მეტეხის ტურნირი - ამაგდარი თანასოფლელის ხსოვნისა

AutoSharing Option
კასპის რაიონის სოფელ მეტეხში კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი ამაგდარი თანასოფლელის ივანე ბოჭორიძის ხსოვნას - გუშინ ქართულ ჭიდაობაში მისი სახელობის ტურნირი ჩატარდა.

პატივი და გახსენება ბოჭორიძეს მართლაც ეკუთვნის თანასოფლელთაგან - წლების განმავლობაში სოფლის ხელმძღვანელმა მოახერხა და მეტეხს სახსოვრად საჭიდაო დარბაზი დაუტოვა, რომელიც დღესაც ერთგულად ემსახურება ადგილობრივ ახალგაზრდობას. საკმაოდ ბევრი დარბაზი მინახავს თბილისსა თუ რეგიონში, მაგრამ უშუალოდ საჭიდაო ფართით თუ დამხმარე სათავსებით ეს ერთ-ერთი ყველაზე ვრცელია.

იქაურები შეძლებისდაგვარად კარგადაც უვლიან, ცხელი შხაპიც კი აქვთ და თავის დანიშნულებასაც ასრულებს, მაგრამ ადგილობრივი ან ცენტრალური
ხელისუფლება ცოტა მეტ ყურადღებას თუ მიაქცევს და შეარემონტებს, ქართულ სპორტს კიდევ ერთი კარგი ბაზა შეემატება. ნეტავ ყველა სოფელს ერთი მაინც ჰყავდეს ასეთი ივანე ბოჭორიძე - მაშინ ბაზების პრობლემაც გადაიჭრებოდა.

ქართული ჭიდაობის ტურნირიც ამ სპორტდარბაზის ეზოში მოწყობილ ნახერხმოყრილ არენაზე ჩატარდა, რომელიც ორ მწკრივად შემოვლებული ტრიბუნებით სრულად აკმაყოფილებს ჭიდაობისადმი იქაურთა სურვილს. გუშინ ეს ტრიბუნები კიდევ ერთხელ შეივსო მონაწილეებითა თუ მაყურებლებით - ტურნირში კასპის, თბილისის, ქარელის, ხაშურის, გორის, საგარეჯოს, ახმეტის, მცხეთის სხვადასხვა სოფლების 65 სპორტსმენი მონაწილეობდა. მათ შორის ძიუდოში, სამბოსა თუ სხვა საჭიდაო სახეობებში ბევრი საკმაოდ სახელმოხვეჭილიც იყო სამბოში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონების - უშანგი კუზანაშვილისა (57) და მირიან პავლიაშვილის (100) თავკაცობით, თავად შეჯიბრება კი სამბისტთა ნაკრების ყოფილი თავკაცი ოლეგ იაძის ძალისხმევით გაიმართა.

საპატიო სტუმრებიც ბლომად ესწრებოდნენ. ჯერ ხომ მეტეხს თუ მიმდებარე სოფლებს მოეპოვება მრავალი წარმატებული ფალავანი (თუნდაც შეჯიბრების მთავარი მსაჯი, ადგილობრივი იოსებ მაღალაშვილი გავიხსენოთ), თბილისიდან სპეციალურად ჩავიდა სახელოვანი ლევან თედიაშვილი. სპონსორთა დახმარებით ტურნირზე საპრიზო ფონდიც იყო დაწესებული - ჩემპიონები 150 ლარით დაჯილდოვდნენ, ვერცხლის მედალოსნები - 100, მესამე პრიზიორები კი 50 ლარით დაჯილდოვდნენ.
შეჯიბრების წმინდა სპორტული მხარეც საკმაოდ მაღალი დონისა გამოდგა და მაყურებელმა არაერთი ლამაზი გდებითა თუ დაძაბული შეხვედრით ისიამოვნა, თუმცა იშვიათი გამონაკლისის გარდა, მოჭიდავეთა უმეტესობას უფრო მაღალი კლასი მოეთხოვება - მშობლიური ჭიდაობის იმ ილეთებს, რამაც ახლო წარსულში ბევრი ფალავანი სახელოვან ათლეტად აქცია, უფრო უკეთ უნდა ფლობდნენ, უფრო გაშინაურებულნი უნდა იყვნენ მათთან.

მასპინძელთა გასახარად, შეჯიბრებაში ადგილობრივმა - მეტეხელმა ფალავნებმა წარმატებით იჭიდავეს, თუმცა გარჯა არც გორელებს დაეწუნებათ. სენსაციებიც არ მომხდარა, 60 კილოგრამის ფინალში კუზანაშვილის მარცხს თუ არ ჩავთვლით ადგილობრივ ირაკლი გუგულაშვილთან. აგრეთვე ძიუდოში უფროსთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე ნუგზარ ტატალაშვილის მარცხს ზემო ხანდაკელ ამირან იანვარაშვილთან.

ჟინიანი, ხარისხიანი კარგი ჭიდაობით დაგვამახსოვრა თავი ადგილობრივმა შმაგი შარიფაშვილმა, ხოლო მისი თანასოფლელი კახა მამულაშვილი კლასით გამოირჩეოდა. ისინი ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს, მაგრამ მეგობრობამ გაიმარჯვა და მამულაშვილმა ახალგაზრდა კონკურენტს ჩემპიონობა უბრძოლველად დაუთმო. მძიმე წონაში ტრადიციულად გამორჩეული იყო მირიან პავლიაშვილიც.

კვარცხლბეკი.
60 კგ. 1. ირაკლი გუგულაშვილი (მეტეხი); 2. უშანგი კუზანაშვილი (საგარეჯო); 3. გიგა ხორბალაძე (დოესი).
66 კგ. 1. ზვიად ოდოშაშვილი (მეტეხი); 2. ანდრო ბერუაშვილი (გორი); ტრისტან ფეიქრიშვილი (ზემო ხანდაკი).
73 კგ. 1. შმაგი შარიფაშვილი; 2. კახა მამულაშვილი (ორივე - მეტეხი); 3. ანზორ ხმიადაშვილი (გორი).
81 კგ. 1. ამბაკო ავალიანი (თბილისი); 2. პაატა ღვინიაშვილი (გორი); ამირან იანვარაშვილი (ზემო ხანდაკი).
მძიმე. 1. მირიან პავლიაშვილი (მცხეთა); 2. გიორგი ნოზაძე (ალი); 3. პაატა ღვინიაშვილი (გორი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული