ქართველთა დაუსწრებელი დუელი

AutoSharing Option
ნიკოლა პეტროვის მემორიალის ბოლო დღეს ქართველმა ბერძენ-რომაელებმა კიდევ ორი ბრინჯაო მოიპოვეს. პრიზიორები არიან არჩილ თურმანიძე და ანტონ მამაგეიშვილი (ორივე - 66კგ). ამდენად, ბურგასში დამთავრებულ ამ ტურნირში ჩვენმა მოჭიდავეებმა 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო ირგუნეს. შეგახსენებთ, რომ ვიცე-ჩემპიონი ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია (74) გახდა, მესამე საპრიზო ადგილებზე კი ევროპის პრიზიორი სოსო ჯაბიძე (96) და დიმიტრი ჯავახიშვილი (120) გავიდნენ.

თურმანიძე და მამაგეიშვილი ერთმანეთის კონკურენტები არიან - ამ წონაში ევროპის ჩემპიონატზე წასასვლელად იბრძვიან. მათთვის ეს შეჯიბრება ერთ-ერთი შესარჩევი ეტაპი იყო
და აკი დაუსწრებელ დუელადაც აქციეს - ტურნირზე ერთნაირი გზა გაიარეს, ანუ ორივე ნახევარფინალში გავიდა, იქ დამარცხდა და დამამშვიდებლის ფინალში გადავიდა. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ მამაგეიშვილმა თავიდან დამატებით იჭიდავა ერთი წრე. მან პირველი სამი შეხვედრა ძირითად დროში მოიგო - რუმინელ ტომი ჰინოვეანუს 2:1; 1:0 აჯობა, ბულგარელ ემილიან ტოდოროვს - 5:0; 3:0, მოლდოველ იონ ლუჩიტას - ისევ 2:1; 1:0 და ნახევარფინალში გავიდა.

ყურადღება მიაქციეთ - ამ სამ შეხვედრაში მან მხოლოდ 2 ქულა დაკარგა, თავად კი 16 მოიპოვა. სამწუხაროდ, ეს სტატისტიკა ნახევარფინალში ვერაფერში წაადგა რუმინელ გეორგიან კარპენთან, თუმცა მასთან შეხვედრაც შემართებით დაიწყო - პირველი პერიოდი 3:0 მოუგო. ვერ გეტყვით, ამის შემდეგ რა მოხდა და რა შეიცვალა შეხვედრის მიმდინარეობაში, მაგრამ რუმინელმა ჯერ ანგარიში გაათანაბრა - 2:0, მერე კი დამატებით დროშიც ასევე 2:0 იმარჯვა და ფინალში გავიდა, სადაც თურქ ოზეტ იუნუსთან დამარცხდა.

ამ თურქმა ნახევარფინალში თურმანიძეს სძლია, რომელსაც მამაგეიშვილზე მეტად გაუჭირდა ასპარეზობა - პირველი ორი შეხვედრა დამატებით დროში მოიგო. თურმანიძეს შედარებით რომ გაუჭირდა, ალბათ, ლოგიკურიცაა, რადგან წლეულს გადმოვიდა ახალგაზრდული ნაკრებიდან და უფროსებში პირველ სეზონს ატარებს. ამიტომ ჯერ კიდევ ადაპტაციის პერიოდს გადის ახალ ატმოსფეროსთან, სადაც ლამის ყველაფერი გაზრდილია და შეუდარებლად ძლიერი - მეტოქეებიც, დატვირთვაც და სხვა კომპონენტები. ახალგაზრდებში ევროპის ვიცე-ჩემპიონმა და მსოფლიოს პრიზიორმა ჩვენებურმა ჯერ თურქ ერენ სერდერს აჯობა - 3:0; 0:2; 4:0, მერე კი სომხური წარმოშობის უცნაურგვარიან ფრანგ არტაკ მაგარიანსაც მოუგო - 0:2, 2:0; 5:0.

მისასალმებელია, რომ წაგებულმა პერიოდმა მას გული არ გაუტეხა და საქმის შემოტრიალება მაინც შეძლო ანუ მებრძოლი სული გამოავლინა. საყურადღებოა ისიც, რომ ორივე შეხვედრაში ბლომად ქულები გააკეთა ანუ შემტევი სტილისადმი ერთგულებაში მამაგეიშვილს არც ეს ჩამორჩა. რა შეიძლება ითქვას ნახევარფინალზე? აქ თურქის უპირატესობა შესამჩნევი იყო და ორ პერიოდში დამაჯერებლადაც მოიგო, განსაკუთრებით, პირველ პერიოდში, სადაც 4:1 იმარჯვა, მეორეში კი მინიმალური სხვაობით აჯობა თურმანიძეს - 1:0.

ამის შემდეგ ორივე ქართველი დამამშვიდებლის ფინალში გადავიდა, სადაც უფრო ძლიერი მეტოქე თურმანიძეს ელოდა - რუმინელი ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს არაერთგზის პრიზიორი ეუსებიო დიაკონუ, მამაგეიშვილი კი ახალგაზრდა იაპონელ იუჯი ოკამოტოს ხვდებოდა. ჩვენებურები თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებიანო, ამ ეტაპზეც ერთნაირი სცენარით იჭიდავეს - თავიდანვე ორივე დაწინაურდა, მაგრამ საბოლოო წარმატებისთვის ორივეს დამატებითი დრო დასჭირდა.

თურმანიძემ რუმინელთან შეხვედრაც აღმავლობით დაიწყო - პირველი პერიოდი 2:0 მოუგო სოლიდურ მეტოქეს, მაგრამ მეორე 0:1 დათმო და შეხვედრაც დამატებით დროში გაგრძელდა. საბედნიეროდ, ახალგაზრდა ქართველი ფსიქოლოგიურად არც ახლა გატყდა და გადამწყვეტ ეტაპზე კვლავაც დიდი შემართება გამოავლინა - 3:0 იმარჯვა. მამაგეიშვილმა პირველ პერიოდში 1:0 იმარჯვა, რასაც 0:2 წაგება მიაყოლა. დამატებით დროში მასაც ეყო ძალები მობილიზებისთვის და 2:0 მოიგო, რითაც სანუკვარ მედალსაც დაეუფლა.

როგორც გითხარით, ეს წონა ერთი იმ იშვიათ გამონაკლისთაგანია, სადაც ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად კონკურენცია ისევ გრძელდება. ამ დავაში იქნებ გადამწყვეტი სიტყვა სწორედ ბურგასულ ტურნირს ეთქვა, რომელიმე კონკურენტს რომ წაეფორხილა, მაგრამ როგორც ვნახეთ, მათ ერთნაირი გზა გაიარეს წარმატებამდე. არ ვიცით, რა დაინახა უშუალოდ ჭიდაობისას ნაკრების თავკაცმა ბეგი დარჩიამ, იქნებ ჭიდაობის ხარისხში მოეწონა რაღაც ისეთი, რაც სტატისტიკიდან არ ჩანს და რამაც მას შეიძლება, გადაწყვეტილება მიაღებინოს, მაგრამ ვფიქრობთ, ამ წონაში კონკურენციის საკითხი უფრო დასკვნით შეკრებაზე, საკონტროლო შეხვედრის შემდეგ გადაწყდება.

ისე, აქამდე ლიდერად უფრო თურმანიძის კანდიდატურა გამოიკვეთა, რომელმაც მოიგო საქართველოს ჩემპიონატი, მერე კი ერთადერთი იყო ჩვენი გუნდიდან, ვინაც მედლისთვის იჭიდავა სტამბოლში, ვები ემრეს სახელობის მემორიალში. თუმცა სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ მამაგეიშვილი ტრავმების გამო აქამდე შეჯიბრებებში არ გამოსულა, ახლა კი შანსი მშვენივრად გამოიყენა.

დაბოლოს, ლაშა გოგიტაძეზე (55), რომელმაც ბურგასში ასევე კვირას იჭიდავა. სამწუხაროდ, მან მხარი ვერ აუბა თანაგუნდელებს და პირველივე შეხვედრა წააგო ორ პერიოდში კორეელ იუნგ-ბაიკ ლეესთან და გავარდა.

ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 2-3 აპრილს დორტმუნდში გაიმართება. იქ წასვლამდე ჩვენი ნაკრები შეჯიბრებებში აღარ გამოვა და მხოლოდ შეკრებას გაივლის დუშეთში.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული