U23. ევროპის ჩემპიონატის წინ: აქაც გენო პეტრიაშვილის იმედად

AutoSharing Option
თავისუფალი სტილით მოჭიდავე 23-წლიანთა ნაკრები დღეს დაამთავრებს დასკვნით შეკრებას ბორჯომში, ზეგ კი უნგრულ სომბათჰეიში გაფრინდება, სადაც თანატოლთა ევროპის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.

ნაკრების ახალდანიშნულ მთავარ მწვრთნელ ზურაბ ჭიღლაძეს ექსპერიმენტებისთვის არ მიუმართავს და უნგრეთში ამ ასაკში საქართველოს ჩემპიონები მიჰყავს.

"თავისუფალთაგან" თავდაპირველად - 28 მარტს ტურნირში 57, 65, 74 და 97 კილოგრამების ფალავნები იჭიდავებენ, ხოლო დანარჩენი კვარტეტი მეორე დღეს, 29-ში იასპარეზებს მედლებისთვის.

ეს ტურნირი მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი იქნება ჭიღლაძისთვის, გუნდი კი საკმაოდ გამოცდილი მიჰყავს. მისი უდავო ლიდერი ევროპის მძიმეწონოსანი ჩემპიონი, მსოფლიოსა და
ოლიმპიური მესამეპრიზიორი გენო პეტრიაშვილია, თუმცა ავთანდილ კენჭაძე (74) და ირაკლი მწითური (86) უკვე ეროვნული ნაკრების ლიდერები არიან.

რაც შეეხებათ "ბერძენ-რომაელებს", დასკვნით შეკრებას ისინიც ბორჯომში გადიან და მათთანაც მხოლოდ საქართველოს 23-წლიანთა პირველობის გამარჯვებულები გამოვლენ, თუმცა ისინი შეკრებას 28 მარტს დაამთავრებენ, სომბათჰეიში კი 30-ში გაფრინდებიან, რადგან 31-ში აწონვაა და 1-2 აპრილს ჭიდაობენ.

დასასრულ, გეტყვით, რომ 23-წლიანთა ევროპის ჩემპიონატს არც ისე ხანგრძლივი ისტორია აქვს - მხოლოდ მესამედ ტარდება, წლეულს კი პირველად გაიმართება მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელსაც 21-26 ნოემბერს პოლონური ბუდგოჟცი უმასპინძლებს.

თავისუფალი ჭიდაობა. 23-წლიანები:
57 კგ. რამაზ თურმანიძე (აჭარა)
61 კგ. შოთა ფარტენაძე (აჭარა)
65 კგ. ივერიკო ჯულაყიძე (სამტრედია)
70 კგ. მირზა სხულუხია (ქუთაისი)
74 კგ. ავთანდილ კენჭაძე (ამბროლაური)
86 კგ. ირაკლი მწითური (თბილისი)
97 კგ. გივი მაჭარაშვილი (მცხეთა)
125 კგ. გენო პეტრიაშვილი (გორი)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული