საჩემპიონო შეჯიბრება ბერძენ-რომაელებში: ახალი ტურნირი ძველი ლიდერებით

AutoSharing Option
ნაახალწლევს სეზონი მყისიერად განაახლეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა - 4 იანვარს ფალავანთა კლუბში საჩემპიონო შეჯიბრება იმ ორ წონით კატეგორიაში, 71-სა და 80-ში გაიმართა, რომელიც გაისად ამ საჭიდაო სტილს ემატება.

ახალი წონები და ახალი ლიდერები - წესით, ეს უნდა ყოფილიყო ამ შეჯიბრების ლაიტმოტივი, თუმცა ორივეგან ძველმა ფალავნებმა გაიმარჯვეს - მანუჩარ ცხადაიამ (71) და გიორგი ცირეკიძემ (80).

ოღონდ ვერ ვიტყვით, რომ რომელიმემ იოლად მიაღწია წარმატებას ან მომავალში ელოდება მშვიდი ცხოვრება. პირიქით - საკმაოდ ცხარე ბრძოლები გადახდათ საჩემპიონოდ, წინ კი კიდევ არაერთი დაძაბული პაექრობა
ელოდებათ.

წონათა ეს ახლებური დახარისხება ფრიად წაადგათ ძმებ დათუნაშვილებს - გიორგიმ 74-დან 80-ში გადაინაცვლა.

შედეგად, უფროს ძმასთან, ევროპის ვიცე-ჩემპიონ ზურაბ დათუნაშვილთან კონკურენცია არ მოუწევს - ცხადია, ბოლომდე თუ დარჩება აქ. ასევე მისწრება გამოდგა ცხადაიასთვის, რომელმაც ზურაბ დათუნაშვილთან მეტოქეობასაც დააღწია თავი და თან შუალედური წონაც იპოვა მისთვის მშობლიურ 66-სა და 74-ს შორის.

ეს მას იმდენად აწყობს, რომ ბევრის დაკლება არ მოუწევს და ძალის მხრივ, ფიზიკურად უპირატესობა ექნება მეტოქეებზე.

ამჯერად მან დიდი შემართების ხარჯზე ფინალში მინდია წულუკიძეს მოუგო. წულუკიძემ 2009 წელს თბილისში გამართულ ახალგაზრდა მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატში გაიმარჯვა, მას შემდეგ კი ბლომად წონითი კატეგორიები გამოიცვალა და ახლა ახალში ცდის ძალას. ბრინჯაოს მედლები ნუკრი შავაძემ და გიორგი ჯავახიამ მოიპოვეს.

ცოტა მოულოდნელია 80 კილოგრამში შეკრებილი კონტინგენტი, განსაკუთრებით კი ფინალისტები - ცირეკიძემ 84-დან დაიკლო, ახალგაზრდებში ევროპის ბრინჯაოსმედალოსანი ლაშა გობაძე კი 74-დან ავიდა იქ.

ცირეკიძე ადრე თითქმის არ იკლებდა - მისი სტაბილური წონა სწორედაც რომ 84 კილოგრამია, იშვიათად რომ ასულიყო 85-მდე. ახლა იმ 4-იოდე კილოგრამის დაკლება არ გაუჭირდება, სამაგიეროდ, ქვედა წონიდან ამოსულებთან შედარებით, ღონის თვალსაზრისით, ფიზიკურ ძალაში უპირატესობა ექნება. სწორედ ამიტომ ნაკრების სათავეში დაბრუნებული ბეგი დარჩია მიიჩნევს, რომ ცირეკიძისთვის ეს წონა ზედგამოჭრილია.

აქ ბრინჯაოს მედლები ზემოხსენებულმა გიორგი დათუნაშვილმა და ახალგაზრდებში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა თორნიკე ძამაშვილმა მოიპოვეს. ეს დუეტიც და გობაძეც 74-დან ამოვიდნენ ამ წონაში, რაც თითქოს ცოტა გასაკვირია. ამათგან გასაგები დათუნაშვილის ამბავია - ძმასთან კონკურენციას გამოერიდა, დანარჩენები კი იმ წონას მორგებულნი ჩანდნენ და წარმატებებიც იქ მოიპოვეს.

სავარაუდოდ, აქ გადმოსვლა ახალგაზრდული ასაკის გამო მოისურვეს - ჯერ კიდევ იმატებენ წონაში და ვინძლო ისედაც მოსწეოდათ ეს. თუმცა მაინც ვეჭვობთ, იმის მიუხედავად, რომ მათი მწვრთნელების სურვილი არ ვიცით, ესენი ჯერ კიდევ ოპტიმალური წონის ძიებაში არიან. ამ ტრიოს სასარგებლოდ ასაკიც მუშაობს - ამჯერად კი დამარცხდნენ (პირდაპირ თუ არაპირდაპირ) ცირეკიძესთან, მაგრამ მასზე ბევრად ახალგაზრდები არიან.

თუმცა საკუთარი ამბიციურობა სამივემ დაამტკიცა, განსაკუთრებით კი - გობაძემ, რომელიც ფინალში გავიდა, სადაც ცირეკიძემ მისი წინააღმდეგობა მხოლოდ ბოლო წუთს გატეხა. ჩემპიონს დათუნაშვილთანაც დიდი ბრძოლა გადახდა, მაგრამ ამჯერად ყველა დაბრკოლებას გაუმკლავდა.

შეგახსენებთ, რომ ახალ წლამდე ანალოგიური შეჯიბრება, ოღონდ მხოლოდ ერთ წონაში, "თავისუფლებმაც" ჩაატარეს, 6 იანვარს კი ორივე ნაკრები ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებს - "თავისუფლებიც" და ბერძენ-რომაელებიც ბაკურიანში მიემგზავრებიან, სადაც ფიზიკური მომზადებისთვის განკუთვნილ ორკვირიან შეკრებას გაივლიან.

შედეგად, სპორტსმენები ძირითადად ფიზიკურად ივარჯიშებენ, ლეიბს კი ნაკლები ყურადღება დაეთმობა. ბერძენ-რომაელებისთვის სეზონის პირველი ტურნირი 23-24 იანვარს თეირანში გასამართი "იადეგარ იმამის თასი" იქნება, სადაც დარჩია სათადარიგო გუნდის, ძირითადად, ქვეყნის ბრინჯაოსმედალოსნების გაგზავნას აპირებს.

"თავისუფლები" წლეულს პირველად 6-7 თებერვალს ისევ თეირანში, "ტახტის თასზე" გამოვლენ, სადაც რევაზ მინდორაშვილი ლიდერებით აპირებს წასვლას.

შეგახსენებთ, რომ იქ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ლუკა კურტანიძეც იჭიდავებს - 41 წლის ვეტერანმა სპორტსმენმა 97 კილოგრამში კონკურენციის გაძლიერებაში წვლილის შეტანის სურვილი გამოთქვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული