ახალგაზრდების ტრიუმფატორი! ინტერვიუ ზაზა სილაგაძესთან

AutoSharing Option
ახალგაზრდა "ბერძენ-რომაელთა" ნაკრები და მისი მთავარი მწვრთნელი ზაზა სილაგაძე აგრძელებენ ტრიუმფს - ზედიზედ მეორე სეზონია, ეს გუნდი იმარჯვებს ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში; ზედიზედ მეორე სეზონია, მსოფლიოს პირველობიდან, 8 წონიდან, 4-4 ოქროთი ჩამოდიან, რასაც სხვა სინჯის მედლებიც ემატება.

რაც მთავარია, ამ გუნდმა წარმატებით გადაჭრა ქართული საჭიდაო სკოლის ყველა "აქილევსის ქუსლი": ფიზიკური მომზადება, გამძლეობა, სუნთქვა - უბრალოდ, ჩინებულია; ტაქტიკურად მშვენივრად ჭიდაობენ - არც ანგარიშის შენარჩუნება უჭირთ, დროც გამოცდილი ოსტატებივით უდანაკარგოდ გაჰყავთ და "აფეთქებასაც" დროულად ხვდებიან; ჭიდაობენ ლამაზად, ტექნიკურად და
ძლიერად...

ერთი სიტყვით, გუნდს ნაკლი ძნელად მოეძებნება და სილაგაძის მიდგომა თავისუფლად შეიძლება, სხვებმაც გამოიყენონ. ის შარშანდელ ნოვაციას არ დასჯერდა და წლეულს შეგირდები ლამის სამთვიან ტურნეზე წაიყვანა ევროპაში, რამაც შედეგი გამოიღო. საინტერესოა, რომ ამ გუნდიდანაა გადმოსული შმაგი ბოლქვაძეც (66) - "ბერძენ-რომაელთა" ერთადერთი მედალოსანი რიოს ოლიმპიადაზე.

- შარშანდელ მსოფლიოზე და წლეულს ევროპაზე კარგი გამოსვლის შემდეგ ამ ტურნირზე დიდი პასუხისმგებლობა გეკისრებოდათ, რასაც გუნდმა თავი კარგად გაართვა. რის ხარჯზე მიაღწიეთ ამას?
- შარშანდელი სეზონის შემდეგ გუნდის რამდენიმე ლიდერი უფროსებში გადავიდა, თუმცა დეკემბერში საქართველოს ჩემპიონატზე ახალი გუნდი შეირჩა და დავიწყეთ წლევანდელი სეზონისთვის მზადება. იანვარში ბელორუსში ტურნირში გამოვედით, შემდეგ ავსტრიაში წავედით, სადაც შეკრებაც გვქონდა და შეჯიბრებაც. იქიდან რიგაში გადავედით, სადაც უფროსთა ევროპის ჩემპიონატსაც დავესწარით და მორიგი შეკრებაც გავიარეთ, სადაც ჩამოვაყალიბეთ გუნდი. საუკეთესო პირობებში ვემზადებოდით, ხელის შემშლელი მიზეზი არაფერი ყოფილა, რაც დავგეგმეთ, ყველაფერში მივიღეთ მონაწილეობა, შედეგად კი ევროპის ჩემპიონატიც მოვიგეთ და მსოფლიოსიც.

როგორც შარშან, მსოფლიოზე წლეულსაც ოთხი ოქრო მოვიპოვეთ. გუნდურში 11 ქულით გავუსწარით მეორეზე გასულ რუსეთის ნაკრებს, 17-ით კი მესამეზე მყოფ ირანს ვაჯობეთ.

დიდწილად, ეს წარმატება იმან განაპირობა, რომ იანვრიდან მოყოლებული, გუნდი ერთად გვყავდა. წინა წლებში ორკვირიანი, ოცდღიანი შუალედები გამოგვდიოდა, რაც ცუდად მოქმედებდა სპორტსმენებზე. ახლა 3-4 დღე ვისვენებთ ძალების აღსადგენად, მერე ისევ შეკრებას ვიწყებთ, სადაც ბოლო შეკრების გარდა, გვაქვს გამძლეობაზე ვარჯიში და ბიჭები შეჩვეულები არიან ამას.

ამ ჩემპიონატებმაც დაგვანახვა, რომ ჩვენები მეორე პერიოდში კი არ უკლებენ, პირიქით, უმატებენ, ეს კი გამძლეობის ხარჯზე ხდება და დიდწილად, ამით იგებენ. ამ დროს მეტოქე, უმეტესად, დაღლილია, ჩვენები კი, პირიქით, უმატებენ.

- ანუ მზადების პროცესში შეიტანეთ სიახლები, რითაც გაუმჯობესდა გუნდის საერთო მომზადება...
- ფიზიკური მომზადება, გამძლეობა მუდამ ქართველების "აქილევსის ქუსლი" იყო, რაც გამოვასწორეთ. ამასთან, ბერძნულ-რომაულში ილეთები არ კეთდება, მაგრამ ყველამ დაინახა, ჩვენებმა რა საოცარი გდებები შეასრულეს. თან - კრიტიკულ მომენტებში, ბოლო წამებზე თუ როგორც დასჭირდებოდათ, ილეთების კორიანტელი დააყენეს.

ამაზეც სპეციალურად ვმუშაობთ, თორემ დღევანდელ ჭიდაობაში მარტო გამძლეობის, ფიზიკური მომზადების ხარჯზე ვერ მოიგებ. მით უმეტეს, მსოფლიოს ჩემპიონატზე აზიელებიც ემატებიან, რომლებსაც ფიზიკური მომზადების დიდი სკოლა აქვთ. მათთან ჭიდაობა, განსაკუთრებით - მჩატე წონებში ძალიან ძნელია და მათ მხოლოდ ძალის ხარჯზე ვერ მოუგებ, ტაქტიკა და ტექნიკაც უნდა დაიხმარო.

- თავადაც ბრძანეთ, რომ ფიზიკური მომზადება ქართველების "აქილევსის ქუსლია". რამე განსაკუთრებული სისტემა გაქვთ თუ ეროვნულ გუნდებში რატომ ვერ ხერხდება ამ კონდიციების მიღწევა?
- ყველა მწვრთნელს თავისი სისტემა, თავისი გათვლა აქვს, თავისი გუნდი ყველა მწვრთნელმა უკეთ იცის. ახალგაზრდულ გუნდში მოსვლის პირველივე დღეებიდან დატვირთვები გავზარდეთ, დღიური ვარჯიშები, ბიჭები 5-7 სპარინგს იცვლიან, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. როცა სპორტსმენი ფიზიკურად კარგადაა მომზადებული და არ იღლება, ხალიჩაზეც უკეთესად აზროვნებს.

- მედალოსნებიდან თუ გამოარჩევთ ვინმეს კარგი ჭიდაობით?
- ოთხივე ჩემპიონი მინდა გამოვყო, კონკრეტულად ვერავის ვერ გამოვარჩევ, რადგან ყველას ძალიან მაგარი შეხვედრები ჰქონდა. ჩხარტიშვილმა და ზოიძემ მაგარი ბრძოლები მოიგეს, ორივემ ვაჟკაცური, მებრძოლი სული გამოავლინა.

მელია წლეულს ევროპაზე მეორე იყო. იქაც იგებდა, მაგრამ იჩქარა - უნდოდა, სხვა შეხვედრების მსგავსად, ის ფინალიც წამებში მოეგო, მაგრამ ის შეცდომა ამ ტურნირისთვის გამოასწორა, ორი თვის განმავლობაში ვიმუშავეთ ამაზე... მას უნდა ეჭიდავა 6 წუთი, ამდენი ხნის გამძლეობაზე უნდა ყოფილიყო კონცენტრირებული და არა 20 წამში მოგებაზე. კი, ვადამდე თუ მოიგებდა, არ ვიტყოდით უარს, მაგრამ აქცენტი 6 წუთის გამძლეობაზე ავიღეთ. დავალებაც პირნათლად შეასრულა და ყველა შეხვედრაზე ამ განწყობით გადიოდა. თან ლამაზი ილეთებიც აკეთა. მასაც მძიმე ფინალი ჰქონდა ბელორუს არსენ-ბოპემბე სიჩევთან, 0:3 აგებდა კიდეც, მაგრამ 4-ქულიანი გდებით 4:3 დაწინაურდა. მეორე პერიოდში აღარ უჩქარია და როგორც დავალებული ჰქონდა, ისე მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე. ისე, ეს 4-ქულიანი სუფთა გდება იყო, მაგრამ არ მისცეს. წინა შეხვედრაშიც ამერიკელ ჰანჩოკთან დაუმსახურებლად სჯიდნენ ქულა-გაფრთხილებით, მაგრამ მთავარი მსაჯი ჩაერია. პატარ-პატარა სამსაჯო ხარვეზები იყო, თუმცა სხვების წაგებას არბიტრებს ნამდვილად არ ვაბრალებ.

პატარიძეზე ბევრი სასაუბროც არაა, რადგან ერთი თავით მაღლა დგას ყველაზე და შიშის ზარს სცემს მეტოქეებს, კონკურენტებს ეშინიათ მისი. თან მან წლის დასაწყისში ფეხზე ოპერაცია გაიკეთა და ორთვე-ნახევარი თაბაშირში ჰქონდა. ევროპის ჩემპიონატის წინ ბოლო შეკრებაზე დაიწყო ლეიბზე ვარჯიში და ისიც - მჩატე წონებთან, ნაოპერაციები კიდევ რომ არ გამიზეზებოდა, მაგრამ მაინც დამაჯერებლად მოიგო ევროპის ჩემპიონატი. მსოფლიოსთვის მოსამზადებლად მეტი დრო ჰქონდა და უკეთაც მოემზადა. ფინალში 1.20 წუთში 10:0 დაამარცხა თურქი ოსმან ილდირიმი.

ჩემპიონებთან ერთად მესამეპრიზიორი ნუგზარ წურწუმიაც უნდა ვახსენო, რომელსაც ნამდვილად შეეძლო ფინალში გასვლაც და იქ გამარჯვებაც, მაგრამ ყაზახ ბაირჟან სადვოკასოვთან მოგების შემდეგ მალევე უხმეს ნახევარფინალში საჭიდაოდ უზბეკ ილკომ ბახრომოვთან, 12-ოდე წუთში, თან იქ დიდი ბრძოლა გადაიტანა და დასვენება ვერ მოასწრო. იქაც ცოტა გაუგებრობა მოხდა, თუმცა მჯერა, რომ მას მეტი შეუძლია და საჩემპიონოდაც იყო მზად. წონასაც კარგად იჭერს, თუმცა ჯერ 19 წლისაა, მოზარდია და ვნახოთ, გაისად როგორ შეინარჩუნებს წონას. ოღონდ იმდენად შრომისმოყვარეა, კიდეც რომ შეიცვალოს კატეგორია, ყველგან იტყვის თავის სიტყვას, რადგან შრომა არ ეზარება, არ ისვენებს და ხალიჩაზე შეუპოვარია.

- პატარიძის ფიზიკური მომზადება მართლაც შესაშურია. ეს მხოლოდ ბუნებრივი მონაცემების დამსახურებაა თუ სპეციალური სავარჯიშო გეგმის? ანუ რაშია მისი წარმატების საიდუმლო?
- მას ფიზიკურ მომზადებაზე კიდევ უკეთესი აქვს განწყობა, ჟინი და ბრძოლისუნარიანობა. უნდა უყუროთ, როგორ ეწყობა საჭიდაოდ! მძიმე წონა მეორე დღეს ჭიდაობს ხოლმე და პირველივე დღეს სხვები რომ ჭიდაობენ, ეგ უკვე მაშინვე იწევს საჭიდაოდ. უფრო მეტად ბრძოლისუნარიანობით და ჟინით იგებს. წურწუმიაც ასეთივე კარგი განწყობით გადის საჭიდაოდ.

- თქვენი აზრით, პატარიძე რამდენადაა მზად ეროვნული ნაკრების კონკურენციაში ჩასართავად, იმავე იაკობ ქაჯაიასთან საბრძოლველად?
- საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი იანვარშია დაგეგმილი, მასში პატარიძეც მიიღებს მონაწილეობას. ისე, ჯერ ცოტას ისვენებს და ვნახოთ, როგორ იჭიდავებს. ეს ტურნირი ახლავე რომ ტარდებოდეს, ვიტყოდი, რომ მზადაა ამ დონის კონკურენციისთვის, მაგრამ იქამდე კიდევ რჩება გარკვეული პერიოდი. თან უფროსებში 130 კილოგრამია, ზვიადი კი 120 კილოა - ესეც გასათვალისწინებელია. მას ახალგაზრდებში ჯერ კიდევ რჩება ერთი წელიწადი, თუმცა უფროსებშიც იასპარეზებს.

აქვე გეტყვით, რომ ეროვნულ ჩემპიონატში ზოიძე და ჩხარტიშვილიც იჭიდავებენ.

- თქვენს ბიჭებს ტაქტიკურადაც სწორად მიჰყავთ შეხვედრა - ანგარიშის შენარჩუნება იქნება, მომატება, დროის გაყვანა თუ სხვა, ყველაფერს სწორად და დროულად აკეთებენ. ამას თვითონვე ხვდებიან, ანუ უკვე ბოლომდე გაითავისეს ეს კომპონენტი თუ თქვენი ჩარევით აკეთებენ?
- თვითონაც აითვისეს უკვე, თუმცა შეკრებებზეც ვმუშაობთ ამაზე. ამასთან, ძალიან კარგია, როცა სპორტსმენი გისმენს შეჯიბრებისას, რა უნდა გააკეთოს, რომ გაფრთხილება არ მიიღოს, როდის გადავიდეს შეტევაზე, ანგარიშის შენარჩუნებაზე ისე იჭიდაოს, რომ გაფრთხილება არ მიიღოს... ზოიძემ ფინალური შეხვედრა ისე ჩაატარა ყაზახ კაჰარმან კისუმეტოვთან, მსაჯს გაფრთხილების შანსიც არ მისცა.

- ზოიძე და პატარიძე ტიტულებით სხვებისგან გამოირჩევიან და თავიანთ წონებში მსოფლიოშიც არ ჰყავთ ბადალი. სამომავლო პერსპექტივაში რამდენად ბევრის მიღწევა შეუძლიათ მათ?
- ყველაფერი მათზეა დამოკიდებული, მათ მონდომებაზე. ყველანაირი მონაცემი აქვთ იმისათვის, რომ დიდი ჭიდაობა იჭიდაონ, დანარჩენი კი მათსავე ხელშია. იანვრის შემდეგ ჩხარტიშვილმაც ძალიან მოუმატა. ის ევროპის ჩემპიონატზეც შემთხვევით დამარცხდა აზერბაიჯანელ მეტოქესთან, თორემ თავიდან მასაც უგებდა. მოგვიანებით სანუგეშოში დათომ იმ მეტოქეებს, ვისაც აზერბაიჯანელმა ძლივძლივობით მოუგო, დიდი უპირატესობით აჯობა და მესამეზე გავიდა. ის ევროპაზეც საჩემპიონო კაცი იყო, რაც ამ მსოფლიოზეც დაამტკიცა, სადაც აზიელებიც დაემატნენ, მაგრამ ყველას დამაჯერებლად მოუგო.

- სხვა წონებში ჩვენებს რა დააკლდათ მედლის მოსაპოვებლად?
- 74-ში თემურ ჭკუასელიძემ ვერ გამოავლინა საკუთარი შესაძლებლობები. ერთი პერიოდი მის შეცვლასაც ვფიქრობდით, მაგრამ საბოლოოდ მწვრთნელები მაინც მას ვენდეთ. 84-ში გურამ ხეცურიანსაც შეეძლო სამეულისთვის ბრძოლა, ორი შეხვედრა კარგადაც მოიგო, მაგრამ მერე დამარცხდა.

- გაისად ვინ გადადის ეროვნულ ნაკრებში, რამდენად შეიცვლება ეს გუნდი?
- მსოფლიოს ჩემპიონებიდან გადადიან ჩხარტიშვილი, ზოიძე და მელია, გვრჩება მხოლოდ პატარიძე. ასევე რჩებიან წურწუმია, ხეცურიანი და ჭკუასელიძეც, თუმცა, სავარაუდოდ, ის წონას შეიცვლის.

- ახალი თაობა რამდენად ნიჭიერი მოდის?
- აგერ, 13-14 სექტემბერს თბილისში მსოფლიოს ჩემპიონატი ჩატარდება და ვნახოთ, როგორ იასპარეზებენ. ევროპის ჩემპიონატზე კარგად გამოვიდნენ, რომელსაც მეც ვესწრებოდი შვედეთში. თუმცა იქ კიდევ შეიძლებოდა რამდენიმე მედლის მოპოვება.

- დაბოლოს, უახლოეს გეგმებზე გკითხავთ...
- ჯერ ბიჭები რამდენიმე დღე ისვენებენ, თუმცა ორშაბათიდან უკვე დავიწყებთ მზადებას ახალი სეზონისთვის. შესაძლოა, ოქტომბერში ბაქოში გამოვიდეთ საერთაშორისო ტურნირში, მაგრამ ჯერ მათაც არ აქვთ გადაწყვეტილი, როდის ჩაატარონ. დეკემბერში საქართველოს ჩემპიონატს ვგეგმავთ, რომელიც გამოავლენს ახალი გუნდის ბირთვს, თუმცა იქ წურწუმიას და პატარიძეს არ ვაჭიდავებთ. მათ დაამტკიცეს, რომ თავიანთ წონებში უდავო ლიდერები არიან და დაიმსახურეს დასვენება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
წვერი უხდება კაცს
0
გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ მომავალში... მაგრამ ამ ახალგარდებს ეს წვერი რა ვახაბისტებივით აქვთ მოშვებული?! წვერს თუ უშვებ უნდა მოუარო კიდეც!!! რას გავს ეს........
liovika
15:01 10-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული