საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები დიდი წარმატებით გამოვიდა სტამბოლში, ვები ემრესა და ჰამიდ ყაფლანის მემორიალში, სადაც 2 ოქრო, 5 ვერცხლი და 4 ბრინჯაო მოიპოვა. გუნდურ ჩათვლაში ჩვენები მეორე ადგილზე გავიდნენ.
საინტერესოა, რომ ჩვენც და თურქებმაც 70-70 ქულა დავაგროვეთ, მაგრამ მასპინძლებს 3 ოქრო ჰქონდათ და გუნდური პირველობაც ამით შეინარჩუნეს.
ბეგი დარჩიას გუნდი ყველაზე დიდი წარმატებით არაოლიმპიურ წონაში, 80 კილოგრამში გამოვიდა, სადაც ქართული ფინალი გაიმართა - მსოფლიოს მესამეპრიზიორმა ლაშა გობაძემ თორნიკე ძამაშვილს მოუგო.
კიდევ ერთი ჩემპიონი
ქართულ ფინალში წუთნახევარზე მეტი მსუბუქ ძიძგილაობაში გაილია, თუმცა დასჯილი ძამაშვილი გამოვიდა, რადგან ჩოქბჯენში ჩააყენეს, ოღონდ მაინც ამით კარგად ისარგებლა და თავი წარმატებით დაიცვა. შეხვედრა ამის შემდეგაც ასე უღიმღამო ჯაჯგურში გაგრძელდა და პირველი პერიოდი ფრედ მორჩა: 0:0.
მეორეში ძამაშვილი პასიურობისთვის მაინც დასაჯეს 1 ქულით, თან ისევ ჩააყენეს ჩოქბჯენში, მაგრამ გობაძემ ვერც ამჯერად დაატრიალა. მოგვიანებით გობაძეს ისევ მისცეს ერთი ქულა - 2:0. ამას ძამაშვილმა გააქტიურებით კი უპასუხა, მაგრამ მეტოქეც კარგად იცავდა თავს, მჭიდროდ უზღუდავდა სივრცეს შეტევისთვის.
საბოლოოდ შეხვედრა ასეც მორჩა და გობაძე ჩემპიონი გახდა, ძამაშვილი კი, საქართველოს ჩემპიონატის მსგავსად, ახლაც ვერცხლს დასჯერდა.
გობაძემ მერვედფინალში საქართველოს ჩემპიონ ნიკოლოზ კელასოვსაც მოუგო, ვისთანაც ქვეყნის პირველობაზე ნახევარფინალი დათმო და ბრინჯაოს დასჯერდა. გობაძე აქ გაცილებით აქტიური კი იყო, თუმცა ჩოქბჯენში ვერც მას მოუხერხა რამე. სამაგიეროდ, როცა თავად ჩააყენეს დაბლა, კელასოვმა ზედიზედ ორჯერ დაატრიალა - 4:0.
თითქოს საქართველოს ჩემპიონატი მეორდებოდა, თუმცა მეორე პერიოდში კელასოვმა ხელის ტრავმის გამო ასპარეზობა შეწყვიტა.
ოქრომდე "ქართული გზა" გაიარა კობლიაშვილმაც - ნახევარფინალში ევროპის პრიზიორ გიორგი ცირეკიძეს მოუგო, რითაც საქართველოს ჩემპიონატის ნახევარფინალი განმეორდა - მაშინაც იმავე ეტაპზე დაეჭიდნენ ერთმანეთს დ მაშინაც კობლიაშვილმა იმარჯვა. ეტყობა, ცირეკიძემ საბოლოოდ გადაწყვიტა 85-ში დამკვიდრება, როგორც ოლიმპიურ წონაში და, საქართველოს ჩემპიონატის მსგავსად, ახლაც ბრინჯაო მოიპოვა.
ნახევარფინალიც მისი შეტევით დაიწყო, როცა რამდენიმე წამში მოგვერდით 2-ქულიანზე დააგდო. ცოტა ხანში წრიდანაც უპირებდა გაყვანას, მაგრამ საქართველოს ჩემპიონი კობლიაშვილი მაგრად დაუდგა და არა მარტო წრეში შემოაბრუნა, წელში კარგადაც შეეკრა და გადააგდო, რასაც დატრიალებაც მიაყოლა. მალე ისევ ჩაიყვანა, რამდენიმე წამში კი ისევ შეეკრა წელიდან, ოღონდ ამჯერად პირველზე ბევრად უფრო დახვეწილად გადაისროლა. კობლიაშვილი თითქოს ღონითაც სჯობდა თანაგუნდელს, თუმცა ცირეკიძემაც მოახერხა მიწოლით წრიდან მისი გაგდება - 6:2. მეორე პერიოდი გაცილებით მშვიდ ბრძოლაში წარიმართა და ანგარიში აღარ შეცვლილა.
ფინალში კობლიაშვილმა ყაზახი ნურსულთან ტურსუნოვი დაამარცხა - 3:2. თავიდან ჩვენებურმა დაკარგა 2 ქულა, მაგრამ პერიოდის მიწურულს მეტოქე ჩოქბჯენიდან დაატრიალა და ანგარიში გაათანაბრა. მეორეში ყაზახი პასიურობისთვის ქულით დასაჯეს და დაბლაც დააყენეს, მაგრამ ქართველმა ეს შანსი ვერ გამოიყენა.
ბოლო წუთზე კობლიაშვილმა მედგრად იბრძოლა წარმატებისთვის, როცა თავად მოუწია დაბლა ჩადგომა, მაგრამ მეტოქეს აქაჩვისა და გდებისთვის შანსი არ მისცა. შეხვედრაც ასე დამთავრდა, ჩვენმა ფალავანმა კი ზედიზედ მეორე ძლიერ შეჯიბრებაში იმარჯვა. ცირეკიძემ კი ბრინჯაოსთვის შეხვედრაში თურქ საბან კარატასს აჯობა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"