ქართველმა "ბერძენ-რომაელებმა" უნგრეთის "დიდ პრიზის" პირველ დღეს ორი ბრინჯაო მოიპოვეს

AutoSharing Option
7 მარტს უნგრულ სომბათჰეიში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში "დიდი პრიზის" გათამაშება დაიწყო.

ტურნირის პირველ დღეს, 7 მარტს ჩვენმა ნაკრებმა 2 ბრინჯაო მოიპოვა - რევაზ ლაშხმა (66) და მათე სოფაძემ (85).

ლაშხმა წინასწარ ეტაპზე 4 შეხვედრა მოიგო და ნახევარფინალში გავიდა. ამ ორთაბრძოლებში მან ყაზახი ბაკბერგენ ნუპსარა, ყირგიზი ასკარ ბეგალიევი, ისევ ყირგიზი დემეუ ჟადრაევი და ამერიკელი ბრის სადორისი დაამარცხა, მერე კი ხორვატ დომინიკ ეტლინგერთან წააგო. ბრინჯაოს მედლისთვის პაექრობაში ქართველმა სერბი მატე ნემესი დაჯაბნა.

სოფაძემ პირველი შეხვედრა წარმატებით ჩაატარა რუმინელ პირვანთან - 2:0; 1:0, მაგრამ
მეორე წრეში შვედთა მომავალ ფინალისტ იოჰანსონთან 2:2-ზე წააგო. დამამშვიდებელში ქართველმა სამი შეხვედრა მოიგო და ყველა შუააზიელებთან: ჯერ ყირგიზი აზატ ბაიშბეკოვი 8:0 დაამარცხა, მერე კი ყაზახებს აჯობა, აზამატ კუსტუბაევსა (1:0; 2:0) და ნურსულთან ტურსუნოვს (1:0; 3:2) და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ამავე წონაში პირველივე წრიდან გამოვარდა ვლადიმერ გეგეშიძე - სწორედ ტურსუნოვთან წააგო.

ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა მანუჩარ ცხადაიამაც (75), თუმცა უკრაინელ მიკოლა დარაგანთან - 0:6; 0:2. ჩვენებური პირველად მეოთხედფინალში დამარცხდა სერბ ვიქტორ ნემესთან (0:1;0:1), ვინც წინა წრეში ილია გულბათაშვილს მოუგო.

ცხადაიამ ტურნირი საკმაოდ ძლიერ ყირგიზ დანიარ კობონოვთან 3:0 ძლევით დაიწყო. მეორე წრეში ნიკა კელასოვის მომგები ჩეხი პიოტრ ნოვაკი 9:0 გაანადგურა, მერე კი პოლონელ მათეუშ ვოლნისაც ორი პერიოდის ჯამში 5:0 მოუგო. ამას სერბთან წაგება და ადამამშვიდებელში გადასვლა მოჰყვა, სადაც ჯერ უნგრელ პეტერ ნაგის აჯობა, მერე კი გულბათაშვილსაც მოუგო.

მძიმე წონაში ჩვენი მთავარი იმედი იაკობ ქაჯაია ყაზახ ოლიმპიურ პრიზიორ ნურმახან ტინალიევთან 2:3 დამარცხდა, მანამ კი იმავე ანგარიშით უკრაინელ ევგენი ორლოვს მოუგო. მას სანუგეშოში გადასვლის შანსი არ მიეცა, რადგან ტინალიევმა მესამე წრეში ესტონელთა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ჰეიკი ნაბისთან წააგო. პირველივე შეხვედრაში ყაზახთან დამარცხდა შოთა გოგისვანიძეც - დამირ კუზემბაევთან 0:8 წააგო.

უნგრეთის ტურნირი 8 მარტს დასრულდება, როცა საქმეში 59, 71, 80 და 98 კილოგრამის ფალავნები ჩაებმებიან. ჩვენგან მირზა ვანაძე, გოდერძი დავითაძე (ორივე - 59), ანტონ მამაგეიშვილი, მინდია წულუკიძე, გიორგი ჯავახია (სამივე - 71), გიორგი ცირეკიძე (80), ვასილ იმერლიშვილი და სოსო ჯაბიძე (ორივე (98) იჭიდავებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული