ბ/რ ჭიდაობა. მსოფლიოს შესარჩევი: დათუნაშვილი ყველგან ლიდერია

AutoSharing Option
ფოტოზე: გამარჯვებული ზურაბ დათუნაშვილი
სპორტკომპლექს "არენაში" ჩატარდა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი, რომელმაც მონაწილეთა დიდი ინტერესი გამოიწვია და არაერთმა ძლიერმა ფალავანმაც მიიღო მონაწილეობა.

შეგახსენებთ, რომ შესარჩევი ორ წონაში - 71-სა და 80 კილოგრამებში ჩატარდა, თუმცა მასში მონაწილეობა 66, 75 და თვით 85 კილოგრამის ფალავნებმაც მიიღეს. მსოფლიოს ჩემპიონატზე წასვლის ხიბლი იმდენად მაცდური აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი ქართველების მუდამ მტკივნეულ - წონის კლების პროცესზეც კი წავიდა და 5 კილოზე მეტი დაიკლო, 80-ში რომ ეასპარეზა. მათ შორის ევროპის მესამეპრიზიორი გიორგი ცირეკიძეც იყო, რომელმაც ის ჯილდო
სწორედ 80 კილოგრამში მოიპოვა, თუმცა შემდეგ 85-ში გადავიდა, რადგან წონის დაკლება უჭირდა.

ეს შეჯიბრება საინტერესო იმითაცაა, რომ გარკვეულწილად, გამოჩნდა საკადრო გადაადგილებების კონტურები - ვინც ახლა ზედა წონაში იჭიდავა, სავარაუდოდ, მათი დიდი ნაწილი იქვე დარჩება. ყოველ შემთხვევაში, ევროპის წლევანდელი ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი ნამდვილად 80 კილოგრამში ჩაატარებს უახლოეს სამ სეზონს, თუმცა არის მოსაზრება, რომ საოლიმპიადო კონკურენციის გამო ამ ციკლის ბოლოს ისევ 75-ში ვიხილავთ. ერთ ტურნირზე დაკლება (ოლიმპიადაზე) არ უნდა გაუჭირდეს, სხვა შეჯიბრებებს კი 80-ში ჩაატარებს.

ამ ტურნირის ფარგლებში კიდევ ერთი საინტერესო ღონისძიება მოეწყო - მემორანდუმი გაფორმდა ყატარის ჭიდაობის ფედერაციასთან და ამიერიდან იქაური ჭიდაობის განვითარებაზეც უნდა ვიზრუნოთ.

71 კგ
ამ წონაში რამდენიმე კარგი ახალგაზრდა იქცევდა ყურადღებას და ძალიან საინტერესო ნახევარფინალიც შედგა ახალგაზრდებში ევროპის ორ ჩემპიონს - მინდია წულუკიძესა და რამაზ ზოიძეს შორის.

ზოიძე თავის ასაკში მსოფლიოს ზედიზედ ორგზის ჩემპიონიცაა, გუშინ კი პირველივე წრეში 2:1 დაამარცხა ერთ-ერთი საყურადღებო ფალავანი გოგიტა გოგბერაშვილი, მერე კი გიორგი ხუჭუას წმინდად, 8:0 მოუგო.

წულუკიძემ დაძაბულ ბრძოლაში აჯობა გამოკვეთილ ფავორიტ გოგა აფრიამაშვილს - 3:2, ედნარ შავაძეს კი უფრო იოლად, 6:2 მოუგო. ნახევარფინალში ასაკით უფროსმა და ცოტა მეტად გამოცდილმა წულუკიძემ იმარჯვა: 1:0; 1:0, რაც სადღეისოდ, ალბათ, ლოგიკურიცაა.

თუმცა ამ წონაში ყველაზე საყურადღებო ამბავი ბადის მეორე ნახევარში, პირველივე წრეში მოხდა, როცა წონის ყველაზე ტიტულოვანი ფალავანი, ევროპისა და მსოფლიოს ფინალისტი, ოლიმპიური პრიზიორი მანუჩარ ცხადაია თორნიკე ჯანგავაძესთან 0:1; 2:4 დამარცხდა.

ცხადაიას თაობას უჭირს დღევანდელ გახსნილ ჭიდაობაში თავის გატანა, დღეს მათთვის ნაცნობი ჯაჯგურა სტილი თანამედროვე ტექნიკურ, დინამიკურ ჭიდაობასთან არაეფექტურია. ცხადაიას არც სანუგეშოში გადასვლის საშუალება მიეცა, რადგან მეორე წრეში ჯანგავაძე ბექა მამუკაშვილთან ორი პერიოდის ჯამში 9:0 დამარცხდა.

ბადის ამ ნახევრიდან საჩინო დავითაია გავიდა, ვინც პირველივე წრეში მოგვარე და უხერხული მეტოქე - გიორგი დავითაია დამატებითი მაჩვენებლებით დაამარცხა, მერე კი მამუკაშვილს ჯამში 9:0 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა.

ასეთივე უფლება მოიპოვა საქართველოს ჩემპიონმა გიორგი ჯავახიამაც, ვისაც ვერც იური ლომაძე (2:0) დაუდგა წინ და ვერც - მურად მიქელაძე (3:0). ნახევარფინალური პაექრობა დავითაიამ გაცილებით მაღალ დონეზე ჩაატარა და 4:0 იმარჯვა. სამაგიეროდ, ფინალში წულუკიძე აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე და პირველი პერიოდი 4:1 მოიგო. მეორე 0:2 კი დათმო, მაგრამ ჩემპიონის ტიტული და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მაინც მას დარჩა.

სანუგეშო წრეში ყველაზე მეტად აფრიამაშვილმა და გიორგი დავითაიამ ივარგეს, რომლებმაც ბრინჯაოს მედლები არავის დაუთმეს.

1. მინდია წულუკიძე (აჭარა)
2. საჩინო დავითაია (სენაკი)
3. გიორგი დავითაია (სენაკი), გოგა აფრიამაშვილი (ადიგენი).

80 კგ
აქ რამდენიმე ფალავანი იწვევდა განსაკუთრებულ ყურადღებას: წონის ძველი ლიდერი, მსოფლიოს პრიზიორი და შარშანდელ მსოფლიოზე ჩვენი ერთადერთი მედალოსანი ლაშა გობაძე, ძმები დათუნაშვილები, მეტადრე კი - ზურა, იგივე ცირეკიძე და სხვები...

აქ მოვლენები ლოგიკურად განვითარდა და ფინალში მართლაც მთავარი ფავორიტები - ზურაბ დათუნაშვილი და გობაძე გავიდნენ, მათი შერკინება კი მთლიანად ტურნირის ფინალი გამოდგა.

საინტერესოა აღინიშნოს, რომ ის ფრედ დასრულდა - 2:2, დათუნაშვილის ჩემპიონობა კი დამატებითი მაჩვენებლებით გამოვლინდა. თუმცა შეხვედრა დაძაბული უფრო იყო, ვიდრე - სანახაობრივი. ამათში გახსნილი, შემტევი ჭიდაობით უფრო გობაძე გამოირჩევა. მართალია, დაცვაზე აქცენტის აღებას ვერც დათუნაშვილს დავაბრალებთ (მარტო მისი "ავაზას ნახტომი" რად ღირს, როცა მეტოქეებს თავზე გადაახტება და ილეთს ისე აკეთებს-ხოლმე), თუმცა ხელებზე დაკიდება და ჯაჯგური უფრო მისი სტილია, გობაძე კი წმინდად ტექნიკური სტილის ფალავანია.

ოღონდ ამჯერად ტურნირზე უფრო მეტი ქულა დათუნაშვილმა დააგროვა, გობაძე კი თავის ტექნიკას, ილეთების არსენალს მთლად ისე წარმატებით ვერ იყენებდა - პირველ წრეში გიორგი დევიძეს 1:0; 9:0, ხოლო ნახევარფინალში თემურ ჭკუასელიძეს პირველივე პერიოდში წმინდად, 8:0 კი მოუგო, მაგრამ ისინი არ არიან წონის ლიდერები, აი, ძლიერებთან - ცირეკიძესა და დათუნაშვილთან კი ბევრად გაუჭირდა ქულების მოპოვება.

ცირეკიძესთან მეორე წრეში შესვენების შემდეგ კი მოუმატა, მაგრამ ილეთი ვერ გააკეთა, ხოლო პირველი პერიოდი მეტოქეები ოდენ მხრებით აწვებოდნენ ერთმანეთს. იქ პირველი ქულა აქტიურობის ნიადაგზე ცირეკიძემ მოიპოვა, მეორეში კი ასევე ერთი ქულა გობაძეს მისცეს და ამით მოიგო. ცხადია, ის ჯერ არაა სათანადო ფორმაში და ამას უნდა მივაწეროთ ახლანდელი ჭიდაობა.

ამ მხრივ დათუნაშვილი უკეთ გამოიყურებოდა - ვალერიან აფციაურს ორი პერიოდის ჯამში 8:0, ნუკრი შავაძეს 9:0, ხოლო ნახევარფინალში კი ნიკოლოზ კელასოვს 6:1 მოუგო.

ფინალი ორივემ აქტიურად დაიწყო, პირველი ქულა კი დათუნაშვილმა მოიპოვა, როიცა რამდენიმე წამში მეტოქე წრიდან გაიყვანა - 1:0 მის სასარგებლოდ. მალევე მან კისრულით დაუპირა წამოღება, თუმცა გობაძემ კარგად დაიცვა თავი და თვითონ გადავიდა შეტევაზე, მაგრამ დათუნაშვილი გაექცა. სამაგიეროდ, როცა ისევ შეიბნენ, კვლავ დაუპირა წრიდან გაყვანა, მაგრამ ამჯერად მეტოქემ არ დაანება.

პირველი პერიოდი 1:0 დასრულდა, მეორეში კი ბრძოლის სურათი დიდად არ შეცვლილა. ერთი ეგ იყო, გობაძემ უფრო მოუმატა, თუმცა დათუნაშვილიც ტაქტიკურად იცავდა თავს და შეხვედრა სასურველი ანგარიშით დაასრულა.

დამამშვიდებელ წრეში სხვებზე მეტად თავი კელასოვმა და ჭკუასელიძემ გამოიჩინეს, რომლებიც ასევე ავიდნენ კვარცხლბეკზე.

1. ზურაბ დათუნაშვილი (თბილისი)
2. ლაშა გობაძე (აჭარა)
3. ნიკოლოზ კელასოვი (აჭარა), თემურ ჭკუასელიძე (აჭარა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული