ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბეგი დარჩიამ იქ წასაყვანი შემადგენლობა ადრე კი გამოაცხადა, მაგრამ ახლა მათ ორი სათადარიგოც დაუმატა, ახალგაზრდებში მსოფლიოს, 23-წლამდელებში ევროპის წლევანდელი ჩემპიონი გელა ბოლქვაძე (75) და ნიკოლოზ კელასოვი (80).
თავიდან მწვრთნელები მძიმე წონის გაორებას აპირებდნენ, სადაც 20-წლამდელებში მსოფლიოს და 23-იანებში ევროპის ჩემპიონ იაკობ ქაჯაიასთან ერთად ევროპელთაგან "ახალგაზრდა ლომად" წოდებული ტალანტის, ასაკობრივებში მიჯრით და უწყვეტად ევროპისა და მსოფლიოს 4-4-ჯერ მომგები ზვიად პატარიძის
შეგახსენებთ, რომ "ევროპის ერთა თასი" გუნდური გათამაშებაა, რომელშიც, ჩვენ გარდა, მონაწილეობენ: მასპინძელი რუმინეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, უკრაინა და თურქეთი. ამ ტურნირით ჩვენი ნაკრები, ფაქტობრივად, ახალ ოლიმპიურ ციკლს იწყებს და საინტერესო საკადრო გადაადგილებების მომსწრენიც ვართ.
უპირველესად, ევროპის წლევანდელ ჩემპიონ ზურაბ დათუნაშვილის 80 კილოგრამში გადასვლას აღვნიშნავთ - მას წონის პრობლემა ადრეც აწუხებდა და დასამალი არავისთვის იყო, ოლიმპიადის შემდეგ ზევით რომ აინაცვლებდა. ვნახოთ, როგორ დაიმკვიდრებს იქ თავს, ადაპტაციის პროცესი ხომ არ გაუჭიანურდება, ჯერჯერობით კი მოვლენები მისთვის სასიკეთოდ ვითარდება - თვის დასაწყისში მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატისთვის შესარჩევი შეჯიბრება ახალ წონაში.
საყურადღებოა ნაკრებში ახალი წევრების, ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონ ირაკლი შავაძის (59), გიორგი დათუნაშვილის (75) და 23-წლიანებში ევროპის წლევანდელ ვიცე-ჩემპიონ, ხოლო 20-იანებში შარშანდელ მესამეპრიზიორ კუკური კირცხალიას (98) გამოჩენა - ფაქტობრივად, სამივე პირველ ნაბიჯს დგამს წონის ფავორიტობისკენ და, ვნახოთ, რამდენად შეძლებენ ამას.
ცხადია, ლიდერთა გამოსვლებიც საინტერესოა თუნდაც იმ თვალსაზრისით, რა შეიძინეს, რა შეიმატეს განვლილ პერიოდში. ზოგადად, ეს ნაკრები აქამდეც ძალიან ახალგაზრდული იყო, მაგრამ ამ ციკლში კიდევ უფრო გაახალგაზრდავდება. ერთი სიტყვით, სეზონის პიკის - ოლიმპიადის შემდეგ ეს პირველი გუნდის პირველი სერიოზული ტურნირია და მან ბევრ კითხვას უნდა გასცეს პასუხი, სამომავლო წარმატებებს უნდა ჩაუყაროს საფუძველი. ბუნებრივია, ამ ერთი შეჯიბრებით არაფერი არ გადაწყდება, წინ კიდევ ბევრი შეჯიბრება და ბევრი სამუშაოა, მაგრამ გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალებას კი მოგვცემს.
ამ ტურნირს მალევე - სულ რაღაც ერთ კვირაში მოსდევს ჰეიდარ ალიევის სახელობის "ოქროს დიდი პრიზის" ფინალური შეჯიბრება ბაქოში. იქ მონაწილეობა ლიმიტირებულია - იწვევენ მხოლოდ ევროპის ჩემპიონატისა და მსოფლიოს პირველობა-ოლიმპიადის მედალოსნებს. ანუ იქ გამოსასვლელად ისევე უნდა მოიპოვო ლიცენზია, როგორც - დიდ ოლიმპიადაზე.
ჩვენს ნაკრებს, ევროპის ჩემპიონატის შედეგებიდან გამომდინარე, სამი საგზური აქვს - 66, 75 და 85 კილოგრამებში. ამდენად, ბაქოში ჭიდაობა განაღდებული აქვთ ევროპისა და ოლიმპიადის ბრინჯაოსმედალოსან შმაგი ბოლქვაძეს (66), ევროპის ჩემპიონ ზურაბ დათუნაშვილს (75) და ევროპის ვერცხლისპრიზიორ რობერტ კობლიაშვილს (85), თუმცა ერთი კითხვა აქაც რჩება და ის ზურაბ დათუნაშვილს უკავშირდება. კერძოდ, საკითხავია, შეძლებს თუ არა ის წონის დაკლებას და 75-ში დაბრუნებას.
როგორც ზემოჩამოთვლილი წონებიდან ჩანს, 80-ში ამ შეჯიბრების ლიცენზია არ გვაქვს და დათუნაშვილს ბაქოში გამოსვლის ერთადერთ შანსად 75-ში დაბრუნება რჩება. თუ ამას ვერ მოახერხებს, მაშინ სხვა შეცვლის. სავარაუდოდ - მისივე უმცროსი ძმა, თუმცა ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არაა.
ასევე გაურკვეველია 10-11 დეკემბერს ბუდაპეშტში არაოლიმპიურ წონებში გასამართავ მსოფლიოს ჩემპიონატზე წამსვლელი დუეტი.
სამაგიეროდ, გარკვეულია, რომ შიდა შესარჩევი შეჯიბრების მოგების მიუხედავად, იქ ზურაბ დათუნაშვილი ვერ იასპარეზებს - ოლიმპიადაზე ნაჭიდავებ ხალხს იქ გამოსვლის უფლება არ აქვს. შეგახსენებთ, რომ არაოლიმპიური წონები 71 და 80 კილოგრამებია, 71-ში კი შესარჩევი მინდია წულუკიძემ მოიგო. მწვრთნელები უნგრეთში წასაყვან ორ ფალავანს უახლოეს დღეებში დაასახელებენ.
ბერძნულ-რომაული ნაკრები
59 კგ. ირაკლი შავაძე
66 კგ. შმაგი ბოლქვაძე
71 კგ. მინდია წულუკიძე
75 კგ. გიორგი დათუნაშვილი, გელა ბოლქვაძე
80 კგ. ზურაბ დათუნაშვილი, ნიკოლოზ კელასოვი
85 კგ. რობერტ კობლიაშვილი
98 კგ. კუკური კირცხალია
130 კგ. იაკობ ქაჯაია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"