ქართულ სამბოს უცხოეთში დიდად აფასებენ - ინტერვიუ ავთანდილ ცინცაძესთან

AutoSharing Option
ცოტა ხნის წინათ საქართველომ საერთაშორისო ტურნირებს უმასპინძლა სამბოში დიდებსა და ახალგაზრდებს შორის, სადაც განსაკუთრებული წარმატებით ქართველი სამბისტები გამოვიდნენ. მალე ჭაბუკთა და ახალგაზრდული ნაკრებები რუმინეთში გასამართავ მსოფლიოს ჩემპიონატზე გაემგზავრებიან. მომდევნო თვეში ამავე რანგის შეჯიბრება დიდებსაც ელით. ყველა ამ ნაკრებმა, საკმაოდ წარმატებით იასპარეზა წლეულს გაზაფხულზე გამართულ ევროპის ჩემპიონატზეც.

რით არიან კმაყოფილნი და რა მიმართულებითაა სამუშაო ქართულ სამბოში, ამაზე საქართველოს სამბოს ფედერაციის პრეზიდენტს ავთანდილ ცინცაძეს ვესაუბრეთ.

- წლეულს საქართველოში გამართულ საერთაშორისო შეჯიბრებებზე მონაწილე ქვეყნების რაოდენობა გაზრდილი იყო, მაგრამ გუნდები თუ იყო ძლიერი სპორტსმენებით
წარმოდგენილი?

- განსაკუთრებით მრავლად არჩილ ჩოხელის მემორიალზე გვესტუმრნენ უცხოელები. შესაძლოა მათი გუნდები უძლიერესი შემადგენლობით არ ყოფილა დაკომპლექტებული, მაგრამ ყველა ქვეყნის გუნდში იყო ერთი ტიტულოვანი სპორტსმენი მაინც. მაგალითად 100 კგ-ში ჩვენს მსოფლიოს ჩემპიონს დავით ლორიაშვილს ფინალში რუსმა დიმიტრი ელისეევმა სძლია.

- ჩოხელის მემორიალს წლეულს "ბ" კატეგორია ჰქონდა მინიჭებული. რა კრიტერიუმების გათვალისწინებით ხდება მისი მინიჭება და ეცდებით თუ არა აღნიშნული შეჯიბრებისთვის რანგის კიდევ უფრო მომატებას?
- საერთაშორისო ფედერაციამ გაითვალისწინა ქართული სამბოს წარმატებები და ტრადიციები, აგრეთვე ის, რომ მხარში გვედგა ჩვენი ქვეყნის სპორტის სამინისტრო ტურნირის მაღალ დონეზე ორგანიზებაში. ღონისძიება მართლაც მაღალ დონზე იყო ორგანიზებული. კმაყოფილი დარჩა მსოფლიო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ილიადისი, რომელიც უშუალოდ ადევენებდა თვალს ასპარეზობას.

გვაქვს ამბიცია, რომ მომავალში, ამ ტურნირს "ა" კატეგორიაც მიენიჭოს. საბოლოო მიზანი კი ჩოხელის მემორიალისთვის მსოფლიოს თასის სტატუსის მინიჭება იქნება.

- ტურნირის შემდეგ სამსაჯო სემინარიც ჩატარდა...
- დიახ, ქართველი მსაჯებისთვის ეს მეტად ნაყოფიერი სემინარი გამოდგა. ჩვენი ფედერაციაც მკაცრად ეკიდება აღნიშნულ საკითხს, გვინდა მსაჯობის დონე საქართველოში შესამჩნევად გაიზარდოს. ქვეყნის ჩემპიონატებს მხოლოდ სერტიფიცირებული არბიტრები უნდა სჯიდნენ. ამასთან, სურვილი გვაქვს, რომ მათ საერთაშორისო კატეგორიაც მიიღონ და მნიშვნელოვან საერთაშორისო შეჯიბრებებზეც შეძლონ თავის წარმოჩენა. ამ მიმართულებით ბევრი გვაქვს გამოსასწორებელი და სამუშაო, რომელსაც უთუოდ მივხედავთ, ხარვეზებზე თვალს არასოდეს დავხუჭავთ.

- ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებს აქვთ საკმარისი პიროებები დიდი შეჯიბრებებისათვის რიგიანად მოსამზადებლად?
- უფროსთა ნაკრები როგორც ევროპის, ისე მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სამზადისში სამ-სამ შეკრებას გადის. უშუალოდ ჩემპიონატების წინ ასაკობივი ნაკრებებიც ყოველთვის გადიან სრულფასოვან შეკრებებს. ვაძლევთ მათ მაღალი რანგის საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობის მიღების საშუალებას. -

- ქალთა სამბოს განვითარების დონით კმაყოფილი ხართ?
- ნინო ოძელაშვილმა ქართული სამბოს ისტორიაში პირველად დიდებში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. გვყავს მედალოსნებიც. ეს ყოველივე ქალთა სამბოს განვითარებაზე მეტყველებს, მაგრამ არ იფიქროთ თითქოს ამაზე გაჩერებას ვაპირებდეთ. ვცდილობთ სამბისტ გოგონებს კიდევ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი.

- რეგიონებში განსაკუთრებით რა მიმართულებითაა სამუშაო?
- კმაყოფილი ვართ რეგიონებში სამბოს განვითარებით. სპორტსმენების მიღწევებით, როგორც შიდა, ისე საერთაშორიოს ასპარეზზე. რეგიონებს პერიოდულად ვამარაგებთ სავარჯიშოდ საჭირო ინვენტარით. FIAშ-დან მომავალშიც გვპირდებიან ინვენტარის გადმოცემას და ამ საჩუქარს ისევ რეგიონებში მოქმედ დარბაზებს გადავცემთ.

აქვე დავამატებ, რომ გაზაფხულზე კონტინენტის ჩემპიონატის შემდეგ გამართული ევროპის სამბოს ფედერაციიის პრეზიდენტის და გამგეობის არჩევენებზე, გამგეობაში ამირჩიეს. ფედერაციაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას საკუთარი ხმის უფლების ქონა ცალსახად კარგი საქმეა. ერთ-ერთი კომიტეტის ხელმძღვანელია სამბოს ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი სოსო ლიპარტელიანი. ქართულ სამბოს უცხოეთში დიდად აფასებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული