სამბისტებმა საუკეთესოები დაასახელეს

AutoSharing Option
დღეს სამბოს ფედერაციამ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში განვლილი სეზონი შეაჯამა, დაასახელა წლის საუკეთესო სპორტსმენები და მწვრთნელები. მიმდინარე სეზონში საქართველოს ჭაბუკთა, ახალგაზრდულმა და ეროვნულმა ნაკრებებმა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე 42 მედალი მოიპოვეს. აქედან 16 ოქრო, 14 ვერცხლი და 12 - ბრინჯაო.

ევროპის პირველობაზე ჭაბუკებმა 2-2 ოქრო-ბრინჯაო და 4 ვერცხლი ირგუნეს, გუნდურში კი მეორეზე გავიდნენ. ახალგაზრდებმა - 4 ოქრო, 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო და გუნდური პირველობა, უფროსების ევროპული მონაგარი კი 6 მედალია - 2 ოქრო, 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაო, რასაც გუნდური
მესამე ადგილიც ემატება.

თბილისში გამართულ მსოფლიოს პირველობაზე ახალგაზრდებმა და ჭაბუკებმა ზუსტად ერთნაირი შედეგი აჩვენეს - 8-8 მედალი. იდენტურია ხარისხობრივი მაჩვენებელიც - 4-4 ოქრო, თითო ვერცხლი და 3-3 ბრინჯაო, რამაც ორივე ასაკში გუნდური პირველობა მოგვიტანა.

უფროსებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და გუნდური მესამე ადგილი მოიპოვეს. ფედერაციის უკმაყოფილების მიზეზიც ოქროს გარეშე დარჩენაა, თორემ სხვა მხრივ შედეგებით კმაყოფილები არიან.

წლის საუკეთესო სპორტსმენი ამჯერადაც ფედერაციის მიერ შემუშავებული კრიტერიუმებით გამოვლინდა, რაც სეზონის განმავლობაში ნაჩვენებ შედეგებს ემყარება. საუკეთესო მაჩვენებელი ევროპისა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ლევან ნახუცრიშვილს (68) აღმოაჩნდა, რომელიც ეროვნულ ნაკრებში წლეულს გადმოვიდა ახალგაზრდებიდან. მეორეზე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი დავით სვიმონიშვილი გავიდა (62), მესამეზე - ასევე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ლევან წიკლაური (82). ახალგაზრდებში საუკეთესოდ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ლევან მუქერია (+100) დაასახელეს, ჭაბუკებში - იმავე ტიტულების მფლობელი ლაშა გიუნაშვილი (56).

ფედერაციამ წლის საუკეთესო მწვრთნელად ჭაბუკთა და ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ბადრი ჯანიაშვილი დაასახელა, მომდევნო ადგილებზე კი ქუთაისელი გივი სარდალაძე და ფოთელი ზურაბ ტუღუში გავიდნენ. ნომინანტებს დიპლომები და სიგელები გადაეცათ.

ფედერაციამ საპატიო სიგელებით დააჯილდოვა მწვრთნელები: ავთანდილ დიღმელაშვილი, დავით ხერგიანი, იოსებ გირგვლიანი და ქართლოს პავლიაშვილი. დიღმელაშვილსა და ბათუ ჯიქურს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდებები მიულოცეს, ოთარ ყურაშვილსა და თემურ გიორგაძეს - ვეტერანთა მსოფლიოს ჩემპიონატში გამარჯვება. სხდომის დასასრულს პრეზიდიუმში გამოკლებული წევრების - აკაკი ნინიაშვილისა და ლავრენტი კაციაშვილის ნაცვლად საგანგებო სიტუაციათა დეპარტამენტის თავმჯდომარე, ზემოხსენებული თემურ გიორგაძე და იოსებ ახალბედაშვილი აირჩიეს.


ირაკლი თავაძე

მკითხველის კომენტარები / 1 /
ლევან ნახუცრიშვილს უდიდესი მომავალი აქვს
intereli
18:13 25-11-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული