"ლადო ხინჩეგაშვილი სულით სპორტსმენია, სხვანაირი ადამიანი..."

AutoSharing Option
ბერძენ-რომაელთა შემდეგ, სომხურ წახკაძორში ჩვენი თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიც გაემგზავრა მთავარ მწვრთნელ გიორგი იანტბელიძის ხელმძღვანელობით.

მათ უკვე ჩაატარეს საქართველოს ჩემპიონატი, გამოავლინეს წლევანდელი მედალოსნები და ის ბირთვიც, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის გააგრძელებს მზადებას.

როგორ შეირჩევა მაისის დასაწყისში სერბეთში ჩასატარებელ კონტინენტის პირველობაზე წამსვლელი 8 კაცი, როგორ მოემზადება გუნდი ამ მნიშვნელოვანი ტურნირისთვის, სად და რა ეტაპებს გაივლის საამისოდ - სომხეთში გამგზავრების წინ. აი, ამ და სხვა საყურადღებო საკითხებზე ვესაუბრეთ იანტბელიძეს, ვისაც რთული მემკვიდრეობა ერგო - ვარსკვლავური ნაკრები, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონობამდე აწეული თამასა, მედლებით
განებივრებული რეალობა, რომელსაც ღირსეულად გაგრძელება უნდა.

- რა გაჩვენათ ამ ჩემპიონატმა, რაზე უნდა იმუშაოთ ევროპის ჩემპიონატამდე დარჩენილ დროში?
- ჩემპიონატმა ჩვენი მოლოდინი გაამართლა და იმ ფალავნებმა გაიმარჯვეს, ვისგანაც ამას ველოდით. ყველამ ისე იჭიდავა, როგორც ვფიქრობდით და არ ყოფილა ისეთი რამ, რომ ვიღაცამ სიურპრიზი შემოგვთავაზა ან ვიღაცამ შემთხვევით გაიმარჯვა. ასეთი რამე არ ყოფილა და ყველას კარგად ვიცნობთ. შეიძლება, მწვრთნელისა და სპორტსმენის ურთიერთობის თვალსაზრისით, ჯერ იმდენად კარგად არ ვიცნობ, რადგან სულ ერთი შეკრება გავიარეთ ერთად, მაგრამ როგორც სპორტსმენს, ყველას ვიცნობთ.

ჩემპიონატმა კარგად ჩაიარა და საერთო დონეც კარგი იყო. შარშანდელთან შედარებით, წლევანდელი პირველობა უფრო მაღალ დონეზე ჩატარდა, უფრო დაძაბული იყო და ბიჭებიც უფრო მონდომებით იბრძოდნენ. მონაწილეობა ყველამ მიიღო, დასვენების უფლება არავის არ ჰქონდა.

თავიდან თითქოს დასვენება გადაწყვიტა ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, მაგრამ ამ შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატსაც გამოტოვებდა, თუმცა ამაზეც თანახმა იყო - ცოტას დავისვენებო, მაგრამ საბოლოოდ მაინც გადაწყვიტა გამოსვლა. თან, ფორმაშიც ვერ იყო - ჩემპიონატის წინ გაცივდა, მაღალი სიცხეები ჰქონდა, მაგრამ მაინც შეძლო ჭიდაობა და თავად ნახეთ, რაოდენ მაღალ დონეზე იასპარეზა, იდეალურად გამოვიდა, მართლა პროფესორივით იჭიდავა.

ის სულით სპორტსმენია, სხვანაირი ადამიანი. მსგავსი პროფესიონალი ბევრი ყოფილა, მაგრამ ეს სულ სხვა ადამიანია, ყველასგან გამორჩეული. ის სპორტით და ჭიდაობით ცოცხლობს. როცა საჭიდაოდ გადის, ჭიდაობით სიამოვნებას იღებს.

ევროპის ჩემპიონატამდე დარჩენილ დროში ეტაპობრივად მივყვებით დასახულ გეგმას. გვაქვს საერთო გეგმა, თუმცა შეკრებებზე შევხედავთ, ვის რა დასჭირდება და ამის მიხედვით ინდივიდუალურსაც შევადგენთ. საერთო გეგმა კი ასეთია: ჯერ დავიწყებთ ფიზიკური მომზადებიდან, მერე კი თანდათან გადავალთ ტექნიკურისკენ - ჯერ შერეულ შეკრებას გავაკეთებთ, ბოლო ეტაპი კი მთლიანად ლეიბზე ვარჯიშს დაეთმობა.

- ჩემპიონატი მართლაც მაღალი დონისა გამოდგა, მაგრამ თუ გამოარჩევთ ვინმეს, ვინც ყველაზე მეტად გამოიჩინა თავი?
- არ შეიძლება, ხინჩეგაშვილის ჭიდაობა არ აღვნიშნოთ, რომელმაც უნაკლოდ იასპარეზა და ფინალური ორთაბრძოლა ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა, სადაც მეტოქეს არანაირი შანსი არ მისცა. თუმცა ვიმეორებ, რომ ყველამ კარგად იჭიდავა და თავისი მაქსიმუმი ჩადო. არ მინდა, ვინმე გამომრჩეს, მაგრამ 57-შიც კარგად გამოვიდა ოთარ გოგავა, ზურაბ იაკობაშვილმაც მაღალ დონეზე იჭიდავა და ყველამ კარგად იასპარეზა.

მხოლოდ 74-ში შეიცვალა შარშანდელი ლიდერი - იაკობ მაქარაშვილმა ავთანდილ კენჭაძესთან წააგო. კენჭაძე შედარებით ახალგაზრდა სპორტსმენია, მაგრამ უკვე საკმაოდ გამოცდილია - ნაჭიდავები აქვს ეროვნულ ნაკრებში, ახალგაზრდებში ევროპის პრიზიორია და ჭიდაობის სამყარო მას კარგად იცნობს.

- ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების რა ეტაპებს გაივლით?
- ორ დღეში სომხეთის მაღალმთიან კურორტ წახკაძორში, ოლიმპიურ ბაზაზე დავიწყებთ ფიზიკურ მომზადებას. იქ ყურადღება უმეტესად გადატანილი იქნება მთლიანად "ფიზიკაზე", თუმცა გვექნება ვარჯიშები სისწრაფეზე და რამდენიმე - ლეიბზეც. ამის შემდეგ დაბრუნდებით საქართველოში და ბორჯომში გავივლით მეორე შეკრებას, რომელიც შერეული ტიპისა იქნება ანუ ფიზიკური და ლეიბის ერთდროულად. იქ გადავწყვეტთ, ვის სჭირდება სატურნირო დატვირთვა და ვინ უნდა მიიღოს მონაწილეობა ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირში.

იქ ყველა არ იჭიდავებს, ხოლო ზოგმა, შეიძლება, წონა არ დაიკლოს და ზედა წონაში იასპარეზოს. ეს იქნება სტარტი ევროპის ჩემპიონატისთვის, იქამდე მეტ ტურნირში აღარ გამოვალთ, რადგან მსოფლიოს თასზეც გამოვედით. ის ცოტა ადრე ჩაატარეს, რამაც გეგმები აგვირ-დაგვირია და სხვაგან ვეღარ გამოვედით, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ჩვენებს შეჯიბრებები აკლიათ - ბევრმა საკლუბო ტურნირებში იასპარეზა, ვინც იქ ვერ გამოვიდა და მსოფლიოს თასზე წავიყვანეთ, აქეთ საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა, რომელიც ძალიან ძლიერი ტურნირი იყო. ვფიქრობ, შეჯიბრებები მათთვის საკმარისია.

- საქართველოს ჩემპიონებმა საბოლოოდ გაინაღდეს ევროპის ჩემპიონატზე წასვლა, თუ ჯერ კიდევ გრძელდება შერჩევის პროცესი?
- ჭაბუკთა ნაკრების ეროვნულთან შედარება არ შეიძლება, მაგრამ იქ როცა ვმუშაობდი, ბიჭებს ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ ჩემპიონს ევროპის ჩემპიონატზე წასვლის მეტი უპირატესობა აქვს, თუმცა მეორე და მესამე ნომერმა მაქსიმუმი უნდა გააკეთოთ და თუ დაგვანახვებთ, რომ იმას ჯობხართ, მაშინ მოხდება ცვლილება-მეთქი. ეროვნულ ნაკრებშიც ასე იქნება - თუ მეორე და მესამე ნომერი შეძლებს დაწინაურებას, შანსი მიეცემა.

ევროპის ჩემპიონატამდე ორი თვეა დარჩენილი, წინ შეკრებებია და ყველაფერს შევხედავთ. წახკაძორშიც იმავეს ვეტყვი ბიჭებს - ჩემპიონებს უპირატესობა კი ექნებათ, მაგრამ ადგილი გარანტირებული არავის აქვს. თავისი შესაძლებლობები ყველამ უნდა აჩვენოს 100 პროცენტით. შანსი და მოტივაცია ნებისმიერს უნდა ჰქონდეს, რომ მეტი მოინდომოს, ასეთ კონკურენციაში კი ის ლიდერიც ძლიერდება.

მაიმედებს, რომ გუნდი დისციპლინირებულია და ბიჭებმა თავისით იციან, რა უნდა გააკეთონ. ჭაბუკებში მუშაობა ბევრად უფრო რთულია, რადგან მათ ყველაფერი უნდა ასწავლო - ილეთიც, ჭიდაობაც, ადგომაც, დისციპლინაც, რეჟიმიც, უფროსებმა კი ეს უკვე იციან. ბორჯომში შეკრებაზე ყოფნისას ყველა დროულად მოდიოდა დარბაზში. დაგვიანების მხოლოდ ერთადერთი შემთხვევა იყო და ისიც უნებლიედ მოუვიდა, თორემ მეტად არავის დაურღვევია რეჟიმი. საღამოს 11-ის ნახევარზე ამხელა კაცები პატარა ბავშვებივით, თავისი ინიციატივით უკვე ოთახებში შედიოდნენ და 11-ზე ყველას ტელევიზორი გამორთული ჰქონდათ, რადგან უნდა დაეძინათ.

- ევროპის ჩემპიონატის მონაწილენი საქართველოს ჩემპიონატის მიხედვით გამოვლინდნენ, მაგრამ მსოფლიოსთვის შესარჩევი რომელი შეჯიბრება იქნება?
- ჭიდაობის ფედერაციას გადაწყვეტილი აქვს, აღადგინოს ვახტანგ ბალავაძის და გივი კარტოზიას სახელობის ტურნირი. მსოფლიოსთვის შესარჩევიც ის იქნება, თუმცა ევროპის ჩემპიონატზეც დავაკვირდებით, ვინ როგორ გამოავლენს თავის შესაძლებლობებს.

- 61 კილოგრამში ორი ძალიან მაღალი დონის ფალავანია - ხინჩეგაშვილი და მსოფლიოს ფინალისტი ბექა ლომთაძე. ხომ არ გეგმავთ, რომ საევროპოდ რომელიმეს 57-ში დააკლებინოთ?
- ამ ეტაპზე ეს ვარიანტი არ განიხილება, არავის დაკლებაზე არა საუბარი. ხინჩეგაშვილს ისედაც გადაწყვეტილი აქვს, რომ ამ წონაში დამკვიდრდეს. ვნახოთ, მსოფლიოსთვის რა იქნება - ამას მერე გადავწყვიტავთ, როცა დავსხდებით და გავაანალიზებთ ყველაფერს.

ლომთაძე ძალიან კარგი სპორტსმენია, კარგი მოჭიდავეა, უწესიერესი პიროვნება, მაგრამ ცხოვრება ასეთია. ძალიან ცუდია, ისინი ერთ წონაში რომ არიან, თორემ სხვადასხვა წონებში რომ ყოფილიყვნენ, ორივე ლიდერი იქნებოდა. ამ ეტაპზე ხინჩეგაშვილი უფრო ძლიერია და ევროპის ჩემპიონატზეც ის იასპარეზებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული