უპასუხო კითხვები სამბისტების ევროპრესკონფერენციაზე

AutoSharing Option
სოფიაში ჩატარებულ ევროპის 30-ე ჩემპიონატზე ქართველმა სამბისტებმა 6 მედალი მოიპოვეს - 1 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო. კონტინენტის წლევანდელი ჩემპიონი უშანგი კუზანაშვილია (57), ვიცე-ჩემპიონის ტიტული კახა მამულაშვილმა (74) და მინდია ბოდაველმა (90) მოიპოვეს, მესამე პრიზიორები კი ბექა იმერლიშვილი (68), ნიკოლოზ კუცია (82) და მირიან პავლიაშვილი (100) გახდნენ, გუნდურ ჩათვლაში კი მესამეზე გავედით.

გუშინ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში პრესკონფერენცია გამართა ნაკრების ხელმძღვანელობამ. გუნდის თავკაცმა ოლეგ იაძემ დასაწყისშივე აღნიშნა, რომ ასპარეზობას, რომელსაც პასუხისმგებლობით მოეკიდა ადგილობრივი ხელისუფლება, სოფიის საუკეთესო სპორტკომპლექსმა "უნივერსიადამ"
უმასპინძლა. ერთი უსიამოვნო ტენდენციისგან არც ეს ჩემპიონატი ყოფილა დაზღვეული. მონაწილეთა კლების პროცესი კვლავაც გაგრძელდა და ამჯერად მხოლოდ 21 ნაკრები გამოდიოდა. იაძის თქმით, ამას ყველა ქვეყანა შეუშფოთებია, კლების მიზეზად კი რუსთა მიდგომა დაასახელა, რომლებიც მართლაც ცუდად უფათურებენ ხელს სამბოში. აქაოდა, სპორტის რუსული სახეობააო, ისინი მესაკუთრესავით იქცევიან და ყველაფერს თავისი ინტერესებით ჭრიან.

რუსებს თურმე ყველაზე მეტად გუნდურ პირველობაში დამარცხების საფრთხე აშინებთ და ამიტომ არ ეთმობათ მართვის სადავეები. ეტყობა, მათი ასეთი მიდგომა ყველას ამოუვიდა ყელში და სამართლიანობის პრინციპის დაცვაზე, სახეობის შემდგომ განვითარებაზე ჩემპიონატის დაწყებამდე გამართულ აღმასკომზე სერიოზული მსჯელობა ყოფილა.

ჩვენი მოჭიდავეების გამოსვლაზე იაძემ ჩვეულებრივად ამომწურავად ისაუბრა და არც იუმორი დაუკლია. მაგალითად, კუზანაშვილზე, რომელიც პირველად ჭიდაობდა ახალ წონაში, განაცხადა: ისეთი სტილის მოჭიდავეა, რომც დაკარგოს ქულები, მაინც იმედიანად ვარ, ვიცი, აუცილებლად გააბათილებს ჩამორჩენას, რადგან არ უჭირს ქულების მოპოვება, თუმცა ამჯერად ნამეტანი მოუვიდა - სამივე შეხვედრა თითოქულიანი სხვაობით მოიგო და იმდენი მანერვიულა, ლამის შაქარი დამმართაო. აღსანიშნავია, რომ ეს კუზანაშვილის მეოთხე ევროჩემპიონობაა და ამ მხრივ რეკორდსმენი გახდა ქართველებში.

მწვრთნელის შეფასებები
ვიცე-ჩემპიონთაგან განსაკუთრებული სინანული მამულაშვილის წაგებაზე გამოთქვა, რადგან ფინალამდე ბევრად უფრო ძლიერ ფალავნებს მოუგო. მათ შორის, რუს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონ ალექსეი შაროვს, ვისთანაც ადრე რამდენჯერმე წაუგია, და უკრაინელ დმიტრო ბაბიჩუკს, ვისთანაც შარშან ევროპის ფინალი დათმო. მაშინ შემჩნევით დამარცხდა მასთან, ახლა კი სუფთად მოუგო - 13:0.

მამულაშვილმა ფინალი ბელარუს სტეფან პოპოვთან წააგო, ვისაც ადრე სისტემატურად ამარცხებდა. იაძე მიიჩნევს, რომ მას ფინალის შიში აქვს და ამიტომ აგებს გადამწყვეტ ეტაპს. არ ვიცი, ამ დროს 1000-ლარიან ხელფასზე ფიქრობს თუ რა ემართება, მაგრამ ვატყობ, საჭიდაოდ განწყობა უჭირსო, თქვა მწვრთნელმა.

რაც შეეხება ბოდაველს, ის ბელარუს ანდრეი კაზუსიონაკთან დამარცხდა, რომელიც სამბოსა თუ ძიუდოში ამ წონის ერთ-ერთი ლიდერია. ეს წაგება იაძემაც მეტოქის საჭიდაო სტილის შეუსწავლელობით ახსნა და თურმე სპორტსმენიც ასე ფიქრობს. ორივე დარწმუნებულია, რომ მსოფლიოზე რევანში შედგება.

მწვრთნელმა ქების სიტყვები არ დაიშურა ახალგაზრდა კუციას მიმართ, ხოლო მისი მარცხი მომავალ ვიცე-ჩემპიონთან, ბელარუს ალექსეი სტეფანკოვთან მსაჯებს დააბრალა. კუციამ მინსკში გამართული ევროპის შარშანდელი პირველობაც ბელარუსთან წააგო, თუმცა მაშინ არბიტრთა მიკერძოების გამო იქაური ფედერაციის პრეზიდენტს ბოდიშიც კი მოუხდია. იაძეს საყვედური არც პავლიაშვილზე უთქვამს იმის მიუხედავად, რომ ხშირად აკრიტიკებს მას. ამ კაცმა იმდენი კი დაიმსახურა, ძიუდოისტებზე წინ დავაყენო და ტურნირებზე წავიყვანო, სხვა თუ არაფერი, მისი მოგვერდები და ლამაზი ჭიდაობა ღირს ამადო, განაცხადა და თან დასძინა, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში რუმინელ იოან ნედელკუს სამჯერ ჩაუტარა მოგვერდი და დარბაზის ოვაცია დაიმსახურაო.

იმერლიშვილის ევროპაზე წასვლა იმთავითვე საკამათო იყო, რადგან აქ პრეტენზიას ევროპისა და მსოფლიოს შარშანდელი ვიცე-ჩემპიონი ლევან ნახუცრიშვილიც აცხადებდა. საბოლოოდ საქმე იმერლიშვილის სასარგებლოდ იმან გადაწყვიტა, რომ მოსამზადებელ ეტაპზე მოიგო სამი უძლიერესი შეჯიბრება - არმავირში, მოსკოვსა და ასტანაში, ნახუცრიშვილმა კი მხოლოდ ყაზახეთში იჭიდავა და იქაც წააგო. თან ჯერ კიდევ სტკივა შარშან ნატკენი ხელი. იაძე იმერლიშვილის ჭიდაობით უკმაყოფილო არაა, მაგრამ მსოფლიოზე მაინც ნახუცრიშვილის წაყვანას გეგმავს.

ასევე გარიგება ყოფილა 62 კილოგრამშიც დავით სვიმონიშვილსა და ნესტორ ხერგიანს შორის - რაკი სვიმონიშვილი სოფიაში დამარცხდა, იაძემ გადაჭრით განაცხადა, რომ მსოფლიოს ხერგიანი იჭიდავებს. თუმცა ამ შემთხვევაში საქმე შედარებით მარტივადაა, რადგან სვიმონიშვილმა წააგო და მწვრთნელთა მოწონება ვერ დაიმსახურა, იმერლიშვილს კი ურიგოდ არ უჭიდავია. სვიმონიშვილს იაძე თურმე ჯერ კიდევ ვარჯიშებზე ატყობდა, მთლად სასურველ ფორმაში რომ ვერ იყო.

მწვრთნელს წაგებისთვის არ გაუკრიტიკებია დებიუტანტი დიმიტრი მულაძე (52), რადგან ორივე შეხვედრა მინიმალური სხვაობით დათმო. აღნიშნა მისი შრომისმოყვარეობა და თქვა, კარგია, მეტოქეს არაფერს რომ არ უთმობს, მაგრამ თვითონაც უნდა აართვას ქულებიო.


გია გალდავამ სათქმელი თქვა
სამბოს პოპულარიზაციასთან დაკავშირებით სპორტის მინისტრის მოადგილე გია გალდავამ გაიხსენა რამდენიმე წლის წინანდელი ამბავი, როცა თურმე სამბოს საერთაშორისო ფედერაციას გაერთიანება ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ შესთავაზა და სანაცვლოდ ოლიმპიადის პროგრამაში ორი წონითი კატეგორიის შეტანასაც დაჰპირდა ჭიდაობის ხარჯზე, მაგრამ რატომღაც სამბისტებს თავი შეუკავებიათ.

იაძემ სპორტსმენთათვის უცხოურ ტურნირებზე განკუთვნილი ყოველდღიური სახარჯო ფულის განაწილების პრინციპის შეცვლაც ითხოვა. მისი თქმით, მოჭიდავეებს ეს ფული მალევე შემოეხარჯათ და მერე ჯიბის ფულის გარეშე, უჭმელ-უსმელნი დარჩნენ. ამიტომ მათთვის გადაცემას, მე ჩავიბარებ და გამოვუზოგავო, რაზეც პასუხად გალდავამ მიუგო, მაგის უფლებას კანონი არ გვაძლევს, თუმცა უფრო მოქნილი სისტემის შემუშავება კი შეიძლებაო.

გალდავამ იქვე ერთი დამახასიათებელი მაგალითიც მოიყვანა - თურმე მავანი ფედერაციის ხელმძღვანელი, ახლო წარსულში თავადაც მოქმედი სპორტსმენი, ამ ფულს თვითონ იღებდა, სპორტსმენებმა კი ამ თანხის შესახებ არაფერი იცოდნენ! არ გამოვრიცხავთ, ასეთი ფაქტები სხვაგანაც ხდება. სამწუხაროდ, გალდავამ კონკრეტული გვარი არ დაასახელა, თუმცა ვფიქრობთ, ასეთები საჯაროდ უნდა ამხილონ და მაშინ იმავეს სხვები ვერ გაბედავენ.

იაძემ ორი, ქართული რეალობისთვის ასევე დამახასიათებელი მანკიერებაც წარმოაჩინა. თურმე სამინისტროში ან სხვა უწყებებში მავანი გამგებლები და სხვა რანგის ჩინოვნიკები რეკავენ და ამა თუ იმ სპორტსმენის ნაკრებში დაყენებას ითხოვენ! ესეც აუცილებლად აღსაკვეთი ტენდენციაა, იმ გამგებლებსა თუ სხვა რიგის სახელმწიფო მოხელეებს კი ვიღაცამ უნდა აუხსნას, რომ მათი მოვალეობა კანონის განუხრელი დაცვაა და არა მისი დარღვევა; რომ თანამდებობა კანონზე და სამართლიანობაზე გადახტომის ნებას არ აძლევთ... იაძემ ყურადღება იმაზეც გაამახვილა, რომ წლეულს ილიას უნივერსიტეტში (მოგეხსენებათ, მას შეუთავსეს სპორტის გაუქმებული აკადემიის ფუნქცია) სამბოს მწვრთნელობაზე აბიტურიენტთა მიღება საერთოდ არ ყოფილა. მოგვიანებით განმარტეს, რომ ამ მდგომარეობაში თურმე კიდევ რამდენიმე სახეობა აღმოჩნდა, მაგრამ გალდავას თქმით, ამაზე კონსულტაციები უკვე გაიარეს და გაისად პრობლემა მოიხსნება. უნივერსიტეტი ავტონომიური ერთეულია, მაგრამ მაინც ჩნდება კითხვა - უთანხმებენ კი ასეთ გადაწყვეტილებებს განათლების ან სპორტის სამინისტროს?
მკითხველის კომენტარები / 1 /
ოლეგ იაძის გარეშე ქართული სამბო მკვდარია!!!!
unown
14:58 11-01-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული