ახალგაზრდა სამბისტების ერთ თვეში მოპოვებული ოთხი ვერცხლი

AutoSharing Option
ახლახან სოფიაში სამბოში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის გორის ჭიდაობის კომპლექსური სკოლის ორი წარმომადგენელი - ირაკლი ლომიძე (68 კგ) და უტა კოკაური (+100 კგ) შინ ვერცხლის მედლებით დაბრუნდა.

საქართველოს ნაკრების ორივე წევრი ძიუდოისტია, მაგრამ სამბოში შედარებით გამოცდილი კოკაურია, რომელიც წლევანდელ გაზაფხულზე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზეც ფინალისტი გახდა. ლომიძე მხოლოდ მეორედ ჭიდაობდა სამბოში. ადრე საქართველოს პირველობა მოიგო.

ირაკლი ლომიძე: "მსოფლიოზე ოთხი მოწინააღმდეგიდან ფინალამდე სამი დამაჯერებლად დავამარცხე. ფინალი რუს ელი ილიასოვთან მტკივნეული ილეთით წავაგე. სამბოში არასაკმაო გამოცდილების მიუხედავად, ვთვლი, რომ ჩემპიონობა ხელიდან არ
უნდა გამეშვა.

ჩოგბჯენში ჭიდაობაში მოვიკოჭლებ. რუსმა სამბისტმა კი სწორედ ამით ისარგებლა და პარტერში ჩემი პირველივე ჩავარდნა მტკივნეული ილეთით და გამარჯვებით დაასრულა.

ახლა ვაპირებ თბილისში სამბოში ნაკრების შეკრებებსაც დავესწრო, რათა სამომავლოდ უკეთ გამოვიდე. ისე არ გამიგოთ, თითქოს ძიუდოდან სულ სამბოზე გადავერთვები. უახლოესი შეჯიბრება ნოემბერში გასამართი საქართველოს ჩემპიონატია ძიუდოში".


უტა კოკაური: "წლეულს სამბოში ევროპის ჩემპიონატზეც ფინალი წავაგე, თანაც ერთი და იგივე სპორტსმენთან, რუმინელ დანიელ ნეტიასთან. ყველაზე უპატიებელი კი ისაა, რომ ნეტიას, რომელიც 190 კგ-ს იწონის და ჩემზე 75 კილოგრამით მძიმეა, სოფიაში 8:0, ევროპის ჩემპიონატზე რუმინეთში კი 8:1 ვუგებდი. რუმინელმა ტაქტიკით მაჯობა ბუქარესტშიც და სოფიაშიც.

მსოფლიოზე ანგარიშში ასეთი დიდი სხვაობისას, ერთ ეპიზოდში მეტოქე ჩემი საყვარელი ილეთის, "გარე ფეხის" შესასრულებლად შესაფერის პოზიციაზე დამიდგა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს გამიზნულად გაუკეთებია და როდესაც დავაპირე ამ ფანდით საქმე ბოლომდე მომეთავებინა, კონტრილეთზე წამოვეგე.

ეს ტაქტიკური ხარვეზი გამოსწორებადია, სამომავლოდ ასეთი დასანანი მარცხი ჩემი კარიერიდან უნდა გამოვრიცხო."


ორივე ფალავანი ნიკო ბიბილაშვილის და ანზორ თენაძის შეგირდია. ისინი წვრთნიან ბექა ღვინიაშვილსა და ვაჟა მარგველაშვილსაც, რომლებიც ორიოდ კვირის წინათ ძიუდოში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე აგრეთვე ვერცხლის პრიზიორები გახდნენ.

ოთხი ვერმოგებული ფინალის მიზეზებზე ნიკო ბიბილაშვილსაც დავეკითხეთ.

"პირველ ყოვლისა, ამ ახალგაზრდების წარმატება უდავოდ დასაფასებელია! პირადი მწვრთნელები სოფიაში არ ვყოფილვართ და რასაკვირველია, როცა შეჯიბრებისთვის არ გიდევნებია თვალი, ძნელია დასკვნის გაკეთება. ფინალებში დამარცხების მიზეზებს მალე ერთად გავაანალიზებთ და დასკვნებსაც გამოვიტანთ.

ზედაპირულად ის შემიძლია გითხრათ, რომ ირაკლი ლომიძე სამბოში ჯერ მაინც ახალბედაა. კოკაურმა კი პრინციპულ შეხვედრებში, როცა პირადი მწვრთნელი არ ახლავს, დამოუკიდებლადაც უნდა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება.

მის ტალანტზე საუბარი გადაჭარბებულად არასოდეს გვეჩვენებო
და და მჯერა, ისიც და ლომიძეც უთუოდ გაამართლებენ მოლოდინს" - გვითხრა ნიკო ბიბილაშვილმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული