ქართველ "ბერძენ-რომაელებს" 22 ნოემბერს მძიმე ბრძოლები ელით

AutoSharing Option
22 ნოემბერს ორად გაყოფილ ბერძენ-რომაელთა ნაკრებს დიდი ბრძოლები ელის - ერთი ნაწილი, რომელშიც ძირითადი შემადგენლობის უმეტესობა შედის, მინსკში იჭიდავებს ბელორუსთა პირველ ოლიმპიურ ჩემპიონ ოლეგ კარავაევის მემორიალში, მეორე ნაწილი კი ბაქოში, "ოქროს დიდი პრიზის" სუპერფინალში გამოვა.

მინსკში გუნდური შეჯიბრება ტარდება, სადაც ჩვენგან ნიკა ცეცხლაძე (55), თორნიკე თურქიშვილი (60), საჩინო დავითაია (66), ზურაბ დათუნაშვილი, ილია გულბათაშვილი (ორივე - 74), ვლადიმერ გეგეშიძე (84), ვასილ იმერლიშვილი, სოსო ჯაბიძე (ორივე - 96), ლევან არაბული, სერგო გოგისვანიძე (120) იჭიდავებენ.

სამწუხაროდ, ამ შეჯიბრების შესახებ ინფორმაციები 21 ნოემბერს,
საღამოს არსად მოიძებნებოდა - არც საერთაშორისო ფედერაციის, არც - ბელორუსისა და სხვა წამყვანი ქვეყნების ოფიციალურ საიტებზე. მხოლოდ ის დავადგინეთ, რომ მონაწილეთა რაოდენობა წინასწარ დაანონსებული 12 გუნდიდან 8-მდე შემცირებულა - საქართველო, რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, ლიტვა, პოლონეთი და მასპინძელთა ორი გუნდი.

წინასწარ სიას გამოაკლდნენ აზერბაიჯანი, აშშ, უნგრეთი და კუბა. სამწუხაროდ, ვერ გეტყვით, ჩვენები ვისთან მოხვდნენ ჯგუფში, ტურნირის საპრიზო ფონდი კი 60 ათასი დოლარია.

ბაქოში გიორგი ლომინაძე (55), ლაშა გოგიტაძე (60), რევაზ ლაშხი, გიორგი დავითაია (ორივე - 66), მანუჩარ ცხადაია, უშანგი ჩიტიაშვილი (ორივე - 74), გიორგი ცირეკიძე, რევაზ ნადარეიშვილი, გაგა კილასოვი (სამივე - 84), ირაკლი ქაჯაია, მიხეილ ქაჯაია, ბექა როყვა (96), გურამ ფერსელიძე, იაკობ ქაჯაია, შოთა გოგისვანიძე (120) იასპარეზებენ. სამწუხაროდ, წუხელ არც ამათი წილისყრის შესახებ არსებობდა ცნობები ინტერნეტში.

ჩვენი "თავისუფალთა" ნაკრები ბაქოში 22 ნოემბერს, საღამოს გაემგზავრება, ოღონდ ერთი ცვლილებით - მძიმე წონაში ხელნატკენ გიორგი საკანდელიძეს ელიზბარ ოდიკაძე შეცვლის, ვინც 96-ის მოჭიდავეა.

ეტყობა, ეს ცვლილება მწვრთნელებმა იმიტომ მიიღეს, რომ მძიმე წონის სხვა ლიდერები - დავით მოძმანაშვილი და გენო პეტრიაშვილი საქართველოს ჩემპიონატისთვის ემზადებიან.

ეტყობა, ამ ტურნირისთვის მზადების მიზნით მიჰყავთ ბაქოში ოდიკაძეც, თუმცა მას სტარტი ამას წინათ მოსკოვშიც ჰქონდა და ხომ არ აჯობებდა, ახლა მძიმე წონის რომელიმე ახალგაზრდა ფავორიტი წაეყვანათ? ყოველ შემთხვევაში, ბაქოში მყოფმა ჩვენი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ ოდიკაძის და გიორგი ედიშერაშვილის (60) ზედა წონებში გამოსვლა ქვეყნის მოახლოებული პირველობით ახსნა, მათ წონას არ ვაკლებინებთო. აქედან გამომდინარე, ედიშერაშვილი ბაქოში თავის წონას არ დაუბრუნდება.

არადა, მან მართლაც 60-ში მოიპოვა საგზური, მაგრამ, ჩვენი ინფორმაციით, ჩვენებმა მიმართეს ფილას, მისთვის კვლავ 55-ში გამოსვლის ნება დაერთოთ, რაზეც თანხმობა მიიღეს, თუმცა საკითხის გადაწყვეტას ადგილზე აპირებდნენ. ეტყობა, ედიშერაშვილი მაინც 60-ში გამოვა.

ამ დუეტის გარდა, ბაქოში ჩვენგან ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (60), მალხაზ ზარქუა (66), დავით მარსაგიშვილი (84) და დავით ქერაშვილი (96) იჭიდავებენ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული