პოლონეთის ტურნირი: ქართველთა პოლონური გამოფენა - 3 ოქრო და 7 ბრინჯაო

AutoSharing Option
პოლონეთის საერთაშორისო ტურნირში წარმატებით გამოვიდნენ ჩვენი მოჭიდავეები, რომლებმაც ჯამში 10 მედალი მოიპოვეს - 3 ოქრო და 7 ბრინჯაო.

უფრო წარმატებით თავისუფალი სტილის ფალავნებმა იასპარეზეს ვაცლავ ციოლკოვსკის მემორიალში, სადაც 2 ოქრო და 5 ბრინჯაო დაისაკუთრეს. ჩემპიონები ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (61) და ზურაბ იაკობიშვილი (70) გახდნენ, მესამეზე კი ბექა ლომთაძე (61), ავთანდილ კენჭაძე (74), დავით ხუციშვილი (86), ელიზბარ ოდიკაძე (97) და გიორგი მეშვილდიშვილი (125) გავიდნენ.

ბერძენ-რომაელებმა ვლადისლავ პეტლიასინსკის მემორიალში 1 ოქრო და 2 ბრინჯაო ირგუნეს. ჩემპიონი ლევან არაბული (130) გახდა, ბრინჯაოს კი შმაგი
ბოლქვაძე
(71) და რობერტ კობლიაშვილი (85) დაეპატრონნენ.

ხინჩეგაშვილის თავისუფალი "ფრენა"
ხინჩეგაშვილმა ვარშავაში კიდევ ერთხელ გაიბრწყინა და შანსი არ დაუტოვა არავის. ის იმდენად კარგ ფორმაშია, ოლიმპიადა ახლავე რომ ტარდებოდეს, უკონკურენტოდ მოიგებდა. თუმცა გვჯერა, მისი გამოცდილების კაცი 2020 წლის თამაშებსაც ფორმის პიკში შეხვდება და მწვრთნელთა დახმარებით დროის ფაქტორს წარმატებით დაძლევს.

ის და ევროპის ფინალისტი ბექა ლომთაძე ამჯერად ერთმანეთს არ შეხვედრიან, თუმცა ხინჩეგაშვილმა შედეგითაც გაუსწრო და თან ფინალში პირწმინდად დაჩაგრა მისი მომგები მოლდოველი ანდრეი პერპელიტა. ერთი სიტყვით, ევროპის სამგზის, ოლიმპიურმა და მსოფლიოს ჩემპიონმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, ვინაა ამ წონაში ჩვენი ნაკრების ლიდერი.

თუმცა არა მარტო ჩვენი ნაკრების... მართალია, პერპელიტა არაა ამ წონის ლიდერი და ხინჩეგაშვილმა წლეულს უკვე მეორედ მოუგო მას - მაისში ევროპის ჩემპიონატზეც სძლია 9:5, მაგრამ ეს კაცი არც ისე ხელწამოსაკრავია: ევროპის წლევანდელი მესამე პრიზიორია, წინა წლებშიც მოუპოვებია ამ ტურნირის მედლები და მსოფლიოზეც უჭიდავია ბრინჯაოსთვის. თანაც, მეეჭვება, ვინმემ მასთან ასე იოლად მოიგოს, ხინჩეგაშვილმა კი 10:0 მოუგო. განსაკუთრებით ეფექტური მეორე გდება იყო: დგომში კარგად შეეკრა "ჯვარზე", ასწია და ზურგს უკან გადააგდო 4-ქულიანზე.

ქართველმა ფალავანმა სხვა მეტოქეებიც იოლად დაჯაბნა: პოლონელ დავიდ რომანოვიჩს ორ პერიოდში 10:0 მოუგო, ხოლო 23-წლიანებში ბულგარელთა ევროპის ვიცე-ჩემპიონ დიმიტარ ივანოვს პირველივე პერიოდში 11:0 აჯობა. ნახევარფინალი ჩვენებურმა ჩვეული სცენარით დაიწყო: პირველი პერიოდი 1:2 წააგო ყაზახ საიატბეკ ორასოვთან, მაგრამ მეორეში 5:0 აჯობა.

ლომთაძემ თავდაპირველად ყაზახ მადიარ ბურკანს 14:4 მოუგო, ბელარუს ჰუსეინ შახბანაუსთან პირველი პერიოდი 0:4 წააგო, მაგრამ მეორეში 14 უპასუხო ქულა აართვა და 14:4 მოუგო, რასაც პერპელიტასთან მარცხი მოჰყვა. არადა, პირველი პერიოდი ჩვენებურმა 8:6 მოიგო, თუმცა მეორე 2:12 დათმო. ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ლომთაძემ ყაზახი ტიმურ აიტკულოვი დაჯაბნა: 3:4; 5:0.

მშვენივრად იჭიდავა ევროპის წლევანდელმა მესამე პრიზიორმა ზურაბ იაკობიშვილმა იმის მიუხედავად, რომ ამჯერად არ დაიკლო და ზედა წონაში, 70-ში გამოვიდა: ყველას დამაჯერებლად მოუგო და ჩემპიონი გახდა, ამ წონის ლიდერი, ევროპის ფინალისტი დავით ტლაშაძე კი მეხუთეზე დარჩა. თან აღსანიშნავია, რომ ფინალში იაკობიშვილმა უპრობლემოდ, 9:3; 4:4 ანუ ორი სეტის ჯამში 13:7 მოუგო რუს მაგომედ კუდიამაგომედოვს, ვინც მანამდე ტლაშაძეს 9:8 აჯობა. მართალია, ტლაშაძემ ბოლომდე კი იბრძოლა და მეორე პერიოდში 8:7 იმარჯვა, მაგრამ პირველში 0:2 ჰქონდა წაგებული და საბოლოოდ მაინც სანუგეშო წრეში მოუხდა გადანაცვლება.

იაკობიშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპზე ფინელი ჯერე კუნასი 2:1; 6:0 დაამარცხა, შემდეგ მოლდოველ მიხაილ სავას 5:1 მოუგო, ნახევარფინალში კი ყაზახ აკჟურეკ ტანატაროვს არ დაუტოვა შანსი: 5:2.

ტლაშაძემ რუსთან წაგებამდე ყაზახ ზულფიკარ მახმატოვთან თანაბარ ბრძოლაში დამატებითი მაჩვენებლებით იმარჯვა: 2:4; 4:2, დამამშვიდებლის ფინალში კი ბულგარელ ნიკოლაი კურტევთან 4:5 წააგო.

ამ ტურნირს კონკურენცია ჩვენს გუნდში ყველაზე მეტად 86 კილოგრამში ჰქონდა გადასაწყვეტი, სადაც დავით ხუციშვილი და ირაკლი მწითური გამოდიოდნენ. იყო ჯუმბერ ყველაშვილიც, მაგრამ მას წონა არ დააკლებინეს, თორემ 74-ის მოჭიდავეა. ამ ტრიოდან მედალი მხოლოდ ხუციშვილმა მოიპოვა ანუ აჯობა კონკურენტს. მანვე გაიმარჯვა ბალავაძის ტურნირზეც და ახლანდელი წარმატებით უფრო განიმტკიცა ფავორიტის იმიჯი.

ხუციშვილს პირველ წრეში ბელარუსის სახელით მოჭიდავე რომან ჩიტაძე არ გამოუცხადდა, მერე კი პოლონელთა ლიდერსა და მომავალ ფინალისტ ზბიგნევ ბარანოვსკისთან 1:2 დათმო. ამასობაში მწითურმა პოლონელი სებასტიან იეზირზანსკი გააგდო - 4:2, მაგრამ 1:6 წააგო ყაზახ აზამატ დაულატბეკოვთან, ვინც მანამდე ყველაშვილი დაამარცხა. ჩვენი სამეულიდან სანუგეშოში მხოლოდ ხუციშვილი გადავიდა, რადგან იმათი მომგები ყაზახი ფინალამდე დამარცხდა. იქ ხუციშვილმა ჯერ მოლდოველ დენის ბალაურს 1:1-ზე ბოლო ქულის წესით აჯობა, ბრინჯაოსთვის პაექრობაში კი გერმანელ ახმედ დუდაროვს 6:3 მოუგო.

ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, ევროპის ფინალისტი ელიზბარ ოდიკაძეც და მისი კონკურენტი ნაკრებში მამუკა კორძაიაც ერთ ფალავანთან დამარცხდნენ - ყაზახთა მომავალ ფინალისტ მამედ იბრაგიმოვთან. კორძაიამ მანამდე ესტონელ რაგნარ კაასიკის ორივე პერიოდში 4-4 უპასუხო ქულა აართვა, ოდიკაძემ კი ორი შეხვედრა მოიგო: ყაზახ იერალი აბდრაშევს პირველივე პერიოდში 10 ქულა აართვა, მოლდოველთა ევროპის მედალოსან ნიკოლაი ცებანთან პირველი პერიოდი 2:4 კი დათმო, მაგრამ მეორეში 7:0 მოუგო. ის ყაზახთანაც თანაბარ ბრძოლაში, დამატებითი მაჩვენებლებით დამარცხდა, თორემ შეხვედრა 4:4 დასრულდა, მეტოქეებმა თითო პერიოდი მოიგეს ოთხქულიანი უპირატესობით. იბრაგიმოვთან კორძაიამაც მინიმალური სხვაობით წააგო - 3:4. ყაზახს ქართველების გარდა, სხვებთან არც უჭიდავია და ამიტომ დამამშვიდებელში ჩვენები ერთმანეთს შეხვდნენ, სადაც ფავორიტად ისედაც ოდიკაძე მიიჩნეოდა და კორძაიას არ უჭიდავია.

კონკურენციის თვალსაზრისით, საინტერესოდ განვითარდა მოვლენები 74 კილოგრამში, სადაც ორივე ჩვენებურმა ბრინჯაოსთვის იჭიდავა, თუმცა ერთმა მოიპოვა - ავთანდილ კენჭაძემ. მან პირველ წრეში რუსი იგორ ზერეგენკოვი 10:2 დაამარცხა, ზურაბ ერბოწონაშვილმა კი ფინელი ჰენრი სელენიუსი 5:4 დაჯაბნა. მეორე წრეშიც ორივემ მოიგო: კენჭაძემ სვეტოსლავ დიმიტროვთან 6:2 იმარჯვა, ერბოწონაშვილმა - 11:2 ყაზახ აიდარ ბალდანბაევთან. ჩვენები ნახევარფინალში დამარცხდნენ: კენჭაძემ ყაზახ ზიგერ ზაკიროვთან 0:9 წააგო, ერბოწონაშვილმა კი ბელარუსთა მომავალ ჩემპიონ ალი შაბანაუსთან 0:10 დათმო. ბრინჯაოსთვის პაექრობაში კენჭაძემ წმინდად, 10:0 მოუგო გერმანელ კუბილაუ ჩაკიჩს, ერბოწონაშვილმა კი ყაზახ გალიმჟან უზერბაევთან 1:6 დათმო. აქ საინტერესო ვითარება შეიქმნა: ბალავაძის ტურნირზე ერბოწონაშვილმა აჯობა ყველას, ახლა კი კენჭაძემ აჩვენა უკეთესი შედეგი.

ჩვენმა ნაკრებმა კიდევ ერთი მედალი მძიმე წონაში მოიპოვა: მეშვილდიშვილმა პოლონელთა ლიდერ რობერტ ბარანთან 4:1 მოგების შემდეგ უნგრელთა მომავალ ჩემპიონ დანიელ ლიგეტისთან 0:4 დათმო, სანუგეშოში კი ბელარუსი ვიტალი პისნიაკი არ გამოუცხადდა, ხოლო პოლონელ კამილ კოსციოლეკს 5:0; 2:0 მოუგო.

გიორგი იანტბელიძის გუნდიდან ნახევარფინალში ბექა ბუჯიაშვილიც (57) გავიდა, იქამდე კი ორი საკმაოდ ძლიერი კონკურენტი დაამარცხა: ბელარუსთა დაღესტნელი ლეგიონერი ასადულა ლაჩინოვი (5:3) და ყაზახი რასულ კალიევი (10:0). ამის შემდეგ ჯერ ისევ ყაზახ ჟანდოს ისმაილოვთან წააგო (1:9), მერე კი ბულგარელ ვლადიმირ დუბოვთან 3:9 დათმო ბრინჯაოსთვის პაექრობა.

65 კილოგრამში მონაწილე არ გვყავდა.

ბერძნულ-რომაული ტრიო
ბერძენ-რომაელებმა სამი მედალი მოიპოვეს: 1 ოქრო და 2 ბრინჯაო. მომეჩვენა, რომ არაბული ევროპის ჩემპიონატზე უფრო ძლიერი და შეუჩერებელი იყო, თუმცა ურიგოდ არც ახლა გამოსულა და ზედმეტი გართულებების გარეშე გაიმარჯვა.

თავიდან მან ორჯერ იმარჯვა წმინდად: პოლონელ მატეუშ კარეცინსკის და უნგრელთა ევროპის წლევანდელ ფინალისტ ბალინტ ლამს ერთნაირი ანგარიშით, 8:0 აჯობა, გერმანელ ედუარდ პოპთან კი 3:0 იმარჯვა. ნახევარფინალში კვლავაც 8:0 აჯობა ბელარუსთა ქართველ ევროპის მედალოსან იოსებ ჩუგოშვილს, ფინალში კი 4:1 მოუგო ლიტველ მანტას კნისტაუტასს. აქ ჩვენებურმა გდება ერთხელ გააკეთა, ერთხელ მეტოქე წრიდან გაიყვანა, ერთი ქულა კი ლიტველის პასიურობისთვის მიიღო.

ევროპისა და ოლიმპიადის მედალოსან ბოლქვაძისთვის ეს ტურნირი მორიგი გამოცდა იყო, რომელიც კარტოზიას მემორიალის მსგავსად, წარმატებით ჩააბარა. უკვე იმის თქმაც შეიძლება, რომ მან ოპერაციის შემდგომი სარეაბილიტაციო პერიოდიც წარმატებით გაიარა, ახალ წონაში ადაპტაციაც შეძლო და აქაც მზადაა მედლისთვის საბრძოლველად. მან ძირითად ბადეში ერთ პაექრობაში - ლატვიელ ნიკიტა მასიუკთან 3:1; 4:0 იმარჯვა, მერე კი მასავით ქვედა წონიდან ამონაცვლებულ გერმანელთა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ ფრენკ სტაბლერთან დამარცხდა: 0:8.

სტაბლერმა მანამდე რამაზ ზოიძეც დაგვიმარცხა (3:0), მერე კი სულაც ჩემპიონი გახდა და ჩვენებიც სანუგეშოში გადაერთვნენ. ცხადია, იქ პირველივე წრეში ერთმანეთს შეხვდნენ და, კარტოზიას ტურნირის მსგავსად, ამჯერადაც ბოლქვაძემ იმარჯვა: 1:1; 2:0. შემდეგ ბოლქვაძემ ხორვატი დანიელ იანიჩეჩიც დაჯაბნა და იაპონელი ტაკეში იზუმიც.

კობლიაშვილი პირველივე წრეში უნგრელთა ევროპის ჩემპიონსა და ამ შეჯიბრების მომავალ გამარჯვებულ ვიქტორ ლორინცთან 1:4 დამარცხდა, სანუგეშოში კი ბელარუს ჯავიდ ჰამზათაუს და გერმანელთა ოლიმპიურ პრიზიორ დენის კუდლას ერთნაირი ანგარიშით, 2:0 სძლია, ბრინჯაოსთვის პაექრობაში კი ივან ჰუკლეკი 3:0 დაჯაბნა.

ბექა როყვას სხვა შეგირდები: გოგა გოგიბერაშვილი (71), მინდია წულუკიძე და გელა ბოლქვაძე (ორივე - 80) ამჯერად უმედლოდ დარჩნენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ახალგაზრდებში ბერძნულ-რომაულ სტილის მოჭიდავეებს ჰყავთ უძლიერესი სამწვრთნელო შტაბი!!!! ხოლო დიდების ბერძნულ-რომაულით სტილის მოჭიდავეებს ჰყავთ არაფრის მომტანი სამწვრთნელო შტაბი!!!!
zviadi
12:04 10-07-2017
0

სიახლეები პოპულარული