მსოფლიოს ჩემპიონატი ჭიდაობაში: ბრინჯაოს შანსიც აღარ დარჩა

AutoSharing Option
არცთუ წარმატებით დაიწყეს გამოსვლა ჩვენმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ლას ვეგასში, მსოფლიოს სალიცენზიო ჩემპიონატზე. მართალია, წუხელ, შუაღამისას ორი მათგანი - შმაგი ბოლქვაძე (66) და ზურაბ დათუნაშვილი (75) ჯერ კიდევ ინარჩუნებდნენ ბრინჯაოს მედლების და რიო დე ჟანეიროს ლიცენზიების მოპოვების შანსს, მაგრამ, სამწუხაროდ, ისინიც კვარცხლბეკს მიღმა აღმოჩნდნენ.

ლას ვეგასში წუხელ ჩვენებიდან საჭიდაოდ პირველი ახალგაზრდებში მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონი შმაგი ბოლქვაძე (66) გავიდა და იოლადაც გაუსწორდა კოლუმბიელ ხაირ მუნიოს გუეროს - მე-20 წამზე წრიდან გაიყვანა და 1:0 დაწინაურდა, ზუსტად 20 წამში კი იმავე ვითარებაში კიდევ
ერთი ქულა შეიმატა: 2:0.

ჩვენებური პირველ სეზონს ატარებს ეროვნულ ნაკრებში, თუმცა კოლუმბიელს მაინც ბევრად აღემატებოდა ოსტატობით, რაც სულ მალე ანგარიშშიც გამოისახა - 2 წუთზე ოდნავ მეტი იყო გასული, როცა ბოლქვაძემ ჯერ ჩინებულად გადააგდო 4-ქულიანზე და თან იქვე დაატრიალა კიდეც, რითაც ანგარიში 8:0 გახდა და პაექრობაც ვადამდე შეწყდა, ჯერ კიდევ პირველივე პერიოდში.

ბოლქვაძეს ბევრად უფრო გაუჭირდა თურქ აბდულსამეტ გუნალთან, ვისთანაც აგებდა კიდეც. არადა, დაწინაურების მშვენიერი შანსი მიეცა, როცა თურქი ჩოქბჯენში ჩააყენეს, მაგრამ ამან ვერ დაატრიალა. ბოლქვაძე ამის შემდეგაც ფლობდა ინიციატივას და უფრო აქტიური ჩანდა, მაგრამ წრიდან მეტოქემ გააგდო და 0:1 ჩამოვრჩით. ცოტა ხანში თურქმა კონტრილეთზე დაიჭირა ჩვენებური და ანგარიში 1:3 გახდა. თუმცა გუნალს სიხარული დიდხანს არ შერჩა, რადგან ბოლქვაძე კარგად შეეკრა ჯვარზე და პირდაპირ დგომიდან 4-ქულიანზე გადააგდო: 6:3 მის სასარგებლოდ.

ამ ეპიზოდში დროც აღარ რჩებოდა ბევრი და ანგარიშიც შეინარჩუნა. მესამე წრეში იოლად დაამარცხა სერიოზული კონკურენტი, სლოვაკი ევროპის ჩემპიონი იშტვან ლევაი - 5:0, მაგრამ მეოთხედფინალში ვერაფერს გახდა სომეხ მიჰრან ჰარუთინიანთან. ეს ბიჭი კარგად გემახსოვრებათ ევროპული თამაშებიდან, როცა ბაქოში საკუთარ თავს გადაახტა და ფინალში იჭიდავა, იქ კი ადგილობრივთა წარმოუდგენელი ობსტრუქციის და მსაჯთა არაობიექტურობის პირობებში რუს არტემ სურკოვთან დამარცხდა.

ის ლას ვეგასშიც ძლიერად ჭიდაობს და ვერც ბოლქვაძემ გააჩერა. ჩვენებურმა მასთან, ძირითადად, ჩოქბჯენი დათმო, როცა ვერც ერთხელ ვერ დაიცვა თავი - ჯერ იყო და, პასიურობისთვის ჩააყენეს დაბლა და ჰარუთინიანმა ორჯერ დაატრიალა, მერე მოძრაობაზე კარგად დაიჭირა შმაგი და 4-იანზე გადააგდო, რასაც ისევ ერთი დატრიალება მიაყოლა და 10 ქულა მოაგროვა, ჩვენებურმა კი მხოლოდ 1 აართვა.

დათუნაშვილმა კვლავ ძველებური და ნაცნობი სქემით იჭიდავა - ხელებზე დაკიდებით, ჯიკაობით, რამაც ირანელ მსოფლიოს ჩემპიონ საიედ მორად აბდვალისთან არ გაუმართლა. თუმცა მანამდე დათუნაშვილმა საკმაოდ იოლად მოუგო ლატვიელ ალექსანდრს ვისნაკოვსსა და ჩინელ ბინ იანს. თან ორივეს ერთნაირი ანგარიშით - 3:0 და ერთნაირი სქემით სძლია - ორივე ჩოქბჯენიდან ხელში აიტაცა და ისე გადააგდო, რითაც 2-2 ქულა მიითვალა, თითო კი წრიდან გაყვანისთვის დაუმატა.

სამწუხაროდ, ჩვენი ლიდერი ჩოქბჯენშიც ვერ გამოიყურებოდა მთლად დამაჯერებლად და ლატვიელის გადაგდება ძალიან გაუჭირდა, დიდხანს ეწვალა, ვიდრე მიზანს მიაღწევდა. საუბედუროდ, ირანელმა ამდენი არ აპატია, თუმცა მედგარი ბრძოლა კი გადაიხადა და 0:2 დამარცხდა.

პირველ შეხვედრაში გაუჭირდა მიხეილ ქაჯაიასაც (98), არადა, ავსტრიელ დენიელ გასტლთან მალევე დაწინაურდა - მეტოქე პასიურობისთვის ჩოქბჯენში დააყენეს, ჩვენებურმა კი ორჯერ დაატრიალა და 4:0 მიჰყავდა ანგარიში. მისი შენარჩუნება თითქოს არ იყო ძნელი, მაგრამ ერთ მომენტში გასტლმა უზადო კისრულზე გადმოიღო და ანგარიში გაათანაბრა. ეს მის უპირატესობასაც ნიშნავდა, რადგან უფრო მაღალი ხარისხის ქულა ჰქონდა, თუმცა შეხვედრის მიწურულს ქაჯაიამ ჯვარედინი მოვლებიდან აიტატა და წრის გარეთ გადგა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით - 5:4.

სამწუხაროდ, უკრაინელთა ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონ დიმიტრი ტიმჩენკოსთან 1:1-ზე ბოლო ქულის გამო დათმო და ცოტა ხანში გავარდა კიდეც, რადგან ტიმჩენკოც მალევე დამარცხდა.

დღეს ასპარეზობაში ქართული კვარტეტი ჩაებმება: მურად მიქელაძე (59), გოგა აფრიამაშვილი (71), ლაშა გობაძე (80) და იაკობ ქაჯაია (130), ოლიმპიურ ლიცენზიებს კი ექვსეულში მოხვედრილი ფალავნები იღებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
დაწერეთ პირდაპირ -(სამწუხაროდ!) წარუმატებლად!
"არცთუ წარმატებით"-?!
12:07 08-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული