U23. ქართველმა "ბერძენ-რომაელებმა" ევროპის ჩემპიონატზე ოქრო და სამი ბრინჯაო მოიპოვეს

AutoSharing Option
პოლონურ ვალბრზიხში დასრულებულ 23-წლიანთა ევროპის ჩემპიონატში ჩვენმა "ბერძენ-რომაელებმა" 4 მედალი მოიპოვეს. აქედან 1 ოქრო და 3 ბრინჯაოა.

ზაზა ჯიბლაძის შეგირდებიდან ყველაზე უკეთ ლაშა გობაძემ (80) იჭიდავა და კონტინენტის ჩემპიონი გახდა, მესამეზე კი ხვიჩა ჭითავა (59), გიორგი დავითაია (66) და კუკური კირცხალია (98) გავიდნენ.

გობაძემ არა მარტო შედეგიანად, არამედ ძალიან ლამაზადაც იჭიდავა და რამდენჯერმე ჩახტომით კისრულზეც გადმოიღო მეტოქეები. მაგალითად, ასე დაამარცხა ბერძენი ნიკოლაოს ვარკასი, ფინალში კი სომეხ სარგის კოჩარიანსაც ამ ილეთით აართვა პირველი ორი ქულა.

პოლონეთში გობაძემ, ჯამში, ოთხი შეხვედრა გამართა
და პირველში საკმაოდაც გაუჭირდა თურქ დოგან გიოკტასთან - 7:6 მოუგო. ამას ბერძენთან გამარჯვება და ნახევარფინალი მოჰყვა ზოლტან კერისთან (უნგრეთი), ვისაც 2:0 აკმარა, ფინალში კი კოჩარიანს 3:2 მოუგო. ის ორი ქულაც მეორე პერიოდში დაკარგა, როცა მონაპოვარის შენარჩუნებაზე ზრუნავდა.

ულამაზესი გდებით დაგვამახსოვრა თავი კირცხალიამაც, რომელმაც ბრინჯაოსთვის პაექრობაში გერმანელი პეტერ ოლერიც ლეიბიდან აქაჩვის შემდეგ ისევე გადააგდო უკან, როგორც გობაძემ შეუსრულა ვარკასს. ჩვენებური სანუგეშო წრეში მას მერე მოხვდა, რაც პირველივე პაექრობა დათმო ფინელთა მომავალ ფინალისტ ტომას ლაჰტისთან. სანუგეშოში მან გერმანელამდე უნგრელი ფერენც ალმასიც დაამარცხა - 5:0.

თვალსასეიროდ იჭიდავა ჭითავამაც, რომელსაც ბრინჯაოსთვის შეხვედრაში მხოლოდ ორი გდება და 55 წამი ეყო თურქ მურატ ფირატთან - ჯერ ჯვარედინ მოვლებაზე დგომიდან გადააგდო 4-ქულიანზე, მერე იქიდან კარგა ხანს კი ეწვალა აქაჩვაზე, მაგრამ საბოლოოდ მაინც მოსწყვიტა ლეიბს და მორიგი დატრიალებით ანგარიში 8:0 გახადა.

ილეთების კიდევ უფრო დიდი კასკადი დაატეხა თავს პოლონელ მიხალ ტრაზს - დასაწყისშივე მოძრაობაზე დაიჭირა, მხრებში შეუვარდა და პირდაპირ დგომიდან 4-იანზე გადააგდო, თან იქვე დაატრიალა - 6:0.

მეორე პერიოდში თითქოს მეტოქემ ჩაიყვანა ჩოქბჯენში, მაგრამ ამოუძვრა და იქით გადაიყვანა, რისთვისაც კიდევ 2 ქულა და სუფთა მოგება მიიღო. მანამდე გერმანელ ეტიენ კინსინგერსაც დაახვია თავბრუ - მოხდენილი მანერით წელში შეუვარდა და გადააგდო, რასაც დატრიალებები მიაყოლა. ეს შეხვედრა ქართველმა 6:2 მოიგო, ერთადერთი მარცხი კი ნახევარფინალში იწვნია რუსთა მომავალ ფინალისტ ზაურ კაბოლევთან - 1:3.

დავითაიამ პირველ პაექრობაში 5:2 დაჯაბნა ნორვეგიელი პაალ ერიკ გუნდერსენი, მერე კი ეროვნულ ნაკრებში უკვე საკმაოდ გამოცდილ ხორვატ დომინიკ ეტლინგერთან 0:5 წააგო. დამამშვიდებელში მან ჩეხი მათეუშ მორბიტზერი (5:1) და მოლდოველი მაქსიმ მაულატი (1:0) დაამარცხა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული