ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: სალიცენზიო ტურნირის მონაწილეები გამოვლინდნენ

AutoSharing Option
საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებები დუშეთში გადიან შეკრებებს, სადაც სალიცენზიო შეჯიბრებებისთვის ემზადებიან. იქ მწვრთნელთა განკარგულებაში ორივე გუნდის უძლიერესი შემადგენლობაა, ამ დღეებში კი სპორტსმენებს სახელოვანი ოლიმპიური ჩემპიონები - ლევან თედიაშვილი და ვახტანგ ბლაგიძე ესტუმრნენ. ისინი გაესაუბრნენ სპორტსმენებს, გაუზიარეს გამოცდილება, ხოლო თედიაშვილმა მცირე მასტერ-კლასიც ჩაუტარა ათლეტებს.

გასულ უქმეებზე საქართველოს ბერძნულ-რომაული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბეგი დარჩიამ ის დარჩენილი სამეულიც დაასახელა, რომელიც 15-17 აპრილს სერბულ ზრენჯანინში პირველ სალიცენზიო ტურნირში იჭიდავებს.

სამწვრთნელო შტაბმა არჩევანი შემდეგ სამეულზე შეაჩერა: ევროპის ვიცე-ჩემპიონი რობერტ კობლიაშვილი (85), ვასილ იმერლიშვილი (98) და სანდრო
დიხამინჯია
(130). ამათგან კობლიაშვილის გამოჩენა მოსალოდნელიც იყო - ევროპული მედლის გარდა, საქართველოს ჩემპიონიცაა; დანარჩენ წონებში კი მწვრთნელები სათადარიგოებს დაეყრდნენ.

23-წლიანებში ევროპის წლევანდელი პირველობის ტრიუმფით მომგები იაკობ ქაჯაიას დასვენებაც მეტ-ნაკლებად გასაგებია - ზემოაღნიშნულ ტურნირში ორიოდე კვირის წინ იჭიდავა და ამჯერად ასვენებენ, ყველაზე მოულოდნელი კი 85-ში საქართველოს ჩემპიონ რევაზ ნადარეიშვილის დასვენებაა. თუმცა თავად სპორტსმენის სურვილიც ყოფილა, რომ ამჯერად დაესვენა და თუ საჭირო გახდება, მეორე შეჯიბრებაში გამოვიდეს.

შეგახსენებთ, რომ სამწვრთნელო შტაბმა სალიცენზიო შეჯიბრების სამი მსუბუქწონოსანი ადრევე დაასახელა: ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიური ვერცხლისმედალოსანი რევაზ ლაშხი (59), ევროპის წლევანდელი მესამეპრიზიორი შმაგი ბოლქვაძე (66) და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი (75).

გეტყვით იმასაც, რომ ჩვენს "ბერძენ-რომაელებს" ჯერ ექვსი ოლიმპიური წონიდან არც ერთი ლიცენზია არ აქვთ. ზრენჯანინში პირველი სალიცენზიო შეჯიბრება ტარდება, რომელიც ევროპული სტატუსისაა და მასში მხოლოდ ევროპელები გამოვლენ. ამასთან - წონაში ქვეყნიდან მხოლოდ თითო მონაწილე. თან მასში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ის ქვეყნები, რომლებსაც კონკრეტულ წონებში უკვე მოპოვებული აქვთ რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ლიცენზიები (თუმცა ეს საერთაშორისო რანგის შეჯიბრებებშიც ასე იქნება). სერბეთში საგზურს მხოლოდ ფინალისტები მიიღებენ.

ბარემ აქვე სალიცენზიო სისტემაზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა: ამის შემდეგ კიდევ ორი სალიცენზიო ტურნირი ჩატარდება და ორივე საერთაშორისო მასშტაბისა იქნება. პირველ მათგანს უკვე მომავალ უქმეებზე - 22-24 აპრილს მონღოლეთის დედაქალაქი ულან ბატორი უმასპინძლებს და იქ 3 საგზური გაიცემა (მესამეადგილოსნებს ერთმანეთში აჭიდავებენ), მეორე კი ერთ თვეში, 6-8 მაისს სტამბოლში ჩატარდება, სადაც ისევ ორ-ორი ლიცენზია დარიგდება.

მართალია, უკვე ლიცენზირებული ქვეყნები აღარ იქნებიან იმ წონებში, სადაც მოპოვებული აქვთ საგზურები, თუმცა ჩვენს "ბერძენ-რომაელებს" მაინც დიდი ბრძოლა მოუწევთ საგზურებისთვის.

"თავისუფალთა" შორის სულ სხვა ვითარებაა - იქ ლიდერ ქვეყნებს მოპოვებული აქვთ ლიცენზიების უმეტესობა, რაც სხვებს "ბევრად მშვიდი" ცხოვრების გარანტიას აძლევს, რასაც "ბერძენ-რომაელებზე" ვერ ვიტყვით. "თავისუფლებში" რუსეთსა და ირანს 6-ვე საგზური აქვთ, ყაზახეთს, კუბას, მონღოლეთს - 5-5, ჩვენ, აზერბაიჯანსა და აშშ-ს - 4-4 (თუმცა აზიასა და პან-ამერიკაში უკვე ჩატარდა კონტინენტური სალიცენზიო შეჯიბრებები).

ცოტა განსხვავებულია მდგომარეობა "ბერძენ-რომაელებში", სადაც კუბას 5 ლიცენზია აქვს, რუსეთს, აზერბაიჯანსა და ირანს - 4-4, სხვებს კი კიდევ უფრო ნაკლები. თუმცა გარკვეული შეღავათები აქაც გვაქვს. მაგალითად, დათუნაშვილს, რომელიც სადღეისოდ ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერია, სალიცენზიო შეჯიბრებებში მეტოქეებად არ ეყოლებიან რუსი, აზერბაიჯანელი, კუბელი, ირანელი, ამერიკელი და ყაზახი კონკურენტები. მართალია, ადვილი არც სხვებთან ბრძოლა იქნება, მაგრამ ასეთი კონკურენტების გამოკლება მაინც დიდი სამსახურია. მას ახლავე, ზრენჯანინშივე შეუძლია რიო დე ჟანეიროს საგზურის განაღდება, რადგან რუსები და აზერბაიჯანელები არ ეყოლებათ.

59 კილოგრამში ძლიერებიდან ულიცენზიოდ დარჩენილია რუსეთი, მძიმეში - ირანი, 66-ში - ამერიკა, აზერბაიჯანი და ასე შემდეგ, თუმცა სამ ტურნირში ერთ ძლიერთან მოგება სულაც არაა უტოპია. მით უფრო, შეიძლება იმ ძლიერმა პირველივე ცდაზე მოიპოვოს საგზური და დანარჩენებში ისიც არ გვეყოლება.

დასასრულ, გეტყვით, რომ ზრენჯანინში ორი მონაწილე "თავისუფალთა" შორისაც გვეყოლება, რადგან სხვა წონებში მოპოვებული გვაქვს საგზურები: ზურაბ იაკობაშვილი (65) და ევროპის მესამეპრიზიორი იაკობ მაქარაშვილი (74). ჩვენი გუნდები დღეს საღამოს გაფრინდებიან სერბეთში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული