შეიძლება ითქვას, ამით ოლიმპიური მოძრაობაც ლაფსუსს გადაურჩა, რადგან ის თავის ერთ-ერთ ძირძველ სახეობას კარგავდა - ბერძნულ-რომაული ჭიდაობა ხომ ჯერ კიდევ ანტიკური პერიოდის თამაშების პროგრამაში შედიოდა, რომელიც არასოდეს ამოუღიათ თანამედროვე ოლიმპიადიდან.
თამაშების დაარსებიდან 117 წლის შემდეგ ეს საკითხი პირველად დადგა დღის წესრიგში.
სიმართლე გითხრათ, მოვლენათა ასეთი დასასრული არ იყო ძნელად საწინასწარმეტყველო, ჭიდაობის მომავალმა ბედმა ისეთი
მოძმე მოჭიდავეებს დახმარების ხელი სპორტის სხვა სახეობების უპირველესმა ვარსკვლავებმა, ოლიმპიადისა და მსოფლიოს არაერთმა ჩემპიონმა გაუწოდა, რომლებიც უანგაროდ ჩაებნენ მთელ მსოფლიოში გაშლილ მოძრაობაში - "დარჩეს ჭიდაობა ოლიმპიადაში".
თუმცა ამ ვარსკლავებისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, მაინც გვგონია, რომ გადამწყვეტი პოლიტიკური მხარდაჭერა გახდა - რაც უნდა ვეცადოთ სპორტისა და პოლიტიკის ერთმანეთისგან გამიჯვნას, მათ შორის მჭიდრო კავშირს ეგრეც ვერ ჩავშლით, ხოლო სოკ-ის დაფინანსება ბევრადაა დამოკიდებული სწორედ წამყვან ქვეყნებზე.
ამასთან, ის სესიის დელეგატებიც ხომ კონკრეტულ ქვეყნებს წარმოადგენენ, ციდან არ არიან ჩამოფრენილები...
ჭიდაობის მომავალი კიდევ უფრო ნათელი მას შემდეგ გახდა, რაც სოკ-მა ოლიმპიადის პროგრამაში დასატოვებელ სახეობათა სია 3-მდე შეამცირა, სადაც ჭიდაობას საკმაოდ სუსტი კონკურენტები შემორჩნენ - სქვოში და სოფტბოლ-კეტბურთი.
დღეს იმის თქმაც დაბეჯითებით შეიძლება, რომ სოკ-მა მთელი ეს ავანტიურა (ჭიდაობის შესაძლო ამოღება) საერთაშორისო ფედერაციის მესაჭეობიდან რაფაელ მარტინეტის ჩამოსაშორებლად წამოიწყო.
ბოლო ხანებში ეს ფედერაცია "რუხ კარდინალთა" სათარეშოდ იქცა - ჯერ იყო და, ათწლეულების განმავლობაში იქაურობას მაშინდელი იუგოსლავიელი, ეროვნებით სერბი მილან ერცეგანი ვერ მოაცილეს - ბოლოს სკამიდან წამოდგომა და მოძრაობაც კი უჭირდა, მაგრამ პოსტი... მხოლოდ სიკვდილმა დაათმობინა.
ფაქტობრივად, პარალიზებული პრეზიდენტის პირობებში იქაურობას გენერალური მდივანი მარტინეტი მართავდა, რომელმაც ერცეგანის გარდაცვალების შემდეგ პრეზიდენტის სავარძელში გადაინაცვლა. ის კია შვეიცარიაში დაბადებულ-გაზრდილი, მაგრამ წარმოშობით "კოზა ნოსტრას" სამშობლო იტალიიდანაა.
ეტყობა, შვეიცარიაში ცხოვრებამ მასში გენეტიკური კოდი ოდნავადაც ვერ ჩაკლა და ფილაში მთელი მაფიოზური იმპერია შექმნა თავისი ყიდვა-გაყიდვებით და მოსყიდვა-ჩაწყობებით.
ამ იმპერიაში იყიდებოდა ყველაფერი - მედლებიც და თანამდებობებიც.
მაგალითად, ფილას ბიუროში შეღწევას დიდხანს ამაოდ ცდილობდნენ რუსთა სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ჭიდაობის ცოცხალი ლეგენდა ალექსანდრ კარელინი და ყაზახი მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიური ვერცხლ-ბრინჯაოს მფლობელი დაულეტ ტურლიხანოვი, თუმცა მმართველი ორგანო მყარად "ეჭირათ" მარტინეტის მომხრეებს.
ტურლიხანოვმა მიზანს შედარებით ადრე მაინც მიაღწია, კარელინი კი ბიუროში მხოლოდ შვეიცარიელის პოსტიდან გადაყენების შემდეგ შეიყვანეს.
ვიყოთ გულახდილები და ნუ ვიტყვით, რომ ეს ქარვასლა მარტინეტიმ დაამკვიდრა, რადგან ვაჭრობა მანამდე კარგა ხნით ადრეც არსებობდა (თუნდაც რომის შორეულ ოლიმპიადაზე, 1960 წელს გიორგი სხირტლაძის ამბავი გავიხსენოთ, როცა ის ჯერ ოლიმპიურ ჩემპიონად გამოაცხადეს, მაგრამ ნახევარი საათის შემდეგ შედეგი შეცვალეს და ქართველი ვერცხლს დააჯერეს), მაგრამ ახალ სიმაღლეზე კი აიყვანა.
ცხადია, ფილაში არსებული განუკითხაობა ყველამ იცოდა და ბევრიც ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ მარტინეტიმ იმდენად გამართული სისტემა შექმნა, მართვის ყველა ბერკეტი ხელში ჩაიგდო და ძვრაც ვერავინ უყო. როგორც გაირკვა, ფილა ეროვნულ ფედერაციებს ფულსაც "აწერდა" სხვადასხვა ფონდის საშუალებით, რაზეც მას თურმე სოკ-იც ხშირად მიუთითებდა.
ოღონდაც ის პირდაპირ ვერ მოხსნიდა საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ამ ავანტიურით კი იოლად გასწია გვერდზე, თუმცა - ვერა საბოლოოდ. სოკ-მა ამ მეთოდით უღირსი მმართველიც ჩამოაშორა ოლიმპიურ ოჯახს და ჭიდაობასაც გაკეთილშობილების საშუალება მისცა.
ამდენად, ჭიდაობის დატოვებით ოლიმპიადამ თავისი სახე კი შეინარჩუნა, მაგრამ თავად ჭიდაობამ დაკარგა სახე - მუჯლუგუნით ან უბრალოდ, მიწოლით წრიდან გაყვანით მოპოვებული ქულა; პერიოდებად დაყოფილი შეხვედრები, როცა გამარჯვებული არა დაგროვილი ქულებით, არამედ მოგებული პერიოდებით ვლინდებოდა, რის შედეგადაც შეიძლება, ორთაბრძოლა, ვთქვათ, 8:2 დასრულებულიყო, მაგრამ ბრძოლა მაინც ორქულიანს გაეგრძელებინა...
ეს ყველა აბსურდი დღევანდელ ჭიდაობას ახასიათებდა, თუმცა იყო სხვა, მაყურებლისთვის გაუგებარი წესები და ტელევიზიებისთვის უინტერესოდ გაჭიმული საშეჯიბრო ფორმატი, რაც პირდაპირ რეპორტაჟებს შეუძლებელს ხდიდა, ანუ კომერციულად არ იყო მომგებიანი; სანახაობის ჩამკლავი წესები და ჭიდაობის ნაცვლად - ძალისმიერი ბღლარძუნი...
ხალხი ახალს ქმნის და იმას ალამაზებს ისე, რომ ოლიმპიადის პროგრამაში შეაქვთ; ამათ კი ლამაზი სანახაობა იქამდე მიიყვანეს, ლამის ამოიღეს თამაშებიდან. ამას თავად საერთაშორისო ფედერაციაში არსებული არაორგანიზებულობაც ემატებოდა - ტექნიკური რევოლუციის ეპოქაში ხშირად ტურნირებიდან შედეგების გაგებაც კი ჭირდა, ხოლო პირდაპირ რეპორტაჟებზე ლაპარაკიც ზედმეტია.
მოკლედ, ჭიდაობა ახლა კი გადარჩა, მაგრამ მომავალში სილამაზე და მაყურებელი თუ ვერ დაიბრუნა და საორგანიზაციო საკითხებსაც არ მიხედა, შესაძლოა, ისევ დადგეს ოლიმპიადიდან მისი ამოღების საკითხი.
ფილა-ს სათავეში სერბი ნენად ლალოვიჩის მოსვლის შემდეგ წესები სასიკეთოდ კი შეიცვალა, მაგრამ კვლავაც ბევრია გამოსასწორებელი.
პირდაპირმა რეპორტაჟებმაც იმრავლა, ოღონდ ჯერ მხოლოდ წამყვანი ქვეყნები მოიცვა. თუმცა მთავარი მაინც ისაა, ფილა-ში დადგმული დახლი მოშალონ და მედლები წინასწარ არ გაყიდონ.
და აი, სწორედ აქ მივადექით მთავარ სათქმელს - მოშლიან კი, დაკარგავენ შემოსავალს მავანნი? პირდაპირ ვიტყვით - ეს ძალიან გვეეჭვება. თუნდაც იმიტომ, რომ ლალოვიჩზე დიდია რუსების გავლენა, ისინი კი ამ ჩაწყობების ინიციატორები არიან.
არადა, ერთხელ და სამუდამოდ წარსულს თუ არ ჩაბარდა ის დრო, როცა ყველამ იცის, ვინ რამდენმილიონიანი კეისით ჩადის შეჯიბრებაზე, მანამ არაფერი გამოსწორდება.
იმედია, ვითარება მართლაც შეიცვლება. ჭიდაობის, სპორტის ყველა ქართველ ქომაგს ვულოცავთ სოკ-ის გადაწყვეტილებას - ჩვენი სპორტი ხომ ძიუდოისტებთან ერთად, ძირითადად, მოჭიდავეთა წარმატებებზეა დაფუძნებული, თორემ სხვა სახეობები მთავარ ტურნირებზე ზამთრის მზესავით იშვიათად გამოურევენ ხოლმე ჯილდოებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"