შეგახსენებთ, რომ იქ ჩვენებმა 6 მედალი მოიპოვეს - 5 ვაჟებმა და 1 - ქალებმა. ვაჟთა მონაგარი თითო ოქრო-ვერცხლი და სამი ბრინჯაო, მანდილოსნებიდან კი მესამე პრიზიორი ირინა ლეონიძე (80) გახდა.
ვაჟთაგან მსოფლიოს ჩემპიონობა გიორგი ბაინდუროვმა (90) იზეიმა, ლომერ ჟორჟოლიანი (100) მეორეზე გავიდა, ბრინჯაოს მედლებს კი ფოთელები - ნუკრი ბერაია (52), ნიკოლოზ კუცია (82) და ზუგდიდელი ბესიკ ბერულავა (74) დაეუფლნენ. გუნდურ ჩათვლაში
პრესკონფერენციას საქართველოს სამბოს ფედერაციის პრეზიდენტ სოსო ლიპარტელიანთან ერთად საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, მისი მოადგილე თამაზ თევზაძე და ამავე სამინისტროს სპორტის სამმართველოს უფროსი ირაკლი დოლაბერიძე ესწრებოდნენ.
შეხვედრაც ყიფიანმა გახსნა მისასალმებელი სიტყვით და სამბისტებს წარმატება მიულოცა.
"ამდენი მედალი არაა ცოტა და ამაზე ბევრი ქვეყანა იოცნებებდა. მინდა, დიდი პატივისცემა დაგიდასტუროთ, მადლობა გადაგიხადოთ ნებისმიერს, ვინც ჩართული იყავით ამ მიღწევაში და მოგილოცოთ ის. ვულოცავ მწვრთნელებსაც, რომლებმაც შრომა არ დაიშურეს ამ შედეგისთვის" - თქვა მან.
სოსო ლიპარტელიანმა შეჯიბრების პერიპეტიები მიმოიხილა და ზოგიერთ გულდასაწყვეტ ფაქტზეც ისაუბრა, რამაც შედეგზე იქონია გავლენა. საქმე ისევ უსამართლო მსაჯობას ეხება, პრეზიდენტი კი განსაკუთრებით გულდაწყვეტილი კუციას დაჩაგვრის გამო იყო.
"მსოფლიოს პირველობისთვის მზადება გუნდმა დუშეთში დაიწყო, დასკვნითი ეტაპი კი მწვრთნელების საერთო მოსაზრების გათვალისწინებით მინსკში გავიარეთ. ჩვენს გარდა იქ ოთხი გუნდი იყო ჩასული, რომლებსაც მასპინძლებიც დაემატნენ და ძლიერი შეკრება გამოვიდა, რაც დაეტყო კიდეც შედეგებს.
მსოფლიოს ჩემპიონატზე შარშან კი გვქონდა ოქრო, მაგრამ მანამდე რამდენიმე წელიწადი არ მოგვიპოვებია.
ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს კარგი შედეგია, თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნო მსაჯთა ძალიან დიდი ზეწოლა კუციაზე - როცა რუსს ხვდება ჩვენი სპორტსმენი, სულ არის საშიშროება, რომ გუნდური არ მოვუგოთ მათ და ამის თავიდან ასაცილებლად მსაჯები ყველაფერს აკეთებენ.
გიორგი ბაინდუროვმა კარგად იჭიდავა, ღირსეულად ჩაატარა ყველა შეხვედრა და დამსახურებულად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. ვულოცავ მას ამ წარმატებას.
ლომერ ჟორჟოლიანმა შარშანაც იჭიდავა მსოფლიოს პირველობის ფინალში, ანუ ზედიზედ მეორედ მოიპოვა ვერცხლის მედალი. გვეგონა, ის ამჯერად ჩემპიონი გახდებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა.
შარშან გუნდში ქალებიც ჩავრთეთ, რომლებმაც კარგი შედეგი მოგვცეს, წლეულს ევროპაზეც ისახელეს თავი და გადავწყვიტეთ, ამჯერადაც წაგვეყვანა მინსკში. ბათუმელმა ირინა ლეონიძემ ბრინჯაოც მოიპოვა, რაც დიდი წარმატებაა" - თქვა ლიპარტელიანმა.
ამის შემდეგ მან ქართველ სამბისტთა წლევანდელი მონაგარიც შეაჯამა. მისი თქმით, ევროპის პირველობაზე ჭაბუკებმა 9 მედალი (3 - ოქრო, 4 - ვერცხლი, 2 - ბრინჯაო) და გუნდური პირველობა მოიპოვეს, ახალგაზრდებმა - 2 ოქრო, ამდენივე ბრინჯაო და 3 ვერცხლი, ანუ ჯამში 7 ჯილდო და გუნდური მეორე ადგილი, უფროსებმა - გუნდური მესამე და პირადში 8 მედალი - ასევე 2-2 ოქრო-ბრინჯაო და 4 ვერცხლი ირგუნეს.
მსოფლიოს პირველობებზე ჩვენმა სამბისტებმა ასეთი შედეგები მოგვცეს: ჭაბუკებმა 7 მედალი და გუნდური მეორე ადგილი მოიპოვეს (1 ოქრო და 3-3 ვერცხლ-ბრინჯაო).
ახალგაზრდებმა 6 მედალი და გუნდური მესამე გაინაღდეს 1 ოქროთი, 2 ვერცხლით და 3 ბრინჯაოთი, უფროსთა მონაგარი კი თავში გითხარით.
ფედერაციის პრეზიდენტმა სეზონის ეს საერთო მონაგარი კარგ შედეგად მიიჩნია და მიღწეულისთვის მადლობა გადაუხადა როგორც სპორტსმენებს, ასევე - მწვრთნელებს, რომლებმაც წვლილი შეიტანეს გუნდების მომზადებაში.
ლიპარტელიანს არც სამედიცინო შტაბი და ზურაბ კახაბრიშვილი დავიწყებია, რომელიც პირადად იყო ჩართული ნაკრების მსოფლიოსთვის მომზადებაში და მინსკშიც ახლდა გუნდს შეკრებაზე.
მისასალმებელ-მისალოცი სიტყვა სულაც მწვრთნელებისადმი სამადლობელით დაიწყო თევზაძემ, როგორც უმნიშვნელოვანესი რგოლით:
"ნებისმიერი შედეგი, მასობრიობა დამოკიდებულია დარგის სპეციალისტებზე. ამიტომ განსაკუთრებული მოლოცვა მწვრთნელებს, მერე სპორტსმენებს და განსაკუთრებით - ქალბატონს, რომელსაც მედალოსანთაგან საგანგებოდ გამოვარჩევ.
ცხადია, ასეთ გამოსვლაში ფედერაციის წვლილიც დიდია, რომელმაც, როგორც აქ ითქვა, სწორად დაგეგმა მოსამზადებელი პერიოდი".
პრესკონფერენციის დასასრულს ყიფიანი მედალოსნებს შეპირდა, რომ კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო პრემიებს აუცილებლად მიიღებენ. ჩვენ კი საკუთარი გამოსვლის შეფასება ბაინდუროვსა და ლეონიძეს ვთხოვეთ.
გიორგი ბაინდუროვი: "როგორც იქნა, ჩემი დროც მოვიდა და გავიმარჯვე. წილისყრაშიც გამიმართლა, რადგან თავიდან ძლიერი მეტოქე მხოლოდ უზბეკი მყავდა, აზიის ჩემპიონი. დამაჯერებლად მოვუგე - 6:1, გავიხსენი და ფინალამდე კარგად მივედი.
იქ საკმაოდ ძლიერ რუს ედუარ კურგინიანს შევხვდი, რომელიც მსოფლიოს ორგზის მედალოსანი და ევროპის შარშანდელი ჩემპიონია. თავიდან თანაბარი ბრძოლა მიდიოდა, მაგრამ ბოლოს მეტოქე ფსიქოლოგიურად გავტეხე. მთლიანობაში 5 შეხვედრა ჩავატარე და განსაკუთრებულად არც ერთი არ გამჭირვებია, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველა მეტოქე შესაფასებელია.
ტურნირის დაწყებამდე ხუთი დღით ადრე ფეხი ვიტკინე - კუნთი ნაწილობრივ გამიწყდა და ვიფიქრე, კიდევ ერთი უიღბლობა-მეთქი, მაგრამ გუნდის ექიმმა კახაბრიშვილმა ყველაფერი გააკეთა ამ ტრავმის მოსაგვარებლად.
მართალია, ჭიდაობის დღესაც მაწუხებდა, მაგრამ მაინც შევძელი და გავიმარჯვე. ეტყობა, ამ ტრავმით გამოწვეულმა 3-დღიანმა დასვენებამაც მარგო. ვულოცავ ამ ოქროს მთელ საქართველოს, ჩემს მშობლიურ მუხრანს და ყველა იმ ადამიანს,. ვინც გვერდში მედგა".
ირინა ლეონიძე: "მსოფლიოს ჩემპიონატი ისედაც ძლიერი ტურნირია, მაგრამ სამბოში ასპარეზობა ქართველი გოგოსთვის მით უფრო რთულია. მიხარია, რომ მესამე ადგილზე გავედი. თავიდან ბელორუსს ვაჯობე, მაგრამ ნახევარფინალში იტალიელთან წავაგე და სანუგეშოში გადავედი, სადაც ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ჩეხ მეტოქეს ვაჯობე".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"