რუსებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ქართველ სამბისტებს გუნდური პირველი ადგილი არ აეღოთ

AutoSharing Option
სამბისტთა ნაკრები დაბრუნდა იაპონური ნარიტადან, სადაც დიდი წარმატებით იჭიდავა მსოფლიოს ჩემპიონატში - ვაჟთა ნაკრებში 9 კაციდან 7-მა მედალი მოიპოვა, რომელთაგანაც 2 ოქროა, 1 - ვერცხლი და 4 - ბრინჯაო. ამას ქალთა ნაკრებმა 1 ვერცხლიც დაუმატა და მთლიანობაში, ჩვენი დელეგაცია სამშობლოში 8 ჯილდოთი დაბრუნდა.

ამასთან, ვაჟები საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორეზე გავიდნენ რუსების შემდეგ. მათგან ჩემპიონები გენადი ჩირგაძე (52) და ვახტანგ ჩიდრაშვილი (57) გახდნენ.

ლევან ნახუცრიშვილი (68) ვერცხლის მედალს დასჯერდა, ბესიკ ბერულავა (74), ნიკო კუცია (82), დავით კარბელაშვილი (90) და დავით ლორიაშვილი
(100) კი ბრინჯაოს დაეუფლნენ.

ქალთაგან ვიცე-ჩემპიონის ტიტული ნინო ოძელაშვილმა (72) მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ჩიდრაშვილი მსოფლიოს შარშანდელი გამარჯვებულიცაა, ხოლო წლეულს დუბლი შეასრულა - გაზაფხულზე ევროპის პირველობაც მოიგო. მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნებამდე ერთადერთი გამარჯვება დააკლდა ნახუცრიშვილსაც. აქვე შევნიშნავთ, რომ მსოფლიოზე შარშანაც ორი ჩემპიონი გვყავდა.

სწორედ ამ ფაქტს - ქართული სამბოს ბოლოდროინდელ წარმატებას გაუსვეს ხაზი გუშინ პრესკონფერენციაზე, რომელიც იაპონიიდან დაბრუნებულმა ნაკრებისა და სამბოს ფედერაციის ხელმძღვანელობამ ერთობლივად გამართა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში.

ფედერაციის პრეზიდენტმა სოსო ლიპარტელიანმა აღნიშნა, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში საერთოდ არ გვყავდა მსოფლიოს ჩემპიონი, ახლა კი ბოლო წლებში ამ ტიტულის გარეშე არ ბრუნდებიან შესაბამისი ტურნირიდან.

ლიპარტელიანმა ამ წარმატების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სამინისტროს მხრიდან გამოჩენილი ყურადღება დაასახელა - გაიზარდა ფედერაციის დაფინანსება, რის შედეგადაც ეროვნულმა ნაკრებმა მოსამზადებელი ეტაპის ყველა აუცილებელი რგოლი გაიარა - ჩაატარა სამი სასწავლო-საწვრთნელი შეკრება.

პირველი ფიზიკურ მომზადებას დაეთმო და სად გაივლიდნენ, თუ არა ბაკურიანში?! მეორე შერეული ტიპისა იყო - ფიზიკურთან ერთად, ლეიბზეც ემზადებოდნენ ტექნიკურ-ტაქტიკური კომპონენტების დახვეწაში და ის ბორჯომში მოეწყო; მესამე, დასკვნითი და ყველაზე მნიშვნელოვანი შეკრება კი გორში ჰქონდათ.

პრესკონფერენციას სამინისტროს მხრიდან მინისტრი ლევან ყიფიანი ესწრებოდა, რომელმაც ფედერაციისთვის გაწეული დახმარებისთვის არაერთი მადლობა მიიღო სამბისტებისგან - მადლობა გადაუხადეს ლიპარტელიანმა, სამბოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯონდო მუზაშვილმა, ავთანდილ ცინცაძემ და ქუთაისელმა მწვრთნელმა გივი სარდანაძემ.

პრესკონფერენციაზე ქართული სამბოს ერთ-ერთ დიდ მიღწევად ჩვენი მსაჯის - ემინ რაშისადმი გამოვლენილი ნდობაც დაასახელეს, რომელმაც გადამწყვეტი ფინალი იმსაჯა.

თუმცა მისი ფაქტორი თურმე ტურნირზე ბოლომდე მაინც ვერ დაგვეხმარა, რაც პირადში უფრო უკეთესი მონაგარის, გუნდურში კი გამარჯვების დაკარგვად დაგვიჯდა.

გუშინდელ შეხვედრაზე გუნდური პირველობის დაკარგვა გამომსვლელთა სინანულის ერთადერთი მიზეზი იყო.

სამბისტთა თქმით, მსაჯებმა ნიკო კუცია (82) მერვედფინალში აშკარად დაჩაგრეს რუს ვლადიმირ პრიკაზჩიკოვთან პაექრობაში. არადა, მას რომ მოეგო, მაშინ რუსებსაც ვუსწრებდით საერთო ჩათვლაში, მაგრამ, თურმე, რუსებმა ყველაფერი გააკეთეს ამ რეალობის სათავისოდ შესაცვლელად.

აღნიშნული შეხვედრა მსაჯებს რამდენჯერმე გაუმეორებიათ, მაგრამ გადაწყვეტილება არ შეუცვლიათ, ხოლო ჩვენს მწვრთნელებს გუნდის მოხსნით დამუქრებიან, სულ ჩხუბობთო!

ამაში გასაკვირი არაფერია - აქაოდა, ჩვენი მოგონილი სპორტიაო, სამბოში რუსები ისე ჭრიან და კერავენ, როგორც მოესურვებათ. ჩვენებურთა გუშინდელ არგუმენტებს კუციას დაჩაგვრის შესახებ ისიც ამყარებს, რომ ბოლო დღეს ჭიდაობდა, ჩვენები კი ყველაზე ცუდად მაშინ გამოვიდნენ - თუ მანამდე ორივე დღეს 3-3-ვე წონაში 6 მედალი გვქონდა, ანუ უკლებლივ ყველა ქართველი ავიდა კვარცხლბეკზე, კვირას 3-დან მხოლოდ 1 ბრინჯაო მოვიპოვეთ.

არაობიექტურობის ეს ფაქტი პრესკონფერენციაზე განხილვის საგნად იქცა და ყიფიანი იმითაც დაინტერესდა, რა მექანიზმი არსებობს ამ უსამართლობის აღსაკვეთად და რუსთა თავნებობის შესაჩერებლად.

ლიპარტელიანის თქმით, სამბო ოლიმპიურ ოჯახში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის და იძულებული იქნება, მსაჯობაც მოაწესრიგოს, როგორც ეს ჭიდაობაში გააკეთეს, თორემ მომავალი არ აქვს.

ყიფიანმა პრობლემის მოგვარების ერთ-ერთ გზად საერთაშორისო არენაზე ჩვენი მსაჯების რაოდენობის გაზრდა დაასახელა, მაგალითად კი ძიუდო და ვლადიმერ ნუცუბიძე მოიყვანა, ვინც დღეს ოლიმპიადაზე მოხვედრის კანდიდატთა სიაში შედის, მსოფლიოს ჩემპიონატზე კი ყველაზე პრესტიჟული პაექრობა - მძიმეწონოსან ვაჟთა ფინალი იმსაჯა.

სამბოში დღეს, რაშის გარდა, ამ რანგისა ოთარ ყურაშვილიც გვყავს, თუმცა ლიპარტელიანმაც აღნიშნა, რომ რუსულ მანქანასთან საბრძოლველად ორი კაცი მეტისმეტად ცოტაა და ბევრად მეტია საჭირო.

მინისტრმა მადლობა არა მხოლოდ მიიღო, თავადაც გადაუხადა გუნდს - სპორტსმენებს, მწვრთნელებს, ფედერაციის ხელმძღვანელებს მოპოვებული წარმატებისთვის. მათ სამომავლოდაც ყველანაირი მხარდაჭერა და დახმარება აღუთქვა.

მუზაშვილმა და ლიპარტელიანმა მადლობა გუნდის ექიმებსაც გადაუხადეს - ზურაბ კახაბრიშვილის თავკაცობით, რომლებმაც მართლაც დიდი წვლილი შეიტანეს ამ წარმატებაში. მუზაშვილმა აღნიშნა, რომ მათი როლი, მოსამზადებელ ციკლში გაწეულ სამსახურს თავი რომ დავანებოთ, ნარიტაშიც ძალიან დიდი ყოფილა.

განსაკუთრებით - ფინალური პაექრობების წინ, როცა დასასვენებლად მცირე დრო ჰქონიათ, მაგრამ ექიმები მაინც ასწრებდნენ აღდგენას. მედალოსნების გარდა, მუზაშვილმა უმედლოდ დარჩენილებზე - შმაგი ლაგაზაურსა (62) და ბექა ბერძენიშვილზეც (+100) დადებითად ისაუბრა, ზოგიერთმა გამომსვლელმა კი ხაზი გუნდში არსებულ მეგობრულ ატმოსფეროსაც გაუსვა.

თურმე სპორტსმენები საკუთარივით განიცდიდნენ თანაგუნდელთა გამოსვლას და სხვის გამარჯვებაზე სიხარულის ცრემლებიც ყოფილა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული