), მაირბეკ ადიგუნოვი (რუსეთი); 14. ნუკრი შავაძე (საქართველო).
85 კგ. 1. სოსლან ფანზიევი (აზერბაიჯანი); 2. მუჰამედ ცანბიცაკი (თურქეთი); 3. ვლადიმირ შავლოხაშვილი (რუსეთი), დენისლავ ზლატევი (ბულგარეთი); 14. გიგა ქოქოლაძე (საქართველო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩხარტიშვილი კი არა თარხნიშვილია!!! :@
0

სიახლეები პოპულარული