ლევან ცაგურია: სუმოისტს არ შეუძლია იქონიოს მობილური და ვერც საჭესთან დაჯდება

AutoSharing Option
21 დეკემბერს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ვეტერანი ქართველი სუმოისტი კოკაი-ლევან ცაგურია გულშემატკივრებს შეხვდა.

შეხვედრას კიდევ ერთი ქართველი სუმოისტი, გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი), სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძე და სუმოს ფედერაციის პრეზიდენტი თენგიზ რუხაძეც დაესწრნენ.

შეხვედრა სუმოს გულშემატკივართა კლუბის ხელმძღვანელის, ამირან ურუშაძის თაოსნობით გაიმართა.

კოკაიმ სექტემბრის ბაშოზე ტრავმა მიიღო, რის გამოც ტურნირზე ასპარეზობა ვეღარ შეძლო, რამდენიმე დღეში კი კარიერის დასრულებაც გადაწყვიტა. თებერვალში სუმოდან კოკაის ოფიციალური გაცილების ცერემონიალი გაიმართება.

ლევან ცაგურია პირველი ევროპელია, რომელმაც ძიურეს
თანრიგს მიაღწია. მისი დებიუტი პროფესიულ ლიგაში 2001 წელს შედგა.

"ყველას დიდ მადლობას გიხდით დღევანდელი შეხვედრისთვის. ქომაგების მხარდაჭერას მთელი კარიერის მანძილზე ვგრძნობდი და ძალიან მიხარია, რომ ნელ-ნელა ჩემს სამშობლოშიც ბევრმა შეიყვარა სუმო.

ბედნიერი ვარ, რომ საქართველო-იაპონიის ურთიერთობებში მცირე წვლილი მეც შევიტანე.

ბავშვობაში სუმოს უცხოური არხებით ვადევნებდი თვალს და მაშინ დავინტერესდი სპორტის ამ სახეობით.

მოგვიანებით ჩემს უფროს მეგობარს, ლევან ებანოიძეს დავუკავშირდი, რომლის დახმარებითაც იაპონიაში აღმოვჩნდი და ვარჯიში დავიწყე.

სიმართლე გითხრათ, სუმოს გამო ბევრ რამეზე ვთქვი უარი, თუმცა ეს ნაბიჯი არასდროს მინანია.

პროფესიონალი სუმოისტი გარკვეულწილად შეზღუდულია. მაგალითად, არ შეუძლია იქონიოს მობილური ტელეფონი, ვერ დაჯდება საჭესთან... მიუხედავად ყველაფრისა. ვთვლი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე.

რა თქმა უნდა, მსურს, რომ სპორტის ეს სახეობა საქართველოშიც განვითარდეს, მაგრამ ეს ორ და სამ თვეში არ მოხდება და არც მხოლოდ სურვილი კმარა. საჭიროა კლუბების ჩამოყალიბება, ინფრასტრუქტურის განვითარება, სპორტსმენებს მუდმივად სჭირდებათ პრაქტიკა...

კარიერის დასრულება ტრავმის გამო გადავწყვიტე. სექტემბერში დავშავდი, ტრავმა მსუბუქი არ აღმოჩნდა და მეც სუმოდან წასვლა გადავწყვიტე. 2 თებერვალს ოფიციალურად გამაცილებენ - თმის შეჭრის შემდეგ,"
- განაცხადა კოკაიმ.

"თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლევანი და თეიმურაზი საქართველოს საუკეთესო ელჩები არიან იაპონიაში.

ბევრ პოლიტიკოსს გაუჭირდება უცხოეთში ქვეყნის სახელის ისე წარმოჩენა, როგორც ეს კოკაიმ და გაგამარუმ შეძლეს. ამისთვის ისინი მხოლოდ მადლობას იმსახურებენ."
- განაცხადა მინისტრმა ლევან ყიფიანმა.

msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
რატო არ შეილება სუმოისტმა დაჯდეს საჭესთან ან იქონიოს ტელეფონი?
roini
17:24 21-12-2012
0
პასუხი როინს – სუმოისტმა უნდა იცხოვროს ძველი ტრადიციების მიხედვით (მარტივი პასუხი).
ჯუ
18:33 22-12-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული