ქარელის რაიონის სოფელი დირბი 2008 წლის საომარი მოქმედებების შემდეგ საოკუპაციო ხაზთან რამდენიმე ასეულ მეტრში მოექცა. აქ ყოველი სპორტული თუ სხვა ღონისძიება მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია და ამ დღეებში გამართული ქართული ჭიდაობის შეჯიბრებაზეც მაყურებელი მრავლად მოვიდა.
ტურნირი მემორიალური იყო, ახალგაზრდებს შორის ჩატარდა და იგი ჩვენი ეროვნული საჭიდაო სახეობის დირბელი წარმომადგენლის, როლანდ ქოთუაშვილის ხსოვნას მიეძღვნა. როლანდის ძმა, ვეფხია ქოთუაშვილიც მოჭიდავე გახლდათ, ამჟამად იგი შიდა ქართლის ქართული ჭიდაობის ფედერაციას ხელმძღვანელობს. მშობლიურ სოფელში გამართული და ძმის ხსოვნისადმი მიძღვნილი შეჯიბრებაც, ცხადია,
მონაწილენი, ძირითადად, შიდა ქართლის რაიონებიდან იყვნენ, თუმცა მათ შორის არაერთი უკვე ტიტულოვანი სპორტსმენიც იყო, რამაც აამაღლა ასპარეზობის ინტერესი. ამის დასტურად, თუნდაც მხოლოდ მძიმე წონაში გამართული ფინალის მონაწილეთა ხსენებაც კმარა.
ქარელელი ნიკა სიდამონიძე და თბილისელი დავით ოზბეთელაშვილი ევროპის წლევანდელი ჩემპიონები არიან სამბოში - ნიკა ჭაბუკებში, დავითი - ახალგაზრდებში. შეხვედრა სიდამონიძის სუფთა გამარჯვებით დამთავრდა.
წლეულს თბილისში გამართული ევროპის ოლიმპიური ფესტივალის პრიზიორი, ხაშურელი თემურ ნოზაძე (60 კგ) ნახევარფინალში გამოეთიშა ოქროს მედლისთვის ბრძოლას, რომელსაც კასპელმა დავით გეჯაძემ სძლია. გეჯაძემ შემდეგ ფინალშიც წარმატებით იასპარეზა.
შვილის მარცხის გამო ტრიბუნებზე მყოფ მამას ხასიათი გარკვეულწილად გამოუკეთა თემურის უფროსმა ძმამ თამაზ ნოზაძემ, რომელმაც 66 კგ-ში ყველას აჯობა. ამ წონაში ვერცხლის მედლით დაკმაყოფილდა კიდევ ერთი ხაშურელი, ჭაბუკებში ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი გიორგი მეტრეველი.
გუნდური მაჩვენებლით ხაშურელებმა ყველაზე უკეთ იჭიდავეს - ხუთი წონითი კატეგორიიდან სამი პირველი ადგილი მათ ერგოთ.
გამარჯვებულებს და პრიზიორებს ორგანიზატორთაგან მედლები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ.
კვარცხლბეკი
60 კგ. 1. დავით გეჯაძე (კასპი), 2. ვახტანგ მეტივიშვილი, 3. თემურ ნოზაძე (ორივე - ხაშური).
66 კგ. 1. თამაზ ნოზაძე, 2. გიორგი მეტრეველი (ორივე - ხაშური), 3. შალვა გაზაშვილი (ქარელი).
73 კგ. 1. ნიკა მამულაშვილი, 2. გიგა ნოზაძე (ორივე - ხაშური), 3. ტატო გრიგალაშვილი (ქარელი).
81 კგ. 1. ლუკა მაისურაძე (ხაშური), 2. გაგა ლიჩელი (ქარელი). 3. არ გათამაშდა.
+ 81 კგ. 1. ნიკა სიდამონიძე (ქარელი), 2. დავით ოზბეთელაშვილი (თბილისი), 3. იესო კვირიკაშვილი (გორი).
(ავტორის ფოტო)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"