ინდოეთის ლიგა: ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა თავის ტიტულებს ერთიც მიამატა

AutoSharing Option
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (57) თავის მრავალრიცხოვან ტიტულებს ერთიც მიუმატა - ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ინდოეთის საკლუბო ლიგის გამარჯვებული გახდა.

19 იანვარს გამართული ფინალური პაექრობა ძალიან წარმატებული გამოდგა როგორც ლადოსთვის, ასევე მისი კლუბისთვის - "პენჯაბ როიალსისთვის". პენჯაბელებმა აქამდე წაუგებლად მოასპარეზე "ჰარიანა ჰამერსი" 5:4-ზე წააქციეს.

არადა, ფავორიტად "ჰარიანა" მიიჩნეოდა, ვინც პრო-ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ხუთივე შეხვედრა მოიგო და ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერავინ გაუწია. მათ შორის, ვერც "პენჯაბმა" რომელიც მათთან 2:5 დამარცხდა. ხინჩეგაშვილმა ინდური ლიგის ამ გათამაშებაში ერთადერთი მარცხი მაშინ იწვნია ინდოელ სანდეეპ ტომართან, ვისაც
ახლა დამაჯერებელი რევანში აუღო - 3:0. მის ანგარიშზე 6 მოგებაა 7 შეხვედრიდან.

ამ სეზონში ხინჩეგაშვილმა ნაკრებში ხომ მთავარი - ოლიმპიური მწვერვალი დაიპყრო, საკლუბო ასპარეზზეც უდიდესი გამარჯვებები მოიპოვა: გახდა ირანის ჩემპიონი, ამერიკული "ტიტან მერკურის" შემადგენლობაში კი მსოფლიოს საკლუბო თასზე გაიმარჯვა, რასაც ახლა ეს წარმატებაც დაურთო. მას მხოლოდ გერმანულ ბუნდესლიგაში მოეცარა ხელი, სადაც ნახევარფინალში დამარცხდა.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ თავის დროზე ინდოეთის ლიგის აუქციონზე სწორედ ხინჩეგაშვილი გახდა ყველაზე ძვირადღირებული უცხოელი - 70 580 დოლარად შეიძინეს პენჯაბელებმა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გილოცავ და მრავალი გამარჯვება გეზეიმოს
ალიკა
07:53 20-01-2017
0

სიახლეები პოპულარული