გია კვინიკაძე: ნეტავ ჩემს შეგირდებს დიდობაშიც ვწვრთნიდე

AutoSharing Option
ხაშურის თავისუფალი ჭიდაობის აღზრდილები ბოლო ხანს წარმატებით არა მხოლოდ შინაურ, არამედ საერთაშორისო არენაზეც გამოდიან.

ახლახან ამ ქალაქში კადეტ მოჭიდავეთა შორის გამართულ საერთაშორისო ტურნირზე, ხაშურელთა მწვრთნელს გია კვინიკაძეს ვესაუბრეთ.

- ხაშურის თავისუფალი ჭიდაობის სექცია ოთხი ათეულ წელს მოითვლის. დაარსებიდან მას მამაჩემი ვახტანგ კვინიკაძე ხელმძღვანელობდა. მე კი 20 წლის წინათ, ფიზკულტურის ინსტიტუტში სწავლის შემდეგ დავიწყე მწვრთნელობა და ბოლო  რამდენიმე წელიწადია სექციას სათავეში ჩავუდექი.

ერთობლივი მუშაობით აღვზარდეთ რამდენიმე ევროპის პრიზიორი ჭაბუკთა და ახალგაზრდებს შორის. ადრე თუ საქართველოში ძირითადად ჭაბუკებში გვქონდა შედეგები, ორი წელიწადია
ახალგაზრდებშიც გამოჩნდნენ ჩემპიონი და პრიზიორები. დღესდღეობით ჩვენი გამორჩეული მოჭიდავეები არიან ლაშა და გიორგი ტალახაძეები, ლევან ქელეხსაშვილი, დავით ბუზიაშვილი, კაკი მოწონელიძე. ოჯახურ საჭიდაო ტრადიციას მე იმ მხრივაც ვაგრძელებ, რომ შვილიც ამ სახეობაზე ვარჯიშობს და თავის ასაკში წარმატებებიც არ აკლია.

- რა რაოდენობის კონტიგენტთან და რამდენი სპეციალისტით გიწევთ მუშაობა?
- სამი ასაკობრივი ჯგუფი გვყავს, რომელთაც მხოლოდ მე და მამაჩემი ვწვრთნით. მამა ყველაზე უმცროსებს ავარჯიშებს, მე შედარებით უფროსებს. მივიღე შემოთავაზება და ახლა უკვე ქარელის სასპორტო სკოლის თავისუფალი ჭიდაობის სექციაშიც ვმუშაობ.

- დარბაზით თუ ხართ კმაყოფილი?
- წლების განმავლობაში ხაშურის სასპორტო სკოლის შენობის დარბაზში ვმუშაობდით, რომელიც ახალს ნამდვილად სჯობს. დარბაზი ურბნისისა და რუისის ეპარქიის კუთვნილ შენობაშია. უკვე ხუთიოდე წელიწადია აქ ვართ. ფართი გაცილებით დიდია და შეჯიბრებისთვის სამი ხალიჩის გაშლაც შესაძლებელია.

- ვახტანგ კვინიკაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე რას იტყვით?
- ტურნირზე სისტემატიურად გვსტუმრობენ აზერბაიჯანელი და სომეხი მოჭიდავეები. წლეულს, მაგალითად, სომხეთიდან სულაც სამი სხვადასხვა ქალაქის გუნდი იყო ჩამოსული, აზერბაიჯანიდან ერთი. ამავე მეზობელ ქვეყნებს ანალოგიურ შეჯიბრებებზე ჩვენც ვსტუმრობთ. სატურნირო გამოცდილბის მიღება ძალიან ძვირფასია.

- ფინანსური მხარდაჭერა თუ გაქვთ?
- ბიუჯეტის თანხა ყველა ტურნირზე გამოსასვლელად საკმარისი არა არის, მაგრამ ადრინდელ დაფინანსებაზე მეტია. როცა არ გვყოფნის, საკუთარი ხარჯებით გავდივართ ფონს.

- რა გინდათ რომ შეიცვალოს თქვენს საქმიანობაში ისეთი, რასაც დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებით?
- საჭიროდ მიმაჩნია, რომ როდესაც რომელიმე ნაკრებში ამა, თუ მწვრთნელს ორი, ან სამი თავისი მოჭიდავე ჰყავს, კონტინენტის, თუ მსოფლიოს ჩემპიონატებზე გუნდთან ერთად ისიც იყოს. პირადმა მწვრთნელმა შეგირდის ყოველი ნიუანსი იცის და მისი ყოფნა მხოლოდ დადებითად წაადგება სპორტსმენს. ცხადია, კარგად მესმის, რომ თითოეულ სპორტსმენს თავის მწვრთნელი ვერ გაჰყვება. ერთზე მეტი მოჭიდავის გუნდში ყოფნა კი უკვე სხვაა. გარდა ამისა, ნატვრად მაქვს ჩემ აღზრდილ სპორტსმენს სკოლის ასაკის მერეც ვწვრთნიდე. როცა მოჭიდავე სწავლას (ძირითადად თბილისში) უმაღლეს სასწავლებელში აგრძელებს, იქვე აგრძელებს დაოსტატებას და ჩვენ სულაც გვშორდება. მეტიც, როდესაც წარმატებას აღწევს, თითქმის აღარსად მოიხსენიება ხოლმე ამ ფალავანის აღზრდაში თავგადაკლული ადამიანის ნაღვაწი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული