ტურნირის პირველ დღეს - ხუთშაბათს ჩვენი ჭაბუკი "ბერძენ-რომაელების" წარმატების შესახებ უკვე გაცნობეთ - ხვიჩა ქორიძის გუნდმა პირად პირველობაში 11 მედალი (2 ოქრო, 4 ვერცხლი და 2 ბრინჯაო) და გუნდური მესამე ადგილი მოიპოვა.
- ბ/რ ჭიდაობა. ბაქოს ტურნირი: წარმატებული დასაწყისი
საბედნიეროდ, ჩვენი ნაკრებები მომდევნო დღეებშიც დიდი წარმატებით გამოვიდნენ ამ საკმაოდ ძლიერ ტურნირში.
თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკებმა 4 მედალი და ასევე გუნდური მესამე ადგილი
ტურნირის ვიცე-ჩემპიონი ამბროლაურელი მძიმეწონოსანი ჭაბუკი გამყრელიძე გახდა, ვინც ფინალური პაექრობა ირანელ ალი რეზა აბდოლახისთან დათმო. გამყრელიძესთან ერთად ამ წონაში კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე თბილისელი სოლომონ მანაშვილიც დადგა, ხოლო მისი ძმა ვლადიმერ გამყრელიძე ასევე მესამეზე გავიდა, ოღონდ - 54 კილოგრამში.
კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი ჩვენს გუნდს გორელმა გიორგი გეგელაშვილმა (46) მოუტანა. აღსანიშნავია, რომ ამ გუნდში უმეტესობა ზედა წონაში გამოდიოდა.
ჩვენმა ახალგაზრდულმა გუნდებმა ბაქოში გამოსვლა პირად პირველობაში ერთნაირი შედეგით - 8-8 მედლით დაასრულეს. საინტერესოა, რომ ხარისხობრივი მაჩვენებელიც აბსოლუტურად ერთნაირია - თითო ოქრო, ორ-ორი ვერცხლი და ხუთ-ხუთი ბრინჯაო. განსხვავება მხოლოდ გუნდურ ჩათვლაშია, სადაც თავისუფალი სტილით მოჭიდავეები მეორეზე გავიდნენ, "ბერძენ-რომაელები" - მესამეზე.
გელა საღირაშვილის ხელმძღვანელობით მოჭიდავე "თავისუფლებში" ჩემპიონი ამბროლაურელი ავთანდილ კენჭაძე (74) გახდა, მეორეზე კი სამტრედიელები - გოგა ძიგუა (50) და ედემი ბოლქვაძე (60) გავიდნენ. მესამე საპრიზო ადგილზე ერთბაშად სამი სამტრედიელი გავიდა - ივერიკო ჯულაყიძე, შმაგი თოდუა (ორივე - 66) და დემურ მეგენეიშვილი (84), აგრეთვე, აჭარელი ალეკო ღოღობერიძე (50) და ხაშურელი თორნიკე კვინიკაძე (74).
კენჭაძემ ფინალურ პაექრობაში მასპინძელი ისმაილ აბდულაევი დაამარცხა, რისთვისაც რევანში აიღო ძიგუას და ბოლქვაძის წაგებების გამო, რომლებმაც აზერბაიჯანელებთან დათმეს ფინალური პაექრობები: პირველმა - შახინ მუხტაროვთან, მეორემ - ალი რახიმზადესთან. გუნდურ ჩათვლაში მხოლოდ აზერბაიჯანმა გაგვისწრო, მესამეზე კი უზბეკეთი გავიდა.
სოსო ჯაბიძის დამოძღვრილმა "ბერძენ-რომაელებმა" ბაქოდან 1 ოქრო, 2 ვერცხლი და 5 ბრინჯაო წამოიღეს. ჩემპიონი ხობელი ნუგზარ წურწუმია გახდა 55 კილოგრამში, ხოლო ფინალში თბილისელი რამაზ სილაგავა (50) და ბორჯომელი თემურ ჭკუასელიძე (84) დამარცხდნენ.
ბრინჯაოს მედლებს ოზურგეთელები - შოთა ღლონტი (50), გიორგი გუჯაბიძე (66), გარდაბნელი ბექა მამუკაშვილი (74), ქუთაისელი გურამ ხეცურიანი (84) და თერჯოლელი ბექა მაკარიძე (125) დაეუფლნენ.
ამ დღეს პირველად მოხდა, როცა ჩვენს ფალავანს ფინალში მეტოქედ მასპინძელი არ ჰყავდა - წურწუმიამ ყაზახი დიაის კურსებაი დაამარცხა. სამაგიეროდ, ჩვენმა სხვა ფინალისტებმა წააგეს მასპინძლებთან - სილაგავამ რაშად აბდულოვთან დათმო, ჭკუასელიძემ - არიფ ნიფტულაევთან. გუნდურ ჩათვლაში აქაც აზერბაიჯანმა და ირანმა გაგვისწრეს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"