ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე წარდგენილი იყო რეგიონის ვიცე-გუბერნატორის პაატა გიორგაძის კანდიდატურა, რომელსაც როგორც შევიტყვეთ მისი მოგვარე, საქართველოს ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თემურ გიორგაძეც უჭერდა მხარს. პაატა გიორგაძე პრეზიდენტად ერთხმად აირჩიეს, ვიცე - პრეზიდენტი ცენტრალური სასპორტო სკოლის დირექტორი იაგო ჯალაბაძე გახდა, გენერალური მდივანი - ჭიდაობის კომპლექსური სკოლის დირექტორი ანზორ თენაძე.
"რეგიონში ქართული ჭიდაობის სადავეების ჩემთვის ჩაბარება საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმეა. ყველას კარგად მოგეხსენებათ რა თაობები ქმნიდნენ ქართლში ქართული ჭიდაობის საამაყო ტრადიციებს... ჩვენ მათი საქმის ღირსეული გამგრძელებლები უნდა ვიყოთ! მზად ვარ, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად პრობლემების გადაჭრაში დაგეხმაროთ. თუ რომელიმე პრობლემა უმალ ვერ მოვაგვარდება, იმას მაინც ვერ იგრძნობთ, რომ არაფერი ვიღონეთ. თქვენს გვერდით ვარ და მომავალშიც თქვენთან მიგულეთ. ცხადია, გარჯის პარალელურად შედეგსაც ადეკვატურს მოგთხოვთ" - უთხრა პაატა გიორგაძემ შეკრებილებს.
შეთანხმდნენ იმაზეც თუ ვინ უხელმძღვანელებენ რეგიონის ნაკრებ გუნდებს ქართულ ჭიდაობაში. გადაწყდა, რომ უფროსი ასაკის, ანუ მთავარ და ახალგაზრდულ გუნდებს უწინდელივით გივი ზაუტაშვილი უთავკაცებს ანზორ თენაძესთან და ქართლოს პავლიაშვილთან ერთად. ჭაბუკთა და უმცროსი ასაკის ნაკრებებს კი ნიკო ბიბილაშვილი და დავით პავლიაშვილი გაწვრთნიან. აქვე გიორგაძემ, გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ვანო ხორგუაშვილთან ერთად ფალავნებს მიულოცა ამ დღეებში საქართველოს პირველობაზე ქართულ ჭიდაობაში მოპოვებული გუნდური გამარჯვება.
"ექვს წონით კატეგორიაში გათამაშებული 18 მედლიდან 9 შიდა ქართლის რეგიონს ერგო. ბუნებრივია, მწვრთნელები უკმაყოფილო ვერ ვიქნებით მიღწეულით, მით უფრო, რომ ვგეგმავდით კიდეც გუნდურ გამარჯვებას." - თქვა რეგიონის გუნდის თავკაცმა გივი ზაუტაშვილმა.
ფოტო: დავით ასპანიძის
ფოტოზე მარცხნიდან: პაატა გიორგაძე, გურამ პაპიტაშვილი და ვანო ხორგუაშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"