ყოველ შემთხვევაში - ძირითადი ნაკრები, ანუ ლიდერები, თორემ არაა გამორიცხული, სათადარიგოებით დაკომპლექტებული გუნდი კი გაემგზავროს. მთავარი ნაკრებისთვის ალტერნატივად ყაზახეთში გასამართავი კომერციული შეჯიბრება იგეგმება, თუმცა ჯერ არც იქ წასვლაა გადაწყვეტილი.
კაცმა რომ თქვას, ძირითადი ნაკრები აქ ჯერ ძალზე პირობითი ცნებაა, ვიდრე საქართველოს ჩემპიონატი არ ჩატარდება. მისი გამართვა იანვარში იგეგმებოდა, მაგრამ დეკემბრის ბოლოსთვის გადმოიტანეს.
სწორედ იმის შემდეგ გაირკვევიან
ამ გზაზე ძალზე მნიშვნელოვანია აღმასკომის სხდომა, რომელიც 24 ნოემბერს უნდა გაიმართოს, თუმცა არის მოსაზრება, რომ რამდენიმე დღით ადრეც ჩატარდეს. დღეს ისეთი რეალობაა, რომ ორივე დაპირისპირებული მხარე ელოდება ამ თარიღს, ანუ ის ერთგვარ წყალგამყოფადაც შეიძლება იქცეს.
შიდა აშლილობის გამო სამომავლო სეზონისთვის მზადების საშემოდგომო ეტაპი ჩაუვარდა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს - მათ მხოლოდ იაკუტსკში მოასწრეს გამოსვლა და იქაც, ძირითადად, სათადარიგოებმა იჭიდავეს, სხვა შეჯიბრებებზე კი ვეღარ გაემგზავრნენ.
მათთან შედარებით, "ბერძენ-რომაელებს" ისედაც არ ჰქონდათ დაგეგმილი ბევრი სტარტი, მაგრამ ახლა ამათზეც ვეღარ მიდიან. არადა, გაისად მსოფლიოს ჩემპიონატია, სადაც რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ლიცენზიები უნდა გათამაშდეს. ასეთი მნიშვნელოვანი სეზონის წინ სრულყოფილი მზადება რამდენად მნიშვნელოვანია, შეხსენებაც არ გჭირდებათ.
...თუმცა მოლოდინის რეჟიმში არა მხოლოდ ქართული ბერძნულ-რომაული ჭიდაობაა, არამედ მსოფლიოც - საერთაშორისო ფედერაცია ამ სტილისთვის სერიოზულ ცვლილებებს გეგმავს.
კერძოდ, საერთაშორისო ფედერაცია წესებში შესატან ცვლილებებს განიხილავს, რომელთა შორისაც არსებითი ორია: გაუქმდეს პერიოდებად დაყოფა, სანაცვლოდ კი დააბრუნონ ადრინდელი უწყვეტი 5-წუთიანი ჭიდაობა და ასევე, გაუქმდეს ჩოქბჯენი, როგორც სადამსჯელო ღონისძიება და არა საჭიდაო ელემენტი.
მოგეხსენებათ, თანამედროვე რეგლამენტი ორ სამწუთიან პერიოდს ითვალისწინებს, შუაში შესვენებით, ახლა კი გაჩნდა იდეა, დააბრუნონ ძველი წესი, როცა უწყვეტად ჭიდაობდნენ 5 წუთი.
რაც შეეხება ჩოქბჯენს, არის იდეა, რომ გაფრთხილებული მოჭიდავე პირდაპირ დასაჯონ 2 ქულით, მაგრამ არ ჩააყენონ დაბლა.
საერთოდ, ამ იდეის ავტორებს სურთ, რომ ჩოქბჯენში ჩაყენებით ნუ დასჯიან ფალავანს, ხოლო ჭიდაობისას ვინმე თუ გადაიყვანს მეტოქეს ამ მდგომარეობაში, შეხვედრა ჩვეულებრივად გაგრძელდება, არ შეაჩერებენ. ისევ გავიმეორებთ - ლაპარაკია ჩოქბჯენის, როგორც სადამსჯელო ღონისძიების და არა ილეთის გაუქმებაზე. ანუ, როგორც ფანდი, ის კვლავაც იარსებებს.
ცვლილებათა ზემოაღნიშნულ პაკეტზე მსოფლიოს ფედერაციამ გასულ უქმეებზე უკვე იმსჯელა მოსკოვში, "ევროპის ერთა თასის" დღეებში, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. განზრახულია დეკემბერში მორიგი შეხვედრა შვეიცარიაში, მსოფლიოს ფედერაციის შტაბბინაში, სპეციალურად ამ საკითხზე, რომელსაც მსაჯ-ინსტრუქტორებიც დაესწრებიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"