ახალგაზრდა "ბერძენ-რომაელთა" ჩემპიონატი: ახალი კონტურები

AutoSharing Option
ამ უქმეებზე სპორტკომპლექსმა "არენამ" ახალგაზრდა "ბერძენ-რომაელთა" საქართველოს პირველობას უმასპინძლა, რომელმაც საკმაოდ საინტერესო ბრძოლებში ჩაიარა.

წლეულს ამ გუნდში თაობათა ცვლის შედეგად ნაკრები ორმა ისეთმა ლიდერმა დატოვა, ჯერ კიდევ შარშანვე ეროვნული ნაკრების პირველნომრობაზე რომ აცხადებდნენ პრეტენზიას - თანატოლებში ევროპის ჩემპიონმა იაკობ ქაჯაიამ (130) და ევროპის მესამე პრიზიორმა რობერტ კობლიაშვილმა (84).

აღსანიშნავია, რომ მათ ახლაც გაიმარჯვეს საქართველოს ბოლო ჩემპიონატში. ბუნებრივია, ამ დონის ათლეტების სრულფასოვნად შეცვლა არ იქნება იოლი, მაგრამ ჭაბუკებიდან შევსებაც კარგი მოვიდა.

იმათგან განსაკუთრებით ბათუმელებმა - ლერი აბულაძემ (50), მურად მიქელაძემ (60),
სენაკელმა ბაკურ გოგოლმა (66) და ქუთაისელმა ზვიად პატარიძემ (120) იყოჩაღეს. გოგოლმა, სხვებთან ერთად, წონის ფავორიტი, ახალგაზრდებში მსოფლიოს შარშანდელი ვიცე-ჩემპიონი შმაგი ბოლქვაძეც კი დაამარცხა, ფინალში კი ედნარ შავაძეს სძლია.

არადა, შავაძემ შარშან უფროსებში მოიგო საქართველოს ჩემპიონატი და ახლაც კარგად იასპარეზა, თუმცა ეს ფინალური პაექრობა საკმაოდ ხმაურიანი გამოდგა და მსაჯები ზოგიერთი ეპიზოდის შეფასებაზე ბოლომდე მაინც ვერ შეთანხმდნენ.

საკმაოდ კარგად იასპარეზეს გუნდის შარშანდელი შემადგენლობიდან შემორჩენილმა ლიდერებმა და ამჯერადაც გაიმარჯვეს. გამოჩნდნენ ახალი სახეებიც და ამ მხრივ ტურნირმა მისია გაამართლა.

ახალი წესების დამსახურებით, ჭიდაობაც უფრო სანახაობრივი გახდა, თუმცა იქმნება საშიშროება, ცვლილებებში ამ ბოლოს კვლავ შეტანილმა რამდენიმე სიახლემ ისევ არ დაუკარგოს დინამიკურობა.

თითქოს გამოცოცხლდა ჩოქბჯენში ჭიდაობა და ახლა შედარებით ბევრი ილეთი სრულდება.

მაგალითად, 27 იანვარს გამორჩეული იყო აქამდე უცნობ წყალტუბოელ იონა ფირცხალავას ორი ჩინებული გდება ეგრეთ წოდებულ ბრინჯაოსთვის დასაყვან შეხვედრაში (აქ ბრინჯაოს მფლობელებს აჭიდავებენ ერთმანეთში, რაც ყოვლად გაუმართლებელი გვგონია) შალვა ხაჩიძესთან - კომბინაციაში ზედიზედ ორჯერ აიტაცა ლეიბიდან და ისე გადააგდო... იმავე ეტაპზე ლამაზი გდებები მოიპოვა ზემოხსენებულმა ბოლქვაძემაც გიორგი ხუჭუასთან - ჯერ ფეხზე მდგარმა გადაისროლა ზურგს უკან, მერე კი მშვენიერი კისრულით ჩაუხტა ფანდზე.

არადა, მანამდე ხუჭუამაც კარგად იჭიდავა, ხელხვავრიელად ირჯებოდა და ბლომად ქულებს აგროვებდა, რაც ამ საჭიდაო სახეობაში წინა წლებში იშვიათობა იყო.

ტურნირის დასრულების შემდეგ ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ზაზა სილაგაძეს კომენტარი ვთხოვეთ, რომელმაც შემდეგი განაცხადა: "გუნდში თაობათა საკმაოდ სერიოზული ცვლაა და წავიდნენ მთავარი ლიდერები. თუმცა შარშანდელიდან შემორჩენილები წლევანდელ სეზონსაც სტაბილურად აგრძელებენ - შმაგი ბოლქვაძე, ლაშა გობაძე, კუკური კირცხალია... გამოჩნდნენ ახალი კადრები, რომლებთანაც სამუშაო ბევრი იქნება.

ვიმედოვნებ, ევროპა-მსოფლიოს პირველობებისთვის კარგად მოვემზადებით. მოულოდნელი კადრია ბაკურ გოგოლი, რომელმაც კარგად იჭიდავა და ძლიერი მეტოქეები დაამარცხა. ქების ღირსია ჭაბუკებიდან გადმოსული ზვიად პატარიძეც, რომელიც ასევე ჩემპიონი გახდა. მან ფინალში ჭაბუკებში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ბექა კანდელაკი დაამარცხა, რომელმაც მანამდე იმავე ტიტულის მფლობელ ზურაბ გედეხაურს აჯობა.

60 კილოგრამში ჩემპიონი მურად მიქელაძეც მომეწონა და მესამეზე გასული ლევან ქავჟარაძეც, ორივემ კარგად იჭიდავა... 9 თებერვალს ბაკურიანში ფიზმომზადების შეკრებას დავიწყებთ, რასაც ბორჯომში მოჰყვება მეორე შეკრება, მერე კი რიგაშია პირველი სტარტი. იმ ტურნირის შედეგებით დაკომპლექტდება ევროპის პირველობაზე წამსვლელი გუნდი"
.

კვარცხლბეკი
50 კგ. 1. ლერი აბულაძე (აჭარა), 2. შოთა ღლონტი (ოზურგეთი), 3. ილია ტყებუჩავა (თბილისი), თორნიკე ჭელიძე (აჭარა).
55 კგ. 1. გიზო მელაძე (აჭარა), 2. ბექა ბალანჩივაძე (წყალტუბო), 3. დავით მარკოიძე (აჭარა), დავით სანიკიანი (ქუთაისი).
60 კგ. 1. მურად მიქელაძე (აჭარა), 2. იური ლომიძე, 3. ლევან ქავჟარაძე (ორივე - ოზურგეთი), ირაკლი შავაძე (აჭარა).
66 კგ. 1. ბაკურ გოგოლი (სენაკი), 2. ედნარ შავაძე, 3. შმაგი ბოლქვაძე (ორივე - აჭარა), გიორგი ხუჭუა (ოზურგეთი).
74 კგ. 1. გელა ბოლქვაძე (აჭარა), 2. გიორგი მელია (სამტრედია), 3. კონსტანტინე ბარბაქაძე (გარდაბანი), მურთაზ ჩაბრავა (სენაკი).
84 კგ. 1. ლაშა გობაძე (აჭარა), 2. ნიკა გავაშელი, 3. შალვა ხაჩიძე (ორივე - თბილისი), იონა ფირცხალავა (წყალტუბო).
96 კგ. 1. კუკური კირცხალია, 2. ნიკა კახელიშვილი (ორივე - თბილისი), 3. გიორგი ბარბაქაძე (გარდაბანი), სულხან ბუიძე (ქუთაისი).
120 კგ. 1. ზვიად პატარიძე (ქუთაისი), 2. ბექა კანდელაკი, 3. ნიკა კორსანტია, ზურაბ გედეხაური (სამივე - თბილისი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული