ჭიდაობა. მსოფლიოს ჩემპიონატი ახალგაზრდებში: ბრაზილიაში "ბერძენ-რომაელები" იწყებენ

AutoSharing Option
ფოტოზე: ზვიად პატარიძე
დღეს, თბილისის დროით გვიან ღამით, ბრაზილიის ქალაქ სალვადორ დე ბაიაში ახალგაზრდა მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება, რომელშიც თავდაპირველად "ბერძენ-რომაელები" ჩაებმებიან. ბრაზილიასთან სასაათო განსხვავება დაახლოებით 9 საათია. ამიტომ წინასწარი შეხვედრები აქაური დროით საღამოს დაიწყება.

როგორც უკვე გაცნობეთ, "ბერძენ-რომაელთა" მთავარმა მწვრთნელმა ზაზა სილაგაძემ არ შეცვალა ევროპის ჩემპიონატზე ნაჭიდავები შემადგენლობა და ბრაზილიაშიც იგივე გუნდი წაიყვანა: ნუგზარ წურწუმია (50), ირაკლი შავაძე (55), ლევან ქავჟარაძე (60), რამაზ ზოიძე (66), გელა ბოლქვაძე (74), გიორგი მელია (84), ნიკოლოზ კახელაშვილი (96) და ევროპირველობაზე ჭიდაობის მსოფლიოს ფედერაციის
საიტის მიერ "ახალგაზრდა ლომად" შერაცხილი ზვიად პატარიძე (120).

ამათგან შავაძე და პატარიძე წლეულს ევროპის ჩემპიონები გახდნენ; წურწუმია, ქავჟარაძე, ბოლქვაძე და კახელაშვილი კი მესამეზე გავიდნენ. უმედლოდ 8-კაციანი გუნდიდან მხოლოდ ორი დარჩა: მელია, რომელმაც ბრინჯაოსთვის კი იჭიდავა და საბოლოოდ მეხუთეზე გავიდა და ზოიძე, რომლის ტალანტშიც ეჭვის შეტანა ცოტა ძნელია.

ბუნებრივია, ყველას გამოსვლა ძალიან გვაინტერესებს და ყველას წარმატება თანაბრად გაგვიხარდება, მაგრამ პატარიძის ჭიდაობა მაინც განსაკუთრებით საინტერესოა - იასპარეზებს თუ არა ისე ძლიერად, როგორც ევროპის ჩემპიონატზე გამოვიდა, სადაც, თამამად შეიძლება ითქვას, გააოცა მრავლისმნახველი საჭიდაო სამყარო და აკი "ახალგაზრდა ლომიც" უწოდეს.

ასპარეზობის პირველ დღეს ჩვენგან შეჯიბრებაში წურწუმია, ქავჟარაძე, ბოლქვაძე და კახელაშვილი იჭიდავებენ. დანარჩენი ოთხეული 12 აგვისტოს იასპარეზებს.

13-14 აგვისტო გოგონების ტურნირს დაეთმობა, სადაც მონაწილე არ გვეყოლება; 15-16-ში კი "თავისუფლები" იჭიდავებენ.

აი, ჩვენი ეს გუნდი კი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ საგრძნობლად გადახალისებულია, რადგან მწვრთნელმა გიორგი გოგშელიძემ (სამწვრთნელო შტაბში დავით ოთიაშვილი, გელა საღირაშვილი და კობა კაკალაძეც შედიან, სილაგაძეს კი მუხრან მაჭუტაძე ეხმარება) რამდენიმე მონაწილე შეცვალა და არც თამამ ექსპერიმენტებს მოერიდა.

მან ბრაზილიაში რობერტ დინგაშვილი (50), ედემ ბოლქვაძე (55), გიორგი სულავა (60), ავთანდილ კენჭაძე (66), ტარზან მაისურაძე (76), ირაკლი მწითური (84), გიორგი ჩხარტიშვილი (96) და ბექა კანდელაკი (120) წაიყვანა.

ამათგან ივლისში, სტამბოლში გამართულ ევროპის პირველობაზე ბოლქვაძეს და კანდელაკს არ უჭიდავიათ, ჩხარტიშვილი კი ქვედა წონაში - 84-ში გამოვიდა. სტამბოლში ამ გუნდმა ოთხი მედალი მოიპოვა და ყველა ბრინჯაო, რაც დინგაშვილმა, კენჭაძემ, მაისურაძემ და ჩხარტიშვილმა შეძლეს.

თუმცა ამ გუნდის შარშანდელი ტრიუმფის ფონზე, როცა 3 ოქრო და 2 ვერცხლი მოიპოვეს, ანუ 8 წონიდან 5-ის ფინალში იჭიდავეს, ეს მაინც მოკრძალებული შედეგია (სხვათა შორის, მაშინ მაისურაძე ჩემპიონი გახდა, ჩხარტიშვილი კი ფინალში დამარცხდა). გოგშელიძემაც ამიტომ შეცვალა შემადგენლობა.

მისი შეგირდებიდანაც პირველ დღეს, ანუ 15 აგვისტოს იმავე წონების ფალავნები იჭიდავებენ, რომლებიც "ბერძენ-რომაელთა" ტურნირს გახსნიან: დინგაშვილი, სულავა, მაისურაძე და ჩხარტიშვილი.

ჩვენმა გუნდებმა აკლიმატიზაციის მიზნით დასკვნითი შეკრება ბრაზილიაში გაიარეს - ორივემ 10-დღიანი, თუმცა "ბერძენ-რომაელებმა" ის უკვე დაასრულეს, "თავისუფლები" კი ამ დღეებში დაამთავრებენ და 14-ში უკვე შეჯიბრების ადგილზე იქნებიან. მსოფლიოს ჩემპიონატს ქართველი მსაჯი ზაზა ჯიბლაძეც მოემსახურება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული