ქართველმა სუმოისტებმა ევროპის ჩემპიონატზე 11 ჯილდო მოიპოვეს

AutoSharing Option
17 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ სუმოისტთა ევროპის ჩემპიონატში, რომელიც გერმანიის ქალაქ პონიცში გაიმართა. ამ შეჯიბრებაში საქართველოს 5-მა სპორტსმენმა სხვადასხვა სინჯის 11 ჯილდო დაიმსახურა.

ავთანდილ ცერცვაძე 12 წელიწადია, სუმოში სცდის ძალებს საერთაშორისო სარბიელზე. იგი ევროპის ჩემპიონი (2009 წ.) და მრავალგზის პრიზიორია.

ამჯერად გერმანიაში მეორედ მოიპოვა კონტინენტის ჩემპიონის ოქროს მედალი აბსოლუტურ წონით კატეგორიაში, სადაც ქართული ფინალი გაიმართა.

ცერცვაძემ ზედიზედ დაამარცხა ნიკოლაი ნიკოლოვი (ბულგარეთი), ნეილ სკოტი (დიდი ბრიტანეთი), ჯონ ფოსი (ნორვეგია), სტილიან გეორგიევი (ბულგარეთი) და გადამწყვეტ პაექრობაში პატრიკ სვენსენის (ნორვეგია), ტოდორ ძუროვისა და ივან
კაშაკოვის (ორივე - ბულგარეთი) მძლეველ თანაგუნდელს - ლევან ბერიანიძეს აჯობა.

მათი დუელი ამით არ დამთავრებულა - მძიმე წონის (+115) ფინალშიც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ოღონდ იქ როლები შეიცვალა: ლევან ბერიანიძემ, რომელმაც თავისუფალი ჭიდაობიდან წელიც არ არის, რაც სუმოში გადმოინაცვლა და დებიუტი ჰქონდა ევროპის ჩემპიონატზე, იოლად მოუგო ფრედ კოპენს (გერმანია), ფარგი ანდერსენს (ნორვეგია), ჰალტონ ალსადის (ჰოლანდია) და შარშანდელ ევროპის ჩემპიონ ხრისტო ხრისტოვს (ბულგარეთი).

ცერცვაძემ ფინალამდე ივან კაშაკოვი (ბულგარეთი), ფლორიან ევერტი (გერმანია) და დავიდ ნემეში (უნგრეთი) დაჯაბნა.

ოქროსთვის ქართველთა დაპირისპირება ამჯერად ბერიანიძის გამარჯვებით დამთავრდა, მეორე ადგილი ცერცვაძეს ერგო. ჩემპიონატის ვერცხლის მედალი ქართველებმა გუნდურშიც აიღეს.

საქართველოს სუმოს კავშირის პრეზიდენტმა თენგიზ რუხაძემ გვითხრა, რომ საქართველოს უფროსთა ნაკრებში მხოლოდ ორი წარმომადგენელი იყო. ამიტომ გუნდურისთვის ორი წევრი ახალგაზრდებიდან დაიმატეს - გიგა გელაშვილი და ზაზა ხუბულური.

ჩვენებმა ბრიტანელებსა და ნორვეგიელებს კი აჯობეს, მაგრამ ფინალი ჰოლანდიელებთან დათმეს.

სამაგიეროდ, გიგამ და ზაზამ ოქროს მედლები 18-წლიანებში მოიპოვეს. გელაშვილმა მძიმე წონაში (+100) დავიდ ბარველს (ინგლისი), შოით ლონგს (უნგრეთი), დანიელ ნენოვს (ბულგარეთი) აჯობა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა, ხუბულურმა კი ფინალში გადასასვლელი სწორედ ნენოვთან წააგო და მე-3 ადგილს დასჯერდა. სამაგიეროდ, აბსოლუტურში იყო შეუდარებელი - გადამწყვეტ პაექრობაში თანაგუნდელ გიგა გელაშვილს სძლია.

ამ წონაში ბრინჯაოს მედალი შოთა სულთანიშვილს ერგო. ახალგაზრდა ქართველმა სუმოისტებმა გუნდურში უნგრეთი (3:0), ნორვეგია (2:1), ჰოლანდია (3:0) დაამარცხეს და პირველი ადგილი დაიკავეს.

საგულისხმოა, რომ სუმოისტთა კონტინენტის პირველობის დამთავრების შემდეგ სპორტის ამ სახეობის ევროპის ფედერაციის კონგრესი გაიმართა. პრეზიდენტის პოსტზე უნგრელი შტეფან კარალიკი ინგლისელმა პეტერ კეტელპუტმა შეცვალა. თენგიზ რუხაძე პირველ ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.

ქართველი სუმოისტები ახლა ახალი შეჯიბრებისთვის ემზადებიან: 18-22 აპრილს ვარშავაში 21 და 23-წლამდელთა ევროპის პირველობები გაიმართება. იქვე გაირკვევა იმ სუმოისტთა ვინაობაც, რომლებიც ევროპის სახელით სანკტ-პეტერბურგში არაოლიმპიურ სახეობათა მსოფლიოს თამაშებში იასპარეზებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული