იაკობ ქაჯაიას ტრანსფორმაცია და ვერცხლი ბაქოს "ოქროს დიდი პრიზზე"

AutoSharing Option
ფოტოზე: იაკობ ქაჯაია მარცხნივ

ქართველ "ბერძენ-რომაელთა" ნაკრები ბაქოში, "ოქროს დიდი პრიზის" ფინალურ ტურნირში 15 კაცით ჩაება, რომელთაგან რვამ მედლისთვის იჭიდავა. აქედან ერთი ფინალში იყო, დანარჩენები კი ბრინჯაოსთვის ასპარეზობდნენ, თუმცა მათი საბოლოო მონაგარი 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაოა.

იქნებ, არც ესაა ცუდი შედეგი, მაგრამ მეტისმეტად ბევრი შანსი გავანიავეთ. გუნდურ პირველობაში ჩვენები მხოლოდ მასპინძლებს ჩამორჩნენ და მეორეზე გავიდნენ.

ტურნირის ვიცე-ჩემპიონი მძიმეწონოსანი იაკობ ქაჯაია გახდა, მესამე ადგილზე კი უშანგი ჩიტიაშვილი (74) და ბექა როყვა (96) გავიდნენ. ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრები რევაზ ლაშხმა (66), მანუჩარ
ცხადაიამ
(74), გიორგი ცირეკიძემ, რევაზ ნადარეიშვილმა (ორივე - 84) და მიხეილ ქაჯაიამ (96) წააგეს.

ჩანს, იაკობ ქაჯაიამ ბოლოდროინდელი უსიამოვნო პერიოდი უკან მოიტოვა. მოგეხსენებათ, ტრავმის გამო მან ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონატი გამოტოვა, ახლა კი ბაქოში, ფინალს თუ არ ჩავთვლით, კვლავაც ძლიერად იჭიდავა. მან მიყოლებით სძლია რუს ვასილ პარშინს, ირანელ ბეჰნამ ნედიზადეჰს, ნახევარფინალში კი საკმაოდ ძლიერი თურქი, ევროპის ბრინჯაოსმედალოსანი ატილა გიუზელი 3:1 დაამარცხა.

ფინალში მისი მეტოქე მასპინძელი საბაჰ სარიატი იყო. სამწუხაროდ, ქაჯაიას აქ ის დაემართა, რაც ბოლო ხანებში ხშირად მოსდით ხოლმე - ფინალში, რატომღაც, მოშვებული და დეზორგანიზებული გავიდა, თითქოს არაქათგამოცლილი იყო, მოძრაობაც კი უჭირდა.

სარიატიმ პირველი ქულები ჩოქბჯენიდან მოიპოვა. ამ დროს, ვფიქრობ, ქაჯაიაც შეცდა - გვერდზე ცოცვის ნაცვლად, წამოდგომა სცადა. მეტოქემაც დრო იხელთა და 2-ქულიანზე იოლად დაატრიალა, რასაც კომბინაციაში კიდევ ერთი ტრიალი მიაყოლა, ოღონდ, ამჯერად, ქართველმა დახურვა სცადა და ნაწილობრივ მიაღწია კიდეც მიზანს - მეტოქე მხოლოდ ქულას გამორჩა.

შესვენების შემდეგ სარიატი ისევ იოლად შეეკრა და უკან გადაჩეხა ქაჯაია, რომელიც უკვე შეგუებული იყო მარცხს. თუმცა ერთ მომენტში კონტრილეთით სცადა უკუგდება და ქულაც აიღო, მაგრამ დაღლილობისგან ფეხზე დგომა უჭირდა და საბოლოოდ, 1:7 დამარცხდა.

უნდა ითქვას, რომ ამ ტურნირზე აზერბაიჯანელებმა გდების უზადო გაკვეთილები ჩაუტარეს მსოფლიოს. სარიატის მაგალითი არაფერია იმასთან შედარებით, რაც ცირეკიძეს შახრიარ მამადოვმა გაუკეთა, ხოლო ევროპის ჩემპიონ რაფიკ ჰუსეინოვის მიერ დგომიდან გაკეთებული სამქულიანი გდება, დანიელ მსოფლიოს ჩემპიონ მარკ მადსენთან, სულაც კლასიკა იყო.

96-ში ჩვენი ორივე მონაწილე - მიხეილ ქაჯაიაც და ბექა როყვაც ნორვეგიელთა მომავალ ფინალისტ მარტინ ნილსენთან დამარცხდნენ, ოღონდ, მანამდე მიხეილმა მასპინძელთა ქართველი სამგზის ევროპისა და მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი შალვა გადაბაძეც დაამარცხა. ამავე წონაში მისი ძმა - ირაკლი ქაჯაია პირველივე წრიდან გავარდა.

ჩიტიაშვილმა, უკრაინელთან მოგების შემდეგ, ზემოხსენებულ ჰუსეინოვთან წააგო, მერე კი თურქ ფატიჰ ჩენგიზსა და რუს ზელიმხან მუდაევს აჯობა.

კვლავ ფატალური შეცდომის გამო დაკარგა ბრინჯაო ცხადაიამ, ვისაც მედლამდე წუთნახევარი აშორებდა - 2:2-ს იგებდა. მან ჯვარედინ მოვლებაზე ისევ სცადა მეტოქის ზურგს უკან გადაგდება, რაც ვერ შეძლო, სანაცვლოდ კი თავად მოყვა ქვეშ. მწვრთნელებმა ან ნორმალურად უნდა დაამუშავებინონ ეს ილეთი, ან საერთოდ აუკრძალონ მისი შესრულება, თორემ ვინ მოთვლის, მერამდენედ წამოეგო ამ საბედისწერო გდებას...

ლაშხმა ბრინჯაო ხორვატ დომინიკ ეტლინგერთან დათმო, ხოლო ნადარეიშვილმა - ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორ ვიქტორ ლორინცთან.

ჩვენი გუნდის სხვა წევრები - გიორგი ლომინაძე (55), ლაშა გოგიტაძე (60), გიორგი დავითაია (66) და გაგა კილასოვი (84) პირველივე წრეში დამარცხდნენ. მძიმე წონაში გურამ ფერსელიძეს შოთა გოგისვანიძემ მოუგო, რომელიც მერე ზემოხსენებულ ატილა გიუზელთან დამარცხდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული