სამბოში გუნდური პირველობა ჩვენია

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდა და ჭაბუკ სამბისტთა ნაკრებებმა გუნდურ პირველობაში გამარჯვებით დაასრულეს თბილისში დამთავრებული მსოფლიოს ასაკობრივი ჩემპიონატები. ორივემ ერთნაირი შედეგი აჩვენა - ოთხ-ოთხი ოქრო, თითო ვერცხლი და სამ-სამი ბრინჯაო. საბედნიეროდ, ამჯერად დასათვლელი გოგოებშიც მოგვეპოვება და არა მხოლოდ დაბალი სინჯის მედლები - ქართული სამბოს ისტორიაში პირველად, მსოფლიოს ჩემპიონი გოგოებშიც გაგვიხდა. ისტორიული მედალი წყნეთელმა ნინო ოძელაშვილმა (72) მოიპოვა. ქალთა ნაკრების მონაგარი კიდევ სამი ბრინჯაოა.

მთლიანობაში, ჩვენმა გუნდებმა ცხრა-ცხრა ოქრო-ბრინჯაო და ორი ვერცხლი მოიპოვეს. ვაჟთა შორის ახალგაზრდებში პირველ დღეს ვახტანგ სარაჯიშვილმა (82) ოქრო, გივი ნადარეიშვილმა
(52) და გიორგი ტაბატაძემ (62) ბრინჯაო რომ ირგუნეს, უკვე გაცნობეთ, შაბათ-კვირას კი ჩემპიონები გენადი ჩირგაძე (57), ზაზა დავაძე (90) და ლევან მუქერია (+100) გახდნენ, ზვიად კაპანაძე (68) მეორეზე გავიდა, არჩილ შინჯიკაშვილმა (100) კი ბრინჯაო დაისაკუთრა. ჭაბუკებში პირველ დღეს გიორგი კაციამ (60) და შმაგი შარიფაშვილმა (75) გაიმარჯვეს, ლერი ჯიხვაშვილი (48) კი მესამე იყო. მომდევნო დღეებში ლაშა გიუნაშვილმა (56) და სლავა რეზესიძემ (+87) იჩემპიონეს, მიხეილ ჩოხელი (70) მეორეზე გავიდა, ბექა რატიანი (81) და ალექსანდრე მილდიანი (87) მესამეზე დარჩნენ.
გოგოებში ბრინჯაოს მფლობელები ახალგაზრდებში დარინა აბულაძე (48) და შორენა შარაძე (64) გახდნენ, უმცროსებში - ცირა აბულაძე (48).

ვინაიდან ოძელაშვილის გამარჯვება პირველია და ისტორიული, ამით დავიწყოთ. მან სულ ორი შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ ორივეში დამაჯერებლად იჭიდავა და მეტოქეებს საგრძნობლად აღემატებოდა. რუს ზანარა კუზანოვას მხოლოდ 1:0 მოუგო, მაგრამ მთელი შეხვედრა საგრძნობ უპირატესობას ფლობდა და მშვენიერი ილეთიც გაუკეთა. სხვათა შორის, იმ დღეს - შაბათს რუსებმა მხოლოდ ეს ერთი შეხვედრა წააგეს, თორემ სხვა წონებში ყველგან გაიმარჯვეს. ფინალში ბელარუს ანჟელა მოროზოვასთან ჩვენებური საბრძოლველად შემართული გავიდა და მთელი შეხვედრა დიდ ფიზიკურ-ტექნიკურ უპირატესობას ფლობდა. ის ფიზიკურად საკმაოდ კარგადაა მომზადებული და მოროზოვა რამდენჯერმე მშვენივრად წამოიღო ილეთზე. ყველა გდება შედეგიანად ვერ დაასრულა, მაგრამ 3:0 იმარჯვა და თან ისე, მეტოქეს ქულის მოპოვების რეალური შანსი არც ჰქონია. საფინალო სასტვენის შემდეგ გახარებულმა ოძელაშვილმა ორი ისეთი მალაყი მიაყოლა, ბევრ ვაჟს შეშურდებოდა. "ჩემპიონატში საბრძოლო განყობით ჩავები და ნამდვილად მჯეროდა, შედეგს რომ მივაღწევდი. ყოველ შემთხვევაში, შიშის ფაქტორი არ ყოფილა და ვგრძნობდი, კარგად ვიყავი მომზადებული. უფრო რთული პირველი შეხვედრა გამოდგა - რუსთან უფრო გამიჭირდა, ფინალში კი მობილიზებული და მოსაგებად განწყობილი გავედი. მედალი ხომ მაინც არის-მეთქი, თავს არ ვიმშვიდებდი. პირიქით, იმაზე ვფიქრობდი, რომ ფინალიც უნდა მომეგო. შინაგანადაც უფრო გახსნილი ვიყავი და არ გამჭირვებია მოგება" - გვითხრა ჩემპიონმა. ნინოც და ამ ტურნირში გამოსული სხვა გოგოებიც ძიუდოისტთა ნაკრების წევრები არიან და გვჯერა, იქაც მოიპოვებენ მედლებს.

ცხადია, ყველა ჩემპიონი გამორჩეული და შესაქებია, მაგრამ მოგვიტევონ დანარჩენებმა, თუ რეზესიძეს ოდნავ გამოვარჩევთ. ყოველ შემთხვევაში, შაბათს გაჩემპიონებული სამეულიდან - დავაძე-მუქერია-რეზესიძე - მან უფრო დამაჯერებლად გაიმარჯვა. დმანისელმა ფალავანმა მთელი ტურნირი კარგად ჩაატარა და ჭიდაობის კარგი ხარისხი გამოავლინა, ფინალში კი უკრაინელი პავლო მოკონკო 7:0 გაანადგურა. აღსანიშნავია, რომ ის ზედიზედ მეორედ გახდა ამ ასაკში მსოფლიოს ჩემპიონი.

მუქერიას კი შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლენაში ხელი მუხლის ტრავმამ შეუშალა, თუმცა ასეთ მდგომარეობაში გამარჯვება ორმაგად დასაფასებელია. ის პირველ შეხვედრაში დაშავდა ესტონელ დენის სმოლდარევთან, ფინალში კი ლამის ერთიანად შეხვეული ფეხით გავიდა საჭიდაოდ მოლდოველ ანატოლი პოიაგთან. თან მეტოქე მასზე ბევრად მაღალი იყო, ანუ ფიზიკური ძალით იოლად ვერ დაჩაგრავდა, ასეთ შემთხვევაში კი წარმატების მთავარ პირობად ტექნიკა უნდა ქცეულიყო. თუმცა რაღა ტექნიკაზეა ლაპარაკი, როცა ფიცარნაგზე ლამის კოჭლობით ავიდა... ამასთან, მოლდოველმაც სწორი ტაქტიკა აირჩია - გამუდმებით ჩავლებით ეჭიდავებოდა, რაც ტექნიკურ ჭიდაობას გამორიცხავდა, თვითონ კი ფეხის გამოკვრით ცდილობდა ფონს გასვლას და ისედაც ფეხმტკივან მუქერიას წამდაუწუმ აჯანჯღარებდა იმის იმედით, ეგებ გაფრთხილებას გამოვრჩეო. საბედნიეროდ, ჩვენებურიც მაგრად ედგა და შეზღუდული მოძრაობის მიუხედავად, იქით გააფრთხილებინა მოწინააღმდეგე - 1:0 მის სასარგებლოდ. სწორედ ამ დროს დადგა ლამის საბედისწერო მომენტი - ლეიბიდან წამოდგომისას მუქერია მტკივან მუხლს დაეყრდნო და... მოწყვეტით გაიშხლართა ლეიბზე... ზევით, პრესლოჟაშიც კარგად გავიგონეთ, როგორ უხმო გუნდის ექიმ ზურაბ კახაბრიშვილს საშველად. ამის შემდეგ კიდევ უფრო მეტად კოჭლობდა, მეტოქეც შეგნებულად უტევდა მტკივან ფეხზე, მუქერიასაც აშკარად ეტყობოდა - ილეთის გამკეთებელი ვეღარ იყო, თუმცა ჩავლებებს და მეტოქის აქეთ-იქით გასროლას მაინც ახერხებდა. ამით ძვირფას წამებს იგებდა და გამარჯვებამდეც ასე წვალებით მივიდა. საჩემპიონოდ დავაძემაც ბევრი ოფლი დაღვარა - აზერბაიჯანელი სეიმურ ჰეიდაროვი ორჯერ დაწინაურდა, მაგრამ შეხვედრის მეორე ნახევარში ჩვენებურიც გარდაიქმნა და 9:3 მოიგო. ჩირგაძე უკვე ნაკრების საკმაოდ გამოცდილი წევრია და დამაჯერებელი ჭიდაობით მოპოვებული გამარჯვება მისგან არცაა გასაკვირი. მისასალმებელია გიუნაშვილის წარმატებაც, რომელიც თანდათან იმკვიდრებს ადგილს ელიტაში და ორ კვირაში მსოფლიოს პირველობა ისევ უნდა იჭიდაოს, ოღონდ ამჯერად ძიუდოში და თანაც - ახალგაზრდებში. ოქროს მედლამდე სულ ცოტა დააკლდა კაპანაძესაც - ანგარიში 1:1 იყო, დამთავრებამდე კი სულ რაღაც ორი წამი რჩებოდა, როცა გაქცევის მცდელობისას ფეხი აერია და მეტოქემ ქულა მიითვალა.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

კვარცხლბეკი.
52 კგ. 1. ვასილ კარაულოვი (რუსეთი), 2. სირუმ მირმანოვი (ყაზახეთი), 3. მიხაილო ილიჩუკი (უკრაინა), მარალ ჩიმედორჟი (მონღოლეთი). 5. ვაჟა ლატარია (საქართველო).
57 კგ. 1. გენადი ჩირგაძე (საქართველო), 2. ცედენ-იშ რაახანჯანი (მონღოლეთი), 3. ვიაჩესლავ ბატრაკოვი (რუსეთი), კაზბეკ სუპინგალიევი (ყაზახეთი).
68 კგ. 1. ალექსანდრ კოკშა (ბელარუსი), 2. ზვიად კაპანაძე (საქართველო), 3. კირილო მელნიჩენკო (უკრაინა), ისტამ კუდრატოვი (უზბეკეთი).
74 კგ. 1. გიორგი ლებედევი (რუსეთი), 2. ალბერტ კარანიანი (სომხეთი), 3. ნიკიტა ტიშენკო (უკრაინა), ილია დროვნჟაშინი (ესტონეთი). 7. ზებედა რეხვიაშვილი (საქართველო).
90 კგ. 1. ზაზა დავაძე (საქართველო), 2. სეიდურ ჰეიდაროვი (აზერბაიჯანი), 3. გარეგინ ხაჩატრიანი (სომხეთი), ვიქტორ ოსიპენკო (რუსეთი).
100 კგ. 1. დანილა სტრელცოვი (რუსეთი), 2. შოხრუხ კუჩკაროვი (უზბეკეთი), 3. არჩილ შინჯიკაშვილი (საქართველო), ტიგრან ანტონიანი (სომხეთი).
+100 კგ. 1. ლევან მუქერია (საქართველო), 2. ანატოლი პოიაგი (მოლდოვა), 3. დენის სმოლდარევი (ესტონეთი), იბრახიმ ხამხოევი (რუსეთი).
ჭაბუკები.
52 კგ. 1. ვლადიმირ გლადკიხი (რუსეთი), 2. არიფ ბაგიროვი (ბელარუსი), 3. ელემან კასიმბაევი (ყირგიზეთი), გორ მაილიანი (სომხეთი). 7. გიორგი საჩალელი (საქართველო).
56 კგ. 1. ლაშა გიუნაშვილი (საქართველო), 2. რუსლან ბაღდასარიანი (რუსეთი), 3. ჟანსაი სმაგულოვი (ყაზახეთი), პარვიზ შუკუროვი (აზერბაიჯანი).
65 კგ. 1. აიდინ დარტაევი (ყაზახეთი), 2. სერგეი სიჩუ (ბელარუსი), 3. ევგენი სლეპჩენკო (უკრაინა), ალექსეი პროხოროვი (რუსეთი). 7. გოჩა ვარძელაშვილი (საქართველო).
70 კგ. 1. კამალ ბაიკულოვი (რუსეთი), 2. მიხეილ ჩოხელი (საქართველო), 3. იბაედი დევაშტიჩი (ტაჯიკეთი), პაველ ხმუროვიჩი (ბელარუსი).
81 კგ. 1. ცჟმრონჩოჰი ისტოპირენი (ტაჯიკეთი), 2. ივაილო ივანოვი (ბულგარეთი), 3. ბექა რატიანი (საქართველო), ნოდირბეკ ტურაევი (უზბეკეთი).
+87 კგ. 1. სლავა რეზესიძე (საქართველო), 2. პავლო მოხონკო (უკრაინა), 3. არტიომ ფილატაუ (ბელარუსი), პაველ სარეიბეკიანი (რუსეთი).


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული